1905 წლის ოქტომბერი
ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ, როცა გურიის გლეხთა რაზმებმა ოზურგეთის მაზრის უფროსის, ლაზარენკოს რაზმები დაამარცხა 1905 წლის 20 ოქტომბერს, ლაზარენკოს დასახმარებლად 22 ოქტომბერს ოზურგეთიდან ნასაკირალისკენ დაიძრა ოზურგეთის გარნიზონის ორი ბატალიონი (150 პლასტუნი)
ნასაკირალისკენ მიმავალმა პლასტუნებმა მოკლეს 65 წლის მოხუცი, კოჭლი პავლე დვალიშვილი, რომელიც ოზურგეთიდან ერთი ვერსის მანძილზე თავის ეზოში წყაროზე პირს იბანდა. სოფელ დვაბზუში მათ გადაწვეს მილიციის პრაპორშჩიკი, 2 წმინდა გიორგის ჯვარის მქონე აზნაური ჯარისპან ღლონტის სახლი. თავად სახლის პატრონი, 60 წლის მოხუცი ჯარისპანი სახლში გამოკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს როგორც ოდას, ისე სამზადს, სეფას და სასიმინდეს და განაგრძეს გზა ნასაკირალისკენ. საბედნიეროდ ჯარისპანმა გამოამტვრია ფანჯარა და თავს უშველა, მაგრამ ცეცხლი ვეღარ შეაჩერა.
„როცა ოზურგეთის გარნიზონმა გაიგო ნასაკირალზე შეტაკების ამბავი, მთელი სამხედრო ძალებით საბრძოლველად მომზადებულმა ნასაკირალისკენ გაეშურა. გზაში არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გარნიზონი შეუერთდა „ნაცხავატევზე“ დამწყვდეულ ლაზარენკოს რაზმს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. დაბრუნებულებმა დასწვეს სოფელი დვაბზუს მოსახლეობის სახლკარი. ვინც კი ხელში მოხვდებოდათ უმოწყალოდ სცემდნენ - აპატიმრებდნენ“
ნასაკირალიდან ოზურგეთისკენ დაბრუნებულმა ლაზარენკოს რაზმა გზად 6 ვერსის მანძილზე გადაწვა ყველაფერი დიდი შარის პირად. ეს არის ამჟამინდელი ოზურგეთი-ჩოხატაურის საავტომობილო გზა და აღმაშენებლის ქუჩა ქალაქ ოზურგეთში.
გაზეთი „ცნობის ფურცელი“:
ოზურგეთისკენ მიმავალ პლასტუნებს გზა და გზა გადაუწვავთ 120 სახლი თვისის კარმიდამოებით. ყველაფერი გზაზე აუოხრებიათ. ზარალი 100 000 მანეთს აღემატება წარმოუდგენლად საზარელი სურათია.
განადგურება ასე სრულდებოდა: წინ გარბოდა 20-30 პლასტუნი, სახლს თოფებს ესროდნენ, მერე შიგ შევარდებოდნენ და ამსხვრევდნენ ყველაფერს, რაც მოეწონებოდათ, თან მიჰქონდათ. წინა ჯგუფს მოსდევდა მეორე ჯგუფი ნავთით, მაზუთით და ასანთით. იატაკზე აგროვებდნენ საბან-ლეიბ ბალიშებს, ასხამდნენ ნავთს და აძლევდნენ ცეცხლს. ასეთი წვა გაგრძელდა დილის 12 საათიდან ნაშუადღევის 4 საათამდე
გაზეთი „ივერია“:
…გახიზნულებმა მიაშურეს გომის მთას და შემოქმედის მონასტრიდან დასცქერიან, თუ როგორ იწვის მათი სახლ კარი …ურემი ურემს მისდევს, ხიზანი ხიზანს ემატება. სოფელ გომში, ერთი მოსახლისას თოთხმეტმა ოჯახმა შეაფარა თავი. მასპინძლები გულღიად ხვდეიან, ნუგეშს არ აკლებენ....
როცა პლასტუნები ოზურგეთში ჩავიდნენ საღამოს 5 საათი იყო. პლასტუნები ქალაქში ნადავლით და გამარჯვების ზალპით შევიდნენ. გაზეთ „ივერიის“ ცნობით დამწვარი იყო 90 შენობა და უსახლკაროდ დარჩენილი იყო 46 მოსახლე.
ქალაქისა და ახლომახლო სოფლების მცხოვრებლები შიშის ზარმა შეიპყრო, ვაითუ ღამით დარბევა გაგრძელდესო. იმ ღამესვე მიღებული იქნა თავდაცვითი ზომები, მოწვეული იქნა გლეხების შეიარაღებული რაზმები, გაჩნდა სახალხო პატრულები, ცოცხალი ტელეგრაფები და სხვა. უკვე რამდენიმე დღეში დაარსდა დაზარალებულთა დამხმარე კომიტეტი, რომელიც აგროვებდა შემოწირულობებს დამწვარ-აოხრებულთა ოჯახებისთვის. გურულთა დასახმარებლად მოწოდებებს ავრცელებდნენ გაზეთები „ივერია“ და „ცნობის ფურცელი“
Comments
Post a Comment