სასულე ორკესტრი ქალაქ ოზურგეთში არსებობდა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში. შემადგენლობიდან ცნობილია ჯარისპან მამეიშვილის, მიხეილ კვაჭანტირაძის და ლავრენტი ჯახვას სახელები.
ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე თბილისში, ოპერის თეატრში სწავლობდნენ სასულე ინსტრუმენტზე დაკვრას. მათი მასწავლებელი იყო ჩეხი მომღერალი იოსებ რატილი. სწავლის შემდე გურიაში დაბრუნებულებმა დააარსეს სასულე ორკესტრი, იყენებდნენ ქალაქში განთავსებული საჯარისო ნაწილის ინსტრუმენტებს.
1880 წლის გაზაფხულზე ორკესტრმა მონაწილეობა მიიღო იტალიელი ტრაგიკოსის, ერნესტო როსის სტუმრობასთან დაკავშირებით თბილისში, მიხეილის ქუჩაზე მდებარე ბაღში გამართულ კონცერტში. მაშინდელი პრესის ცნობით მუსიკას უკრავდა გურულების სასულე ორკესტრი. იტალიელი სტუმრის ბარში შესვლის დროს გურულ მემუსიკეთა ხორომ იტალიური მარში დაუკრა.
ორკესტრი დადიოდა გასტროლებზე ევროპაში. ავსტრიაში ყოფნისას, ჩაქურაში გამოწყობილ გურულებს, რომლებიც სასულე ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, გაუოცებიათ ადგილობრივი აუდიტორია.
1905 წელი, შუაში ანსამბლის ხელმძღვანელები: კვაჭანტირაძე და მამეიშვილი
1906-16 წლებში ორკესტრს იწვევდნენ ყირიმში, ლივადიის სასახლეში, რომელიც ამ დროს გენერალ ივანე დუმბაძეს ჰქონდა დასაცავად ჩაბარებული. დუმბაძემ ერთხელ ორკესტრი სასწრაფოდ ნოვოროსიისკში, იმპერატორ ნიკოლოზ II-სთან გამოიძახა. ნოვოროსიისკში ჩასულმა ორკესტრმა პირდაპირ გემის ტრაპიდან შეასრულა ჰიმნი პირადად ნიკოლოზ II-ისთვის, რომელმაც ორკესტრის ყველა წევრი მედლებით დააჯილდოვა.
1908 წელი, მარჯვნიდან მეორე ჯარისპან მამეიშვილი
1924 წლის 28 აგვისტოს, მარიობას, სასულე ორკესტრი იმყოფებოდა სოფელ ამაღლებაში სუფრაზე. აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ სასულე ორკესტრის წევრები ამაღლებიდან ოზურგეთში წავიდნენ და გზაში პირველი რეპსუბლიკის ჰიმნს, დიდებას უკრავდნენ.
ქალაქის სასულე ორკესტრი 1970-იან წლებამდე არსებობდა, გამოდიოდა თეატრის ბაღში, რომელიც ადრე ქალაქის ბაღად იწოდებოდა.
მასალები თენგიზ კუნჭულიას წიგნიდან „ოზურგეთი“
მაინტერესებს გურულების ორკესტრი ლუარსაბ კეშელავას ხელმძღვანელობით სხვაა და ოზურგეთის ორკესტრი სხვა? იქნებ დამიზუსტოთ, ამბები და საგასტროლო ქალაქები იგივეა. მუსიკალური ენციკლოპედიისთვის მჭირდება. წინასწარ დიდი მადლობა!
ReplyDelete