იისტორიული ამბავი
ვუძღვნი კნ ელეონორა გურიელისას
გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიაში" 1902 წელს NN 176-177
როდესაც მთავარ-მართებელმა ტორმაჩოვმა იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს დღე არ მოუსვენა და ღამე, რომ დეპუტაციის გაგზავნა რუსეთის ხელმწიფესთან, რაც შეიძლება, დაეჩქარებინა, სოლომონ მეფემ ახალი ხელშეკრულობა მოსთხოვა ხელმწიფეს და, სხვათა შორის, ისიც ჩაუწერა, რომ "მათის იმპერატორებითის უდიდებულესობის მოწყალებით იმერეთის სამეფო ჩემს ხელში უნდა იქმნესო და ჩემს სიკვდილის შემდეგ ჩემის შვილებისა და შთამომავლობის ხელშიო. ჩემის მემკვიდრეების ტახტზედ ასვლის დამტკიცება რუსეთის ხელმწიფის ნება უნდა იყოსო. გურია იმერეთის ნაწილია და ნურასოდეს ნურც განაშორებენო."
როგორც ეს მუხლი ახალის ხელშეკრულობისა, ისე მთელი ეს ხელშეკრულობა არ იქმნა შეწყნარებული, რადგან მთავარ-მართებელი ტორმასოვი არ დაეთანხმა ძველ ხელშეკრულობის შეშლას.
ამ დროს გურიას, თუმცა იმერეთის ნაწილად ითვლებოდა, გული უფრო ოსმალეთისაკენ ჰქონდა და არა იმერეთისაკენ. ოსმალეთი სულ ახლოს ესაზღვრებოდა გურიას. გურიის მთავრებიც დიდს პატივისცემაში ჰყავდათ ოსმალებს, თუმცა გურულებს არაფრად მოსწონდათ ოსმალების ზნე-ჩვეულება, სარწმუნოება და ხასიათი.
ყველაზედ უწინ გურიის მთავარმა სიმონ გურიელმა მოიფიქრა ოსმალეთის ქვეშევრდომობისაგან განთავისუფლება და რუსეთის ხელმწიფის კალთებ ქვეშ თავის შეფარება; შემდეგ მისის სიკვდილისა მეუღლე მისმა კნ. მარინე გურიელისამ და შვილმა მამია სვიმონის ძემ გურიელმა მაშინდელ მთავარ-მართებელს მოსვენება არ მისცეს, ბარათს ბარათზედ სწერდნენ და ემუდარებოდნენ, რომ ეკისრა შუამდგომლობა რუსეთის დიდ ხელმწიფის წინაშე და გურიის სამთავრო თავის მფარველობის ქვეშ მიეღო.
"ახლა-კი თამამად შემიძლია ვსთქვა, რომ ჩემს "აპუწულ" საქმეებს და არეულს სამთავროს რამე ეშველება" სწერდა მამია სვიმონის ძე გურიელი ტორმასოვს 15 დეკემბერს 1809 წელს: "რადგან ღონისძიება მოვიპოვე და თქვენამდის მოვაღწიე, სრული იმედი მაქვს, რომ გულ-მოდგინედ მოისმენთ ჩემს სათხოვარს და ჯეროვან რჩევას მომცემთ, რათა ჩემი სურვილები შევისრულო. საქმე ის არის, თქფვენო აღმატებულებავ, რომ ოდესმე, შემთხვევით იყო თუ სხვაფრივ, ჩვენ ჩავვარდით ოსმალეთის ხელში და, როგორც მორჩილი, ვემსახურებოდით, ნებისა და სურვილისამებრ მათისა. ამგვარ მორჩილებისა და ერთგულ სამსახურისთვის არც ჩვენ ვიყავით მათგან უყურადღებოდ. მონიჭებული გვქონდა თავადობა, მთავრობა და ამის დაგვარ შესაფერისი მთავრის მანტია, კვერთხი და მახვილი. ვიწოდებოდით ისეთსავე მთავრებათ, როგორც მეგრელიისა დადიანი ანუ ათაბაგნი. მაგრამ მათი პატივისცემა და მონიჭებული დიდება ჩვენთვის ფარადაც არ ჰღირდა, რადგან ურწმუნო ხალხთან კავშირი ჩვენს სარწმუნოებას და ზნე-ჩვეულებას ჩირქს სცხებდა და ამის გამო დიდს გაჭირვებასა და მწუხარებაში ვიყავით. ამ დროს დიდის რუსეთის ხელმწიფის გულ-უხვმა მოწყალებამ ჩვენი გული სიხარულის გრძნობით აღავსო და გაბრწყინვალდა იმ იმედების სხივით, რომ ეს უხვი მოწყალება ჩვენამდისაც მოაწევდა და, ადრე თუ გვიან, ქართლ-კახეთის მზგავსად, ჩვენც თავის მოწყალე მფარველობის კალთებ ქვეშ შეგვიკედლებდა. სწორედ ამ იმედებით ვიყავით აღფრთოვანებული, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, შევიტყეთ იმერეთის მეფის სოლომონ II სიჯიუტე და უარყოფა, დეპუტაციას არ გავგზავნიო. ამით ჩვენს წელმოწყვეტილნი დავრჩით, რადგან ვფიქრობდით იმერეთთან ერთად გურიასაც ეშველებოდა რამე; ახლა იმერეთის მეფე სოლომონი, თუმცა ყოველ დღე გვირჩევს რუსთის წინააღმდეგობას და ოსმალეთის მიკედლებას, მაგრამ მე ჩემს სიცოცხლეში ამის შესრულება არ შემიძლიან... რადგან თქვენთან ერთი სარწმუნოება გვაერთებს, ამისათვის მე გადავწყვიტე ჩემის მამულით, სამთავროით, შვილით და შთამომავლობით შემოვეკედლო თქვენს ხელმწიფეს, შევიქნე მისი ქვეშევრდომი, მხოლოდ იმავე დიდებით და სახელით, როგორათაც დღესა ვარ და ვიმყოფები. უნდა მექმნეს მთავრის ხარისხი, როგორც მე, ისე ჩემს შთამომავალს; ამასთან იგივე პატივი და დიდება უნდა მექმნეს ჩემს სამთავროში, როგორითაც დღემდის ვიყავი, ან ვარ. თუ ამ გვარის პირობით თქვენი ხელმწიფე მიმიღებს, მე დიდის სიამოვნებით დავთანხმდები და ფიცით დაგიდებთ ხელწერილს, რომ როგორც მე, ისე ჩემი შვილი და მომავალი, სრული ერთგული და მორჩილი ქვეშევრდომი ვიქნებით დიდის რუსეთის ხელმწიფის ალექსანდრე I–სა. თუ ჩვენის დამოკიდებულების შესახებ გნებავთ იცოდეთ რამე, უნდა მოგახსენოთ, რომ მე, გარდა ოსმალეთისა, არვის მორჩილი არ ვყოფილვარ. თამარ მეფის დროიდგან დაწყებული დღემდის მე ისეთსავე მთავრის სახელით ვფლობდი გურიას, როგორითაც სამეგრელოში დადიანი. ამისათვის გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ,რომ მიიღოთ ჩემი ქვეყანაც თქვენის ხელმწიფის მფარველობის ქვეშ და ამით მომცეთ შემთხვევა ერთხელ კიდევ ვაქო და ვადიდო კაცთმოყვარეობა და მრავალმოწყალება დიდებულ რუსეთის ხელმწიფისა."
ამგვარის შინაარსის წერილი რამდენჯერმე მისწერა თ. მამიამ და დედა მისმა კნ. მარინემ გენერალ ტორმასოვს, რომელმაც პოლიტიკით ისეთი სახე აჩვენა, რომ თითქო უმაღლეს მთავრობისთვის ეგ თქვენი სურვილი არაფერი სახარბიელოაო; თუმცა-კი გულში, იცოცხლეთ, დიდად მოხარული იყო, გურიის სამთავრო ასე უსისხლოდ და უომრად თავის ხელმწიფით მფარველობის ქვეშე მიეღო. ამიტომაც იყო, რომ ისეთის ცბიერებისა და ტკბილის სიტყვებით გაავსო საპასუხოდ მიწერილი ბარათი.
"თქვენის ბარათების პასუხად ის უნდა მოგახსენოთ, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ შერიფ-ფაშას საწინააღმდეგო ომში თქვენი სიმარჯვე და ერთგულება ჩვენ დღესაც თვალწინ გვიდგია და რუსეთის მართებლობა თავის დღეში ამას არ დაივიწყებს", სწერდა მამიას ტორმასოვი. "დიდებულის რუსეთის ხელმწიფე ამ გვარ ღვაწლს თავის ქვეშევრდომისას არასოდეს არ დაჰსტოვებს ჯეროვნად დაუჯილდოვებელს. ამ გვარის სიმამაცისა და ერთგულობისათვის ჩემ მიერ უკვე წარდგენილი ხართ და მიიღებთ კიდეც შესაფერ ჯილდოს. რაიცა შეეხება თქვენს დამოუკიდებლობას იმერეთთან, ამაში დარწმუნებული იყავით, რომ დიდებული რუსეთის ხელმწიფე დიდის სიამოვნებით მიგიღებთ თავისს მფარველობის ქვეშ ცალკე თქვენ, რათა ამით კიდევ უფრო განამტკიცოს მართლ-მადიდებელი სარწმუნოება გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში. ამის წინააღმდეგ ხელმწიფეს არაფერი არ ექნება და ნამდვილ მიღებულ იქმნებით ისე და იმ უფლებით, როგორც სამეგრელოს სამთავრო და დადიანების ოჯახი იქმნა მიღებული რუსეთისაგან. ამ გვარმა ტკბილმა სიტყვებმა მამია უფრო გაახარა და სიხარულით აღტაცებულმა მიართვა რუსეთის ელმწიფეს ალექსანდრე პირველს ასეთი თხოვნა: 1) ვინაიდგან მივანდე თავნი ჩვენნი ტახტსა უდიდებულესისა დიდისა რუსეთისასა და ვაჩვენე ერთგულება ყოვლით ჩემით სამფლობელოთი აღებასა ზედა ფოთის ციხისასა და არა ვრიდე სახლისა ჩემისა დათხევად უკუნქცევისათვის ტრაპიზონის სარასქრის შერიფ-ფაშისა და ყოვლის ძალით დავემონე ტახტსა რუსეთისასა საუკუნოდ, ამისათვის ითხოვს დიდი თავადი მამია გურიელი, რათა არა მოეღო მას და საუკუნოდ მონათესავესა მისსა მთავრობა გურიისა და ერნიცა მისნი ითხოვენ საზოგადოდ, რათა არა მიეტაცის მათ თავისი მემკვიდრე მთავარი და არა იქმნან ყოველთა მცნობელთაგან დაწუნებულ და მეზობელთაგან საზიზღარ. II მე, მიმნდობელი თავისა ჩემისა ყოვლის ღონის ძიებით, შუამდგომლობითა და მის მიერ წინააღრჩევითის მიზეზის ჩვენებითა უფლის საქართველოს უპირატეს მთავარ-მართებელს ალექსანდრე პეტროვიჩის ტორმასოვისათა, ვითხოვ ყოვლად უმდაბლესად, რათა მე და ყოველთა ჩემთა შემდგომთა მონათესავეთა გურიის მემკვიდრეთა გამოგვიცხადებდეს მისის უდიდებულესობის ჩემის ხელმწიფის ნებათა და ბრძანებათა საქართველოს უპირატესი მმართებელი და მის მიერითა ბრძანებითა აღვასრულებდეთ მებრძოლისა ჩვენისა მსახურებათა და გარდა მისსა არა იყოს მმართებელი ჩვენი არავინ კაცთაგან ქვეყნისა ამის გინა აზიისა და თვინიერ მისის უდიდებულესობის ხელმწიფობისა გვაქვნდეს ქვეყანასა ჩვენსა თავისუფლება, ვითარცა ცხად ჰყოფს ძველი წერილი პორტის სულთნისა და ყოველთაგან ცნობილ არს ჩვენი თავისუფლება ჟამთა საქართველოს მეფეთათა
III კვალად თხოვნა მესამე ჩვენი, რათა ყოველთა ზედა მიფენილი საღმრთოებრი მოწყალება მისი მოიწიოს ჩემზედა და მოწყალებითა მისითა მოგვეცეს შემწეობა მის მიერ ძლიერი და აღმოვიგოთ მამა-პაპათა ჩვენდა სამკვიდრონი სოფელნი, რომელნიც უპყრიესთ ოსმალთა სოფელნი ჩვენნი და კვალად სხვა იმერეთშიგან, თუმცა არღა იქმნას მეფობა ბაგრატიონთა და სხვათა მიეცესთ ძველი სამკვიდრონი მათნი, მებოძოს მეცა სამკვიდრო ჩემი სოფელი ჩემი საჯავახოსა ...
IV დასასრულ, ვითხოვ, რათა, თუმცა აზიურისა ჩვეულებითა ყმათა ჩვენთა ითხოვონ ჩემგან განვრდომა და თავისუფლება, არა მიენიჭოსთ მათ და, ოდეს ვითხოვო მე საქმისათვის სარგებლობა, გინა რომელისამე ციხის დაქცევისათვის, გინა ზღვისა ბოღაზისათვის, მომეცეს მე როტა ანუ ბატალიონი რაოდენსამე ჟამსა და აქვნდეს ბრძანება ამისი იმერეთსა შინა მყოფსა შეფსა, რომელთათვის ვიქმნე უკანასკნელი მონა მისი მარად განმზადებულ დათხევად სისხლთა ჩემთა მფარველობისა ქვეშე მისის უდიდებულესობისასა საუკუნოდ გამოუსვლელად. გურიელი მამია
II
ამ თხოვნასთან ერთად გაუგზავნა ტორმასოვს გურიელმა მისაღებ პირობის მუხლებიც, რომლითაც ითხოვდა რუსეთის ხელმწიფისაგან შემდგომს: 1) მე, ქვემორე ამისა ხელის მომწერელი თ. მამია სვიმონის ძე გურიელი, მფლობელი და მბრძანებელი მთელის გურიისა და მის კუთვნილ ყველა ქვეყნისა, დღეის დღიდგან, ფიცით ვიკვრი, რომ შემოუერთდე მთელის ჩემის ქვეყნებით დიდის რუსეთის ხელმწიფეს ალექსანდრე პავლეს ძეს და ვიყო მისი ბრძანების და ნების აღმსრულებელი 2) როგორც მე, ისე ჩემს შვილს და შთამომავლობას, ნება ექმნეს იწოდებოდნენ მთავრებად და ეძლეოდეს მათ დიდის რუსეთის ხელმწიფისაგან ღრამოტა 3) მთელი ჩემი ქვეყნები დაცული უნდა იქმნენ გარეშე მტრებისაგან რუსეთის მძლავრის და ყოვლად შემძლე ჯარისაგან, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე ჯარი მუდმივად აქ სცხოვრობდეს და იცავდეს ჩემს სამფლობელოს მტრებისაგან 4) როგორც მე ისე ჩემს შთამომავლობას, ნება უნდა გვექმნეს თავისუფლად მთავრობისა, ამასთან სრული ნება უნდა მექმნეს ღირსეულის ქვეშევრდომის დაჯილდოვებისა და უღირსის დასჯისა. რადგან მთავარ-მმართებელმა გენ. ტორმასოვმა გამომიცხადა, რომ სიკვდილით დასჯა ან სხეულის რომელისამე ნაწილის მოკვეთა დამნაშავეთა რუსეთის სახელმწიფოში არ არის შემოღებული, მაშინ ნება მექმნეს კაცის მკვლელს, ქურდს, ავაზაკს და მძარცველს სხვა სასჯელი მივსცე და გავასამართლო იგი სამხედრო სასამართლოით 5) მის იმპერატორებით უდიდებულესობის უხვის ხელის მოწყალებას ზოგიერთ შემოსავლის შესახებ არ ვიქმნე მოკლებული, ასე რომ, თუ ჩემს სამეფოში რაიმე ოქროსი ან ვერცხლის მადნები აღმოჩნდება, მათ დასამუშავლებლად რაიმე ქარხნები და ფაბრიკები გაიხსნება, შემოსავალში მეც ნაწილი ნუ დამეკარგება 6) თუმცა ჩემს სამფლობელოში მოწყალე ხელი მათის იმპერატორებითის უდიდებულესობისა რაიმე ქალაქს გააშენებს, იქიდგანაც მექნეს ნაწილი შემოსავლისა 7) პირობას ვსდებ, რომ ყოველივე ბრძანება როგორც მათის იმპერატორებითის უდიდებულესობისა, აგრეთვე აქაურ მთავარ-მართებლისა და სხვათა ჩვენთა უფროსთა კრძალვით მივიღო და წყნარად, ულაპარაკოდ შევასრულო 8) ჩემს სამფლობელოში უნდა იდგეს რუსის ჯარი, რომლის შესანახავად ვალდებული ვარ მივსცე: თივა, ქერი, ღომი და ყველა საჭირო საკვები სურსათი 9) თუ ჩვენს ტყეებში აღმოჩნდება ისეთი ხეები, რომელიც ხომალდების გასაკეთებლად ივარგებს, მაშინ არც მე და არც ჩემს შთამომავლობას არ გვექნეს ნება ამაში ფული ვითხოვოთ. მხოლოდ მუშის ფული, რაც ერგებათ, უნდა გადაიხადოთ და მასალას ჩემი ხალხი შავი ზღვის ნაპირას მოგიტანთ 11) თუმცა ჩემს სამფლობელოში თქვენის ხარჯით ბოღოზი გაკეთდება, მაშინ მეც ნაწილი უნდა მექნეს შემოსავალში და თუ არა, ნება მექნეს ვახდევინო ბაჟი მათ ისე, როგორც დღემდის ვახდევინებდი. ამასთან ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ თუ მათის იმპერატორებითის უდიდებულესობის მოწყალება იქნება ჩემს თავზედ, მაშინ ნიშნად ჩემის უფროსობისა ჩემ ქვეშევრდომთა იმედი მაქვს განსხვავებული ვიქნები ჩინით და მის კუთვნილ ხმლით, რომელსაც ამასთანავე ვითხოვ მომეცეს.
ამით თავდება ეს თხოვნა. ზედ აწერია ხელი თვითონ მამია სვიმონის ძის გურიელისა, რომელიც ამბობს, რომ ამ თხოვნას ხელის მოწერითა ჩემითა ვამტკიცებ მე და ვალდებულად ვხდი როგორც ჩემს თავს, ისე ჩემს შთამომავლობას, რომ ყველა აქ მოხსენებული მუხლი მტკიცედ და შეურყეველად იყოს დაცულიო. ეს თხოვნა არის დაწერილი და მამიასაგან ხელმოწერით დამტკიცებული 1810 წელს ივნისის 19-ს. ორივე ეს თხოვნა თ. მამიამ დასწერა და თავის ბიძის თ. ქაიხოსრო გურიელის ხელით გაუგზავნა გენ. ტორმასოვს, რომელმაც , მიიღო, წაიკითხა და სიამოვნებით აღვსილმა მისწერა თ. მამიას შემდეგი ბარათი: "თქვენო ბრწყინვალებავ! თქვენ მიერ გამოგზავნილი წერილი და მასთან თქვენი თხოვნა დიდის რუსეთის ხელმწიფის ქვეშევრდომობის შესახებ თქვენის ბიძის თ. ქაიხოსრო გურიელის ხელით უკვე მივიღე და დიდადაც ვისიამოვნე, რომ თქვენ მაგგვარ სწორ გზაზედ დამდგარხართ. სრული დარწმუნებული ვარ, რომ ეს მშვენიერი აზრი და გულახდილი თქვენი გრძნობანი შეწყნარებული იქნება ყოვლად მოწყალე და კაცთ-მოყვარე დიდებულ რუსეთის ხელმწიფისაგან და, ბევრთა მრავალთა სხვათა მათ ბედნიერ ქვეშევრდომთა შორის, თქვენც გექნებათ ადგილი და მიღებულ იქმნებით. მე მხოლოდ მსურს, როგორც თქვენს თანამგრძნობელს და მეგობარს, თქვენდა სასარგებლოდ, შევთხზა რამდენიმე მუხლი ახალის ხელშეკრულობისა და გამოგიგზავნოთ თქვენ ხელის მოსაწერად. ეს ისეთი ხელშეკრულობაა, როგორითაც მიღებულ იქმნა რუსეთის ქვეშევრდომად გრიგორ დადიანი. გიგზავნით-რა ამ ხელკშეკრულობას, გთხოვთ ყველა მუხლს შეუცვლელად ხელი მოაწეროთ, თქვენი ბეჭედი დაასვათ და გენ. სვიმონოვიჩს გადასცეთ, რათა სვიმონოვიჩს შეეძლოს დაუყოვნებლივ წარმომიდგინოს და მე ჩემისავე აზრის წარწერით მსწრაფლ წარვადგენ მათის იმპერატორობითის უდიდებულესობის წინაშე. ამასთან ისიც უნდა მოვახსენო თქვენს ბრწყინვალებას, რომ ვიდრე ამას ხელს მოაწერდეთ, საჭიროა რომ შეასრულოთ შემდეგი პირობანი: ერთი, რომ მიიღებთ თუ არა პირადათ ფიცს რუსეთის ქვეშევრდომობისას, ვალდებული ხართ მიაღებინოთ ასეთივე ფიცი ყველა თქვენს ქვეშევრდომ თავადს და აზნაურს. მეორე, აზიურ ჩვეულებისამებრ უნდა მომცეთ ქ. ტფილისში ამანათად (მძევლად) სამი ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი თ. თ. ერისთავების, ნაკაშიძეების და თავდგირიძეების გვარეულობის. ეს ყმაწვილები იცხოვრებენ ტფილისში და იქნებიან მიცემული სვა-და-სხვა სასწავლებლებში, სადაც შეისწავლიან სხვა-და-სხვა სამეცნიერო საგნებს და ენებს, როგორც დრო და ჟამი მოითხოვს. მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს სამი ყმაწვილი კაცი უსათუოდ ამ გვარებისანი უნდა იყვნენ. მესამე ის, რომ თქვენ არ გექნებათ ნება დღეის დღიდან რაიმე კავშირი იქონიოთ თქვენს მეზობელ ხალხთან, არ გენქბეათ ნება მიიღოთ და გახსნათ არც მცირე და არც დიდმნიშვნელოვანი მოწერილობანი. ეს მოწერილობანი, თუ-კი იქმნებიან თქვენ მიერ მიღებულნი, ვალდებული ბრძანდებით გაუხსნელადვე გარდასცეთ ან იმერეთის დროებით მმართველს, ან იმ ობერ-აფიცერს, რომელიც საზღვარზედ იდგება და ან მე პირადათ. ამ მუხლების შესრულებას, როგორც ყველა რუსეთის ქვეშევრდომნი, ისე თქვენც ახლავე შეუდგებით, რის შესახებაც ამასთანავე გზავნება მიწერილობა გენ. სვიმონოვიჩსაც. დასასრულ, არ შემიძლიან ჩემი გულითადი მადლობა არ გიძღვნათ იმის გამო, რომ შემთხვევა მომეცით და თქვენი ბიძა თ. ქაიხოსრო გურიელი პირადათ გავიცანი. იმასაც ვუთხარი და თქვენც გარწმუნებთ, რომ მე ყოველთვის მზად ვარ ამ გვარი თქვენი სურვილი დაუყოვნებლივ ავასრულო და ხელ-მწიფე იმპერატორთანაც კარგად წარგადგინოთ, ოღონდ თქვენ ნუ აჰყვებით სხვას და ამ ჭეშმარიტ გზას ნუ გადაუხვევთ... რაც შეეხება თქვენს ჩინს და განსხვავებას, თქვენ ამ დღეებში მოგივათ რუსეთის მხედრობის პოლკოვნიკის ჩინი და მასთან მუნდირი და რხმალიც, რომელსაც ასე მოწიწებით მოელით.
III
პოლ. სვიმონოვიჩს, მოუვიდა თუ არა მოწერილობა ტორმასოვისაგან თ. მამია გურიელის დაფიცების შესახებ, იმ წამსვე გამოაწყო ორი როტა ჯარი და ერთი ზარბაზანი, ჩააბარა მაიორს შჩელკოჩევს და დააბანაკა სოფელს გურიათმთაში, ფოთიდგან 25 ვერსის მანძილზედ. ამასთან მისწერა პოლკ. მერლინის, რომ ფოთიდგანაც გამოეგზავნა დასახვედრებლად 6 ყაზახი რუსი. ამ გვარ ცერემონიით უნდა მიეღო ქვეშევრდომობა გურიის მთავარს თ. მამია გურიელს და მის ქვეშევრდომ თავად-აზნაურობას, მაგრამ თ. მამიამ, წაიკითხა თუ არა ტორმასოვისაგან გამოგზავნილი ხელშეკრულობა, მუხლები არ მოეწონა და არც ხელი მოაწერა. პირ-იქით გაჯავრდა და გაჯავრებულმა ფიცხი წერილი მისწერა სვიმონოვიჩს: სწერდა, რომ თუმცა მოვიდა ტორმასოვისაგან ახალი ხელშეკრულობა და მთხოვს დავამტკიცო და ხელი მოვაწერო, მაგრამ იმაზედ, რის შესრულებაც არაფრის გზით არ ძალ-მიძს ხელს ვერც მოვაწერ და ვერც დავამტკიცებ. მე უმჯობესად ვსთვლი, რომ რაც გულში მაქვს ახლავე გითხრათ, ვიდრე შეგპირდეთ და მოგატყუოთ. მე თითქმის ყველაფერზე ხელს მაღებინებთ, არც ავაზაკების დასჯის ნება მექნება, არც ქალაქების და მადნებიდგან სარგებლობისა და ბაჟის გადახდის ნება მექნება, არც ერთი და არც მეორე. მაშ რითი უნდა ვიცხოვრო? მიბრძანეთ და რაღა მთავარი ვიქნები, თუ საჭმელი არ მექნება და სასმელი?! სახელმწიფო ჯამაგირი და პენსია მე არ მეძლევა და რამ უნდა მარჩინოს, თუ ყველაფერს ჩამომართმევთ?! მე ყოვლად მოწყალე რუსეთის ხელმწიფისაგან სიკეთეს და ბედნიერებას ველი, თორემ ჩემი გაოხრება და დარბევა ოსმალეთსაც კარგად შეეძლო. ამისათვის გთხოვთ აცნობოთ მთავარ-მართებელს, რომ თუ საწყენი არ იქნება, ეს ორი მუხლი შესცვალოს; ამასთან ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ამანათად ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ მხოლოდ ერისთავი და თავდგირიძე. რაც შეეხება ნაკაშიძეს, ამ გვართაგანი მუდამ მტერნი იყვნენ სამთავროსი და ამ მიზეზით ისინი ამანათად ვერ გაიგზავნებიან: ამის მაგიერ შეგვიძლია მესამე ამანათად გუგუნავა მოგართვათ.
სვიმონოვიჩმა ეს წერილი გენ. ტორმასოვს გაუგზავნა და თან დასძინა რომ თ. მამია გურიელი არ არის თანახმა ხელშეკრულობის ზოგიერთ მუხლისა და არც აწერს ზედ ხელსო. ამასთან მაქვს პატივი ისიც მოგახსენოთ, რომ ხალხი და სხვა თავადებიც დავაფიცეთ, ამანათად დანიშნულ ყმაწვილების გვარსა და სახელსაც ამასთანავე სიით გიგზავნით. ესენი არიან: ლევან დავითის ძე ერისთავი, ალმასხან მამუკას ძე თავდგირიძედა ბეჟან ალექსანდრეს ძე გუგუნავა.
ტორმასოვმა მიიღო ეს წერილები და მამიასაგან ხელმოუწერელი ხელშეკრულობის ზოგიერთი მუხლები და ეწყინა. ეწყინა, რადგან თავბისი დაწყობილი "პლანები" ვერ შეასრულა და საქმეს რაღაც დამაბრკოლებელი მიზეზები უჩნდებოდა. არ იყო რომ ცოტა გაჯავრებით დასწერა წერილი და გაუგზავნა თ. მამიას, რომ ამ გვარმა შენმა საქციელმა ძრიელ გამაკვირვა და დამაფიქრაო. მე, როგორც კარგს მეგობარსსა თქვენ და თქვენის ოჯახისას, მსურს რომ თქვენის ოჯახისათვის სასარგებლო პირობით შემოუერთდეთ დიდს რუსეთსაო და ამ აზრით გამსჭვალულმა ხელშეკრულობის ზოგიერთი მუხლი მე ჩავუმატე და განვმარტე, მაგრამ ჩემდა გასაკვირვებლად თქვენ ზოგიერთი მუხლი სრულებით არ მიგიღიათ. ეს-კი აღარ ვიცი რას მივაწერო? თუმცა თქვენის პატივისცემისთვის ზოგიერთი ეს მუხლი, როგორც თქვენ გესიამოვნებათ, ისე შევცვალე, მაგრამ ასე შესწორებული და შეცვლილი ხელშეკრულობა ხელმწიფესთან არ წარიდგინება. ახლა გიგზავნით ისევ უკანვე და გთხოვთ შეუცვლელად მიიღოთ, ხელი მოაწეროთ და გამომიგზავნოთ საჩქაროდ, რადგან ახლაც გვიანაა მისი ხელმწიფესთან გაგზავნა, თორემ თუ ცოტა კიდევ დაგვიანდა, მერე სულ აღარ გაიგზავნება. თქვენის წერილიდგან სჩანს, სწერდა ტორმასოვი, რომ თქვენ გწყენიათ ამანათების გამოგზავნა. ეს სრულებით საწყენი არ არის და არც არავის თქვენს ერთგულობაში ეჭვი არ შემოუტანია. ეს მხოლოდ ადათია, წესია, რომ როცა დიდებულის ხელმწიფის ქვეშევრდომობას მიიღებს მცირე სახელმწიფო, იმ შემთხვევაში ამ მცირესაგან მოითხოვების ნიშნად დამოკიდებულობისა ბეთ რამდენიმე გამოჩენილ გვარების შვილი. ამ შემთხვევაში ხანდისხან ზოგიერთი მეფე თავის შვილებსაც აძლევდა ამანათად. მაშასადამე, თქვენ ნება არა გაქვთ, რომ ამის შესახებ რამე სთქვათ ან იწყინოთ. ეს საზოგადო კანონია და თქვენც უნდა დაემორჩილოთ. ნუთუ გგონიათ, რომ ეს ყმაწვილები აქ რაიმე მწუხარებას ან შევიწროებას იგრძნობენ? არა. ესენი აქ სასწავლებელში იქნებიან მიცემული. ისწავლიან, განვითარდებიან, გონებით და ზნეობრივ ამაღლდებიან და ამ გვარად განათლებულნი დაგიბრუნდებიან შინვე. თავად ნაკაშიძის გვართაგანი არ გინდათ ამანათად გამოგზავნოთ იმ მიზეზით, რომ თავადნი ნაკაშიძეები ყოველთვის მტერი და მოღალატე ყოფილა თქვენის ოჯახისა; თუ ეს მართალია, მით უმეტეს უნდა გამოგეგზავნათ ჩვენთან ერთი იმათი გვართაგანი და ამით მოგეგოთ მათი გული, თორემ ნიადაგ თქვენს შორის მტრობა და შური იქნება, ეს არც მათ არგებს და არც თქვენს ოჯახს. მე თ. გუგუნავას წინააღმდეგი არ ვარ, მხოლოდ არ ვიცი, რაში არიან დამნაშავე თ. ნაკაშიძეები. თუ მართლა მოსისხლე მტერია თქვენი და უსიამოვნების მომყენებელი, გვაცნობე, რომ ჯარი გამოგიგზავნოთ და ეს გვარი, როგორც შენ გსურს, ისე დაამშვიდო. რაც შეეხება ს. საჯავახოს დაბრუნებას, ეს საგანი ასე უცებ ვერ გადაწყდება, რადგან თუ თქვენი იყო და საბუთიც გაქვთ, ეს ხელმწიფე იმპერატორს უნდა მოხსენდეს და მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს და დაგიბრუნოს.
ს. საჯავახო იყო მამია გურიელის სამკვდირო. ეს სოფელი ეკუთვნოდა მის წინაპრებს და მუდამ ჰფლობდნენ გურიელები, სანამ იმერეთის ტახტზედ მეფე სოლომონ I არ გამეფდა; მაგრამ, როდესაც იმერეთის მეფემ ალექსანდრემ თავისი ქალი მამია გურიელს IV ცოლად მიათხოვა, ეს სოფელიც მას მისცა მზითევში. მამია IV იყო სიმონის და ვახტანგ გურიელის ბიძა. რადგან ეს ქალი უშვილოდ გარდაიცვალა - სოლომონ I ეს სოფელი უკანვე დაიბრუნა. შემდეგ ვახტანგ გურიელმა შეირთო იმერეთის მეფის დავითის სიდედრი და სოფელიც მან წაიღო მზითევში. გარდაიცვალა ისიც უშვილოდ და სოლომონ II ეს სოფელი ისევ იმერეთს შემოუერთა და სახელმწიფოდ შერიცხა. მას აქეთ ეს სოფელი სახელმწიფოდ ირიცხებოდა. მამია გურიელმა თავის საკუთრების დასამტკიცებლად მეფე დავითისაგან დაწერილი 1787 წელს და მიცემული თ. ვახტანგისადმი ვრცელი სიგელი წარუდგინა გ. ტორმასოვს და სთხოვა ეს სოფელი უსათუოდ უკანვე დაებრუნებია. სიგელში ეწერა შემდეგი: „წყალობითა მღუთისათა, ჩვენ ყოვლისა საიმერეთოსა მპყრობელმან, იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან მის-ძემან სახელ-განთქმულის მეფის გიორგისამან, მეფეთ-მეფემან დავით და თანამეცხედრემან ჩვენმან ორბელიანის ასულმან დედოფალმან ანნა, ესე წყალობის წიგნი, სამკვიდრო და საბოლოოთ გასათავებელი, დროთა და ჟამთა მიზეზ შემოუღებელი, მოგეცით შენ ჩვენს დის-წულს გურიელის-შვილს ვახტანგს ასე და ამა მიზეზისათვის რომ საჯავახო პირველად ბიძა-თქვენს და მამა-თქვენს ჰქონებოდათ და რომლისამე მიზეზისათვის ჩვენს ძმას ბატონს მეფე სოლომონს მძლავრებით წაეღოთ, მერმეთ ბატონს ჩვენს ძმას მეფე სოლომონსა და თქვენს შუა მშვიდობა მომხდარ-იყო და შენი თავი მამა თქვენს მეფე სოლომონისათვის მიერთმია და სიყრმითგან მისი მოწყალებითა და სიყვარულით აღზრდილ იყავი; ისიც ამ წყალობას გიპირებდა, მაგრამ უჟამოს სიკვდილისაგან აღარ დასცალდა და შემდგომად მისა ჩვენ მივიღეთ მეფობა და რადგან შენ მისი აღზრდილი და ერთგული იყავი, ჩვენთან მობრძანდით და ჩვენთვის დიდი სამსახური და ერთგულება მოიღვაწეთ და რადგან ასე ჩვენი ერთგული იყავით, ვისმინეთ მოხსენება თქვენი და ქრთამიც აგართვით, რაც რიგი იყო და გული შეგვჯერდებოდა და საჯავახო ყოვლითურთ შენთვის მოგვირთმევია თავის სამართლიანის საზღვრით, მთითა, ბარითა, ტყითა და წყლითა, გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს სიყვარულსა და ერთგულებაში ამასდა მოწამედ და თავდებად მომიცემია თავად დაუსაბამო ღმერთი და ყოველნი მისმი წმინდანი ზეცისანი და ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი, კაცთაგან ყოვლად-სამღვდელო ქუთათელ მიტროპოლიტი დოსითეოს, ერისთავი ელიზბარ, წულუკიძე ბერი და გიორგი, წერეთელი პაპუნა, აბაშიძე ზაალ, მესხი ოთია და იოანე. სხვა ყოველნი კარისა ჩვენისა განმგენი უზედაესნი და უქვედაესნი. აწ რამანც მემან კაცისამან, მეფემან ანუ მემან მეფეთამან ანუ დედოფალმან, სამღვდელომან, ანუ საერომან, თავადმან, ანუ აზნაურმან, დიდმან ანუ მცირემან შენ ეს მოგიშალოს, ისიმც შეიშლება სჯულისაგან ქრისტიანობისა, მასამც რისხავს თავად დაუსაბამო ღმერთი - მამა, ძე და სული წმიდა, შემცდა-ედების კეთრი გეზისი, ძრწოლა კაენისა, შიშთვილი იუდასი, მეხისტეხა დიოსკორე უღვთოსა ცოცხლივ დანთქმა დათან და იბირონისი, სირცხვილი კრისკენტ და თაბინესი, იანეს და იამბრეს და ანნას და კაიაფას ნაწილიიყოს და უსჯულოსა ეროდესთანა დაემკვიდროს და ყოველთა ძველისა და ახლისა ჰსჯულისა უარის-მყოფელთა წიგნსა აღიწეროს საუკუნო ცხოვრება მისი და შეჩვენებულიმცა იქმნება წმიდისა სამებისაგან, ათ-ორთა მოციქულთაგან, შვიდთა მსოფლიოთა კრებათაგან, ოთხთა პატრიარხთაგან და ყოველთა წმიდათა მისთაგან, რომლენიც სათნო ეყვნეს და კვალად რომლენიც სათნო-ყოფად არიან მღვთისა. ამათ დიდებულთა დასთა და მწყობრთა წმინდათაგან წყეულ, კრულ და შეჩვენებულიმცა იქმნება წიგნისა ამის შლად ხელ-მყოფელი, ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი აკურთხოს უფალმან კურთხევითა აბრაჰამიანთა, ცვარისაგან ცისა და სიპოხისაგან ქვეყანისა და სიმრავლე იფქლისა და ღვინისა და კვლად კურთხევითა მით, რომელსა ქადაგებს მოციქული, რომელი თვალმან არა იხილნა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რაი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა. აღიწერა ხელითა მდივან-ყოფილის გერმანე დაყუდებულისათა ქრისტეს აქეთ ჩღპზ
IV
თ, ხუსკივაძე
Comments
Post a Comment