გიორგი ჭოღოშვილი დაიბადა 1874 წელს იმერეთის სოფელ მესხეთში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1899 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ექიმად. 1901 წელს თანხა გაიღო კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად. 1900-იან წლებში დაახლოებული იყო მიხეილ თუმანიშვილის ოჯახთან. ხშირად ატარებდა მათთან ერთად დროს.
1905 წლის მარტში სხვა 7 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის: ალექსანდრე წუწუნავა, სიმონ ღლონტი, თედო კიკვაძე, სამსონ ვაშაყმაძე, ისაკი საბაშვილი) დააპატიმრა გურიის სადამსჯელო ე.წ. „რიონის რაზმის“ უფროსმა გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ. მისჯილი ჰქონდათ გადასახლება არხანგელსკის გუბერნიაში, მაგრამ გათავისუფლდნენ მეფისნაცვლის ამინისტიით (ივერია N49, 9 აპრილი, მოგზაური, N14, 17 აპრილი)
30 აგვისტოს სიმონ გრიაზნოვთან ერთად 1 პირთან ერთად ოზურგეთის მაზრის ერობის წევრად აირჩიეს ოზურგეთის ოლქიდან (ცნობის ფურცელი 8 სექტემბერი და მოგზაური 18 სექტემბერი).
1905 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძლაში. ოზურგეთის გარნიზონის კაზაკების სადამსჯელო გადაწვების შემდეგ იყო დამწვარ გურულთა შემწე კომიტეტის წევრი
„აქ დაარსდა ყაზახთა მიერ დამწვარ-აოხრებულ გურულთა ოჯახების შემწე კომიტეტი, რომელსაც დაევალა შემოწირულობათა შეგროვება. კომიტეტის წევრებად არიან რაისა სოლომონის ასული თოხაძე, სოფიო ალექსანდრეს ასული თუმანიშვილი, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე, ეკატერინე ყარამანის ასული მამულაიშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე ჭოღოშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე. მსურველთ შეეძლოთ კომიტეტის ერთი წევრის სახელზე გამოაგზავნონ შემოწირულობა ქ. ოზურგეთში“ (ცნობის ფურცელი N2948, 12 ნოემბერი, 1905)
1906 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი.
იყო ბრალდებული გურიის რესპუბლიკის საქმეზე. თბილისში გამართულ სასამართლო სხდომებზე ოზურგეთის მაზრის ყოფილმა უფროსმა ივან ლაზარენკომ და ყოფილმა ქალაქისთავმა ვასილ ხუნდაძემ ჩვენებებში დაასახელეს გურიის კომიტეტის წევრად. (ისარი N19, 1908)
მაგრამ ჭოღოშვილი, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ბრალდებული, გადაურჩა დაპატიმრებას მიმალვით. ის ცხოვრობდა საფრანგეთში, ნიცაში მიხეილ თუმანიშვილთან სავარაუდოდ 1907-1913 წლებში მაინც.
1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს მუშაობდა დამხმარე ექიმად ნიცაში N12 სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც განთავსებული იყო სასტუმრო Majestic-ში. 1916 წელს რუსეთის საექსპედიციო კორპუსის საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ ის განკუთვნილი იყო დაინიშნა რუსი ჯარისკაცებისთვის.
1915 წლის პარიზის სამედიცინო კვირეულში Paris médical : la semaine du clinicien ნიცას N12 დამატებით ჰოსპიტალში დამხმარე ექიმების სიაში ნახსენებია Tchogoshvili Georges რუსეთის ქვეშევრდომი, კიევის წმინდა ვლადიმირის საიმპერატორო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ,
ჭოღოშვილი ფრანგ ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტის კოსას დავალებით ფრანგულ სამედიცინო ჟურნალში ბიბლიოგრაფიულ და სარეცენზენტო სამუშაობებს ასრულებდა. იყო მრავალი ფრანგული და ებრაული ჯილდოს მფლობელი. გარდაიცვალა 1958 წელს.
გიორგი ჭოღოშვილი საფრანგეთში სხვა ექიმებთან ერთად. ფოტოები ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის არქივიდან
Comments
Post a Comment