ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში დაცულია რამდენიმე ავტობიოგრაფია და ბიოგრაფია, რომლებიც 1905 წლის მოვლენების უშუალო მონაწილეებს ეკუთვნით. ისინი ხელისუფლების დავალებით დაიწერა 1950-იან წლებში და იძლევიან გარკვეულ ცნობებს 1900-იანი წლების გურიის შესახებ
მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი გრიგოლ დუმბაძის მოგონებებია. გრიგოლ, იგივე გრიშა ამბაკოს ძე დუმბაძე დაიბადა 1869 წელს შემოქმედში. 1902 წლიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში კიევში. 1904 წელს დაბრუნდა გურიაში, სათავეში ედგა გურიის რევოლუციური კომიტეტის რაზმს. „გურიის რესპუბლიკის“ პერიოდში იყო სამხედრო შტაბის უფროსი. 1908 წელს მეფის ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯა გადასახლება, კატორღა. დუმბაძე მიიმალა შუა აზიაში, ქალაქ ბუხარაში. საქართველოში დაბრუნდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. გარდაიცვალა 1962 წელს.
მახარაძეში, სადაც ახლა ფოსტაა, სტალინის ქუჩაზე გველოდებოდა სანდო მეეტლე სიმონ გორგოშიძე თავისი ეტლით
მეფის მთავრობის დროს გურიის აღმოსავლეთის ნაწილი შეადგენდა ერთს საბოქაულოს, რომლის სამმართველო იმყოფებოდა ჩოხატაურში ერთი ბოქაულით და რამოდენიმე „სტრაჟნიკით“
ლაზარენკოს ავანგარდი გაუსწორდა შევარდნაძის ჩასაფრებულ რაზმს, თითქმის გაასწრო კიდევაც, რომ გასროლილი ყუმბარის მქუხარე გრგვინვამ აცნობა ყველას ბრძოლის დაწყება. მეორე დღეს უთენია ლაზარენკო რაზმით გადავიდა ბახვის წყლის მარჯვენა ნაპირზე და ავიდა იქვე აღმართულ გორაკზე „ნაცხავატევზე“, რომელიც სხვა გორაკებს დაჰყურებდა ზევითგან
როცა ოზურგეთის გარნიზონმა გაიგო ნასაკირალზე შეტაკების ამბავი, მთელი სამხედრო ძალებით საბრძოლველად მომზადებულმა ნასაკირალისკენ გაეშურა. გზაში არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გარნიზონი შეუერთდა „ნაცხავატევზე“ დამწყვდეულ ლაზარენკოს რაზმს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. დაბრუნებულებმა დასწვეს სოფელი დვაბზუს მოსახლეობის სახლკარი. ვინც კი ხელში მოხვდებოდათ უმოწყალოდ სცემდნენ - აპატიმრებდნენ.
ბათომის გარნიზონი ოცნებობდა მიწვდომოდა მეზობელ გურიას და გაესრისა რევოლუციური მოსახლეობა. ამ დროს გურიის კომიტეტმა და სამხედრო შტაბმა საჭიროდ დაინახეს სადგურ ნატანებში წითელი რაზმის ასეული გაეგზავნა. რაზმი დაბინავდა ნატანებში და შეკვეთილის მიმართულებით ნახევარი კილომეტრის მანძილზე ნატანებიდან სადარაჯო დააარსა.
გურიის წითელ რაზმს გაცილებით მეტი სახელი ჰქონდა გავარდნილი, ვიდრე სინამდვილეში იყო
1906 წლის 9 იანვარს პეტერბურგის სისხლიანი წლის თავზე ქალაქ ოზურგეთში ქალაქის ბაღში სადაც ამ ჟამად თეატრი შენდება, გაიმართა ჯერ გურიაში არ ნახული მიტინგი და მიტინგის დამთავრების შემდეგ შეიარაღებული დემონსტრაცია
დემონსტრაცია გამოვიდა ბაღიდან და გაემართა სტალინის ქუჩით დასავლეთისაკენ, შემდეგ მოუხვია მარცხნით ქუჩაზე, აქედან მარჯვნით, გაიარა კიროვის ქუჩა და ბაღის ბოლოში ისევ მარცხნით მოუხვია და ჩავიდა მაღაზიებს შუა ქუჩაზე. იბრუნა პირი აღმოსავლეთისაკენ და შეჩერდა პატარა მოედანზე სადაც ამ ჟამად „სოიუზტრანსის“ მანქანები დგებიან, ხოლო მაშინ ბაზარი იყო
სადგურ ნატანებში ჩამოსული დამსჯელი ჯარი პოლკოვნიკი კრილოვის მეთაურობით სწვავდა ყველა კერძო შენობებს, იჭერდა და სცემდა განურჩევლად ყველას, ვინც კი ხელში მოხვდებოდა. დამსჯელი რაზმის მოახლოება და ნატანების გადაწვა მთელ გურიას მოედვა
ბოქაულის მოვალეობის აღმასრულებელი გიორგი დგებუაძე პოლიციის მოხელე იყო, მაგრამ გურიის მოძრაობის ხელმძღვანელებთან ჰქონდა საიდუმლო კავშირი და სანდო პირიც იყო
1906 წ. 11 იანვარს პოლკოვნიკი კრილოვი დამსჯელი ჯარით ნატანებიდან შარა გზით ოზურგეთისკენ წამოვიდა. ქალაქში რომ შემოვიდა, უკვე დაღამებული იყო, ცხრა საათი იქნებოდა. სრულიად მოულოდნელად ქალაქში მაღაზიებს ცეცხლი გაუჩნდა
[კრილოვმა] ნაცრად აქცია ოზურგეთის ყველა მაღაზიები ქონებით გარდა იმ ათიოდე მაღაზიისა, რომლებიც სამ სართულიან ქვის ყაზარმის უკან იყო გაშენებული და მათი დაწვა ყაზარმისთვის საფრთხეს წარმოადგენდა
1906 წ. ზაფხულში მე გურია დავტოვე და დიდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დავბრუნდი თავისუფალ გურიაში

მირიან მაქსიმეს ძე ხომერიკი:
„1897 წ. დავიწყე მუშაობა ბათუმში. 1902 წ. მარტში აქტიური მონაწილეობა მივიღე გაფიცვაში. შევასრულე ტერორისტული აქტი, ქარხნის დირექტორის წინააღმდეგ. ავლაგმე პრიკაზჩიკები. მივიღე მონაწილეობა ბათუმიდან სტალინის გაყვანაში, ასევე, არალეგალური ლიტერატურის გადარჩენაში. გადამქონდა გურიაში, არალეგალური ლიტერატურა. პირველი ტერორისტული აქტი გურიაში, ჩემს მიერ იქნა შესრულებული. მოვკალი დათა გურიელი.
მიხაკო ანასტასის ძე მკურნალი
დავადგინეთ ტერორისტული ჯგუფის შექმნა, რაც მე დამევალა. 1904 წ. შევადგინე ტერორისტების ჯგუფი. ჩემი ხელმძღვანელობით: თეოფილე მუხაშავრია, კიკიე მამულაიშვილი, ფარნა ცქვიტინიძე, სიო დოლიძე, სერაფიონ დათუნაიშვილი, გიორგი გაგუა, იაკობ ცისკარიძე, გიორგი გოგიტიძე, ნიკიფორე და ვანო სიხარულიძეები, თეიმურაზ ბებურიშვილი. 1904-1905 წლებში, ჩვენს მიერ მოკლული იქნენ მემამულე თავადები გურიელები; სამსონ და პართენ გოთუები; ჯაშუში შარაშენიძე; აზნაური ქარცივაძე; თავადი ტიფო ნაკაშიძე; აზნაური ალექსანდრე თოიძე; ურიადნიკი კვესიოღლი. თოფი ვესროლეთ ჯაშუშ ისიდორე კვაშალს და შემდეგ ღამე გარს შემოვარტყით სახლზე და ავუტეხეთ ზალპი
კასიანე ნიკიფორეს ძე ეზიეშვილი
„1905 წელს, ვბურნდები ზემო სურებში ფოთიდან. ამირჩიეს ასისთავად. განვაგრძობ პოლიტიკურ მუშაობას.ზაფხულში 2 თვის განმავლობაში ვინახავდი სად. ლაჩხუთიდან მოტაცებულ ჟანდარმს. მონაწილეობას ვღებულობდი, ჩემს საასისთაოში სურების უდაბურ ტყეში ჩიხნარში თოფის ქარხნის არალეგალურ მშენებლობაში. სოფლად ვაგროვებდი, სპილენძის ჭურჭელს ვაზნებისთვის. 1906 წ. ვხელმძღვანელობდი, ჩოხატაურში სტრაჟნიკების სამორიგეოდან იარაღის გულნას.... ვეწეოდი ანტირელიგიურ მუშაობას... გამოუსწორებელ პირებს ვადებდით ბოიკოტს და მათზე ვიღებდით სათანადო ზომებს. კომიტეტის გადაწყვეილებით „მთელი ხალხის შეასიარალებლად“ გადაწყდა „თოფ- პატრონების დასამზადებელი ზავოდის დადგმა სურებში. ტობახჩოს მიუვალ და საიმედო ადგილას. ზავოდი მოეწყო „ტეხნიკებიც“ მოინახა. ზავოდში ყველაზე მეტს მუშაობდა სამსონ პაიჭაძე, - მეტსახელად „კაუცკი“. საქმე გაიჩარხა და გურიის პირველმა „ზავოდმა" საკუთარი წარმოება გამოუშვა
ლუკა ალექსის ძე ღლონტი
„ჯაშუშ ტიფო ნაკაშიძის დაკრძალვა დიდად გართულდა. ოზურგეთში არ აღმოჩნდა არცერთი მეკუბოვე, რომელიც რაიმე თანხაზე დათანხმებულიყო კუბოს გასაკეთებლად. არცერთმა მეეტლემ არ წაიყვანა თავისი ეტლით მისი ნათესავები, ხალხის შიშით პანაშვიდზე მიპატიჟებული მღვდლებიდან მხოლოდ ერთი გამოცხადდა დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, მიეტოვებინა ცერემონია
„1905 წ. აპრილში მე, მიხაკო ვასაძე, პავლე სანიკიძე და ჯაფარიძე გაგზავნილი ვიყავით სოჭის ხაზინის ფულის გამოსატაცებლად, ჩვენ, როცა სოჭაში მივედით,ვერ შევძელით გაგვეგო, თუ როდის იქნებოდა ღია „დედო კასა“ და ვერ მოვახდინეთ მისი ექსპროპრიაცია. წავედით 40 ვერსში „ლაზაროვკაში“ და იქ მოვახდინეთ თავდასხმა პორუჩიკ ზალატაოზოვის დაჩაზე, სადაც, 60 მუშა მუშაობდა მის გასამშვენიერებლად. გავიტაცეთ 30 000 მანეთი. ტუაფსეს ახლოს, რომ მივედით ჯარისკაცებმა ალყა შემოგვარტყეს და გვესროლეს. ჯაფარიძე მოგვიკლეს, დანარჩენები გავედით. მე-4 დღეს ნოვორასიისკის ახლოს ჯუბგაში, გემში ჩაჯდომისას შეგვიპყრეს. ვიჯექი ნოვოროსიისკისა და ეკატერინოგრადის საპყრობილეში. სასამართლომ გადამიწყვიტა 15 წ. კატორღა. ვიჯექი სარატოვის, შემდეგ ხარკოვის ციხეში. 1917 წელს ამინისტიით გავთავისუფლდი.
შალვა მექვაბიშვილი
გურიის სოც. დემოკრატიამ სამუშაოდ მიმაბარა, ფოთის არალეგალურ კომიტეტს. ქვიხოლოვის მაღაზიიდან გამოვიტანეთ ვაზნები, წავიღეთ იმდენი, რამდენსაც ცხენი ზიდავდა. ჩავაბარეთ გურიის კომიტეტს. ვაზნები დარიგებული იქნა, ტერორისტებზე და წითელ პარტიზანებზე.. ტერორისტებისთვის იარაღის შეძენის საქმეში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა „წითელრაზმელი“, სოფ. მიქელ გაბრიელის მკვიდრი სიო სირაძე.
ანტონ გლახუნას ძე სირაძე
იარაღის შესაძენად საჭირო იყო, ფული. სიოს ხაზინის გატეხვა დაევალა. მან 5 ამხანაგთან ერთად მოახერხა, ხაზინიდან ფულის გამოტანა. გუშაგებს თვალსადახელს შუა გაუძვრა.ამის შემდეგ, კიდევ ბევრი დავალება შეასრულა. ერთ-ერთი დავალების დროს, სიოს უნდა მოეკლა ქარხნის (ბათუმში) შავრაზმელი ინჟინერი. სიომ ესეც შეასრულა. ჟანდარმებმა კვალდაკვალ მისდიეს, დაიჭირეს გაასამართლეს. ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
ილარიონ დარახველიძე
უკვე 1905 წლისათვის „უფროკარგი ორგანიზაცია გვაქვს შედგენილი. გვყავს კარგი ტერორისტები: ტყვიას ტყვიაში აჯენენ, მათ მოჰკლეს, ერთი ინგუში სტრაჟნიკი და ხალხის ამწიოკებლები: ივანე ჯაყელი, დავით დუმბაძე, კოწია ბერიძე, ვასილ ხუნდაძე, კოწია კვაშალი და სხვები. ჯაშუშები დაშინდნენ ტერორის შიშით, ჯაშუშობას ვეღარ ბედავდნენ“
ოზურგეთიდან ხალხის ჯალათები კრუტოვი და ალიხანოვ-ავარსკი, რომ გაიყვანეს, მაშინ მათ მაგივრად დარჩა, მაზრის უფროსი პლასცუნების აფიცერი ერმოლოვი. მე მაშინ „კოლიას“ ფსევდონიმს ვატარებდი და ბათუმში ვმუშაობდი. ორგანიზაციის დავალებით მივდივარ ოზურგეთში. თავს ვიყრით რაისო დუმბაძისას, მე, ანტონ წულაძე, თედორე კიკვაძე ვმსჯელობთ გურიის შეწუხებულ მდგომარეობაზე, ვეძებთ გამოსავალ გზებს. ამ დროს ხდება, ურიადნიკ დიმიტრა მგელაძეზე თავდასხმა. დიმიტრას კიკია მამულაიშვილმა 5 ტყვია დაახალა. დიმიტრა სააღდგომოდ ემზადებოდა, გოჭს ყიდულობდა.ამ დროს, კიკია მივიდა და ესროლა. წითელი პარასკევი იყო.
ტარასი დარჩია
ახალი თაობის მუშაობა ეწინააღმდეგებოდა ნიკოლოზას მთავრობას, მემამულეებსა და მღვდლებს. ახალი თაობის კაცები მოითხოვდნენ მღვდლებისაგან დრამა ფულის გადასახადის მოსპობას...ერთხელ ამ სოფლის წარმომადგენელი სიმონ კილაძე მოვიდა ჩემთან და მითხრა: შენ ნამუსიანი ბავშვი ხარ, მოწაფე, დამიწერე წერილი. მან მიკარნახა, რა უნდა დამეწერა მღვდლებზედ გასაგზავნი. ამ წერილებზედ კუბოც დამხატვია. რამდენიმე ცალი იყო. მღვდელი თუ დრამა ფულს ძალით გადაახდევინებდა ხალხს, სიმონ კილაძე მას სიკვდილს ჰპირდებოდა.
სარდიონ ბათლომეს ძე ჯიბუტი
1906 წელში მეფის მთავრობის მიერ გადასახლებული ვიქენი რუსეთის ცივ ქვეყნებში, ვიტებსკის გუბერნიაში, როგორც პოლიტიკურად შემჩნეული, ჯაშუშ ივანე და ესე ჯიბლაძეების გაცემით. მონაწილეობა მივიღე ჩოხატაურის გამოსვლებში, რომელიც ავიღეთ, მაგრამ მენშევიკების შემოტევის შემდეგ, იძულებული გავხდი (გადავსულიყავი არალეგალურ მდგომარეობაზე). ვითვლებოდი რაზმის ხელმძღვანელად. 1914 წელში ვცხოვრობდი ქ. ბათუმში არალეგალურად და მონაწილეობა მივიღე გენერალ ლიახოვის სიკვდილში სურგულაძესთან და ჯიბლაძესთან ერთად. გასაბჭოების დღიდან ვმსახურობ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და სრული ჩემი შეგნებით ვასრულებ მოვალეობას
1902 წ. დავიწყე მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ მუშაობაში 1904 წ. დამაპატიმრეს და ვიჯექი ქუთაისის საგუბერნიო ციხეში 8 თვე; გათავისუფლების შემდეგ, ჩავეწერე წითელ რაზმში, რომელიც ორგანიზაციის დავალებით იძენდა იარაღს. 1905 წ. მონაწილეობას ვიიღებდი ნასაკირალის შეჯახებაში პლასტუნების წინააღმდეგ. 1906 წ. ვიყავი, სოფ.სილაურში ორგანიზატორად. იმავე წელს ვიყავი, ჯუმათის სარაიონო კომიტეტის წევრი. 1907 წ.მოკლული იქნა ჯაშუში გიგინეიშვილი, რის გამო, დამაპატიმრეს და ვიჯექი ქ. ოზურგეთის ციხეში. 1917 წ. ამომირჩიეს კომისარად ჯუმათში, ორგანიზაციის მითითებით.
1919 წ. კომიტეტის მითითებით მოვაწყვე, ჯუმათში აჯანყება, მენშევიკების წინააღმდეგ. ჩემი მეთაურობით აჯანყდა 560 შეიარაღებული კაცი. რამოდენიმე დღის განმავლობაში, 4 სოფელში აჯანყებულებს, ძალაუფლება ხელში ჰქონდათ. შემდეგ, მენშევიკებმა დამაპატიმრეს და გადამაგზავნეს აზერბაიჯანში, როგორც აჯანყების ორგანიზატორი.
ნესტორ კეჭაყმაძე
„1902 წლიდან, მე მქონდა უშუალო დამოკიდებულება ბათომის კომიტეტთან: ისიდორე სიამაშვილის, ნოე რამიშვილის და ნოე ხომერიკის სახით. ისინი დიდ დახმარებას გვიწევდნენ რევოლუციურ მუშაობაში.
1903-1904 წ-ში გახშირდა „ხუნხუზი“ ტერორისტების თარეში, რომლებიც არავითრ სამარცხვინო საქმეს არ თაკილობდნენ ფულის გულისთვის. ძარცვა-გლეჯა, კაცის კვლა და ასე შემდეგ. მსხვერპლს კი ჯაშუშებად ნათლავდნენ. ასეთმა "ხუნხუზურმა" მოქმედებამ დიდი "საშიშარი" მდგომარეობა დააყენა პარტიის და მშრომელი ხალხის წინაშე. თანაც საშიშროება იყო, რომ ეს შეიარაღებული ბრბო არ გადასულიყო შავრაზმელების მხარეს.
ამიტომ, გერმანე მგალობლიშვილმა, სუფსის რაიონში დ. თავართქილაძის სახლში მოიწვია ბანდიტების მეთაურები და გაბედულად მოუწოდა მათ განიარაღებულიყვნენ და იარაღი გაეგზავნათ გურიის კომიტეტისთვის. ამან „ხუნხუზთა“ შორის დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. კამათმა 6 საათი გასტანა. გერმანემ შეძლო ნამდვილი ტერორისტების“ დახმარებით 70 კაცისთვის იარაღის აყრა. იმ დროს ეს დიდ თავდადებულ გაბედულებას წარმოადგენდა.
იმავე ღამეს კომიტეტის ხალხმა მოკლა „ხუნხუზთა“ 2 მეთაური: ლევანტი მოისწრაფიშვილი და ნიკოლოზ კუპრაძე. ამან თავზარი დასცა "ხუნხუზების" ე.წ. რაზმებს დ სხვადასხვა წვრილ ქურდბაცაცებს. ერთი კვირის თავზე სარაიონო კრებაზე 88 პირი გამოვიდა თხოვნით -ჩადენილი დანაშაულები ეპატიებია მათთვის „კომიტეტს“ და მომავლში უთუოდ გამოსწორდებოდნენ.
ილარიონ ბეჟანის ძე მენაბდე:
„მე თავიდან ვიყავი მუშური მიმართულების, თავისი მისწრაფებით მოტრფიალე ვიყავი, ხალხის თვითშეგნების, თვითპყრობელობის აღმოსაფხვრელად და შრომის გასანთავისუფლებლად - 1898 წლიდან, როდესაც არაადგილობრივად, არამედ დიდ სამრეწვლო ცენტრებში დაარსდა სოც დემოკრ. მუშათა პარტია, მე ვცდილობდი გამომენახა საიმედო ჯგუფი გურიაში. ასეთი რევოლიუციონური ნაპერწკალის გადმოსატანად და გასაღვიძებლად და 1900 წლებში როდესაც იყო ბათომის კომიტეტი რ.ს.დ.მ. პარტიისა, მე გადმომქონდა მალულად პროკლამაციები და დიდი საფრთხის ქვეშ ვავრცელებდი საიმედო ადგილებზე გურიაში. 1902 წლიდან, როდესაც გავიდა სამრეწველო ქალაქებიდან გამოსროლილი რევოლუციონური ნაპერწკალი და დაიწყო აგრარული და პოლიტიკური განმათავისუფლებელი მოძრაობა - მე ვღებულობდი, აქტიურ, თავგანწირულ მონაწილეობას და 1903 წლიდან, მე დამავალეს ტერორისტთა ჯგუფების სამხედრო ორგანიზაციის და წითელრაზმელების ხელმძღვანელობა იარაღით; გარდა მრავალი ტერორისტული აქტებისა, ვღებულობდი მონაწილეობას შეტაკებებში სადაც სასტიკად დამარცხდა მთავრობის რაზმი - ამის შემდეგ, 1905 წლის დამლევს, გურიის კომიტეტის დადგენილების თანახმად, უნდა განიარაღებულიყო, მაზრის პოლიციის სტრაჟნიკების რეზერვი და იარაღი გადასცემოდა არსენალს. ამ მეტად საძნელო, აშკარა სახიფათო საქმეზე, უნდა მხლებოდა რამოდენიმე შეიარაღებული ამხანაგები. მაგრამ, მეტად საშიშროების გამო, ბევრი ამხანაგები ჩამომაკლდნენ - ვერ გაბედეს გაყოლა და მე ორი - სამი ამხანაგით შევედი მაზრის პოლიციასთან რეზერვში. განვაიარაღე 100-მდე ინგუშები და სხვა სტრაჟნიკები და მათი ვინტოვკები და მარაგი თოფები და სასროლი მასალები, გადავეცი არსენალს. 1905 წლიდან, 1906 წლის იანვარში რეაქციის დროებით გამეფების გამო, მე არა თუ სამსახური ან რაიმე ლეგალური მუშაობა, არამედ, კიდევ მეტი თავგანწირვით და ენერგიით განვაგრძობდი, პოლიტიკურ მოღვაწეობას, ისევ ტერორისტთა ჯგუფების ხელმძღვანელად“.
მიხეილ როინიშვილი
ათას ცხრაასი რომ შესრულდა, რაცხამ ტანში არ დამაყენა... წავედი ბათომში... დავიწყე როტშილდის ნავთის ზავოდში მუშაობა. მე დამაყენეს ათის თავად. დამავალეს მოსაკლავ კაცებზე ფულის მოხეკა. ფული იკრიბებოდა თვეში ორჯერ... ერთი სომეხი დაგვრჩა მოსაკლავი. მივეცით მოკრეფილი ფული თათარს. ესროლა სომეხს. მოსტეხა ბარკალი. მერე აღარ გაუვლია ზავოდში.
ერმალოზ ანდღულაძე
ერმალოზ ანდღულაძე ნაგომარში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი მოგონება პასუხია კითხვაზე რატომ ხდებოდნენ გურულები რევოლუციონერები?
ვალოდი კალანდარიშვილი
ვალოდი კალანდარიშვილი აღწერს 1905 წლის რევოლუციის შემდგომ გურიაში განვითარებულ ამბებს.
მელქისედეკ კალანდაძე
მელქისედეკ კალანდაძის ბიოგრაფიაში ისიცაა საინტერესო, რომ რევოლუციის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში დაიწყო მუშაობა, გააგზავნეს მესტიაში, სადაც მოკლეს 35 ასაკში. სავარაუდოდ, შეთქმულების მსხვერპლი გახდა. კალანდაძის მკვლელობის შესახებ არსებობს ვინმე მელიტონ ჩიკაშუას წერილი, რომელიც ბიოგრაფიას თან ახლავს.
მაქიმედ ცეცხლაძე
მაქიმედ ცეცხლაძე ტრამვაიზე მუშაობდა თბილისში.
გერასიმე რამიშვილი
გერასიმე რამიშვილი ოზურგეთში ციხის ზედამხედველი იყო, მაგრამ რევოლუციას თანაუგრძნობდა და პატიმრებს ეხმარებოდა.
მომზადებულია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით, საქმე N183.
Comments
Post a Comment