Skip to main content

ოსმალეთის შემოჭრა გურიაში 1918

წინაპირობები

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, 1918 წელს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. ზავის მიხედვით რუსეთის იმპერიას ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაებრუნებინა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რუსეთის იმპერიისგან და მას მართავდა ამიერკავკასიის სეიმი.

სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით. ამ მიზნით 1918 წლის მარტში დაიწყო მოლაპარაკებები ტრაპიზონში. ოსმალეთის მოთხოვნა, გარდა სამი ოლქის გადაცემისა, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ მოლაპარაკებას თავდაპირველად დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალეთის არმიამ სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები დაიწყო. მარტში ოსმალეთის მე-9, მე-6 და მე-3 არმიებმა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით კავკასიას შეუტიეს. ამ ბლოგში აღწერილია გურიის ფრონტზე მომხდარი მოვლენები მეტწილად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ნაწილობრივ ვალოდია გოგუაძის მოგონებებზე დაყრდნობით.

მდგომარეობა ფრონტის ხაზზე

1918 წლის 31 მარტს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქში მდგარი მე-4 ქვეითი ლეგიონი (სარდალი წერეთელი) გაიქცა ოზურგეთში, მე-2 ქვეითი ლეგიონი კი (სარდალი ყარალაშვილი) გაიხიზნა ქობულეთში. ნოე ჟორდანიამ გიორგი მაზნიაშვილს დაავალა დაუყოვნებლივ წასულიყო სადგურ ნატანებში და ოსმალები არ შემოეშვა მდინარე ჩოლოქს აქეთ. 

ფრონტის ხაზის სიგრძე ნავსადგურ ნიკოლოზიდან (შეკვეთილი) სოფელ შემოქმედამდე იყო 24 ვერსი, მას საზღვრავდა მარჯვნიდან შავი ზღვა, მარცხნიდან კი აჭარა-გურიის მთები. მთელ სიგრძეზე, ზღვიდან ოზურგეთამდე მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების ნაპირები იყო თითქმის გაუვალი ჯარისთვის. იქ გავლა შეეძლოთ მხოლოდ ადგილობრივებს, რომლებმაც იცოდნენ ბილიკები. ამ მონაკვეთს ჰქონდა მხოლოდ ორი გასასვლელი: სარკინიგზო ხიდები ნატანებზე და ჩოლოქზე და შარაგზა ლიხაურის ხეობით ოზურგეთზე.

მაზნიაშვილმა შტაბის უფროსობა ჩაიბარა 1 აპრილს. მის განკარგულებაში იყო 4 ტყვიამფრქვევი, 6 ზარბაზანი, 4 ოფიცერი, 150 ჯარისკაცი, ასევე ჯავშნოსანი მატარებელი, რომლის უფროსი იყო  გურული ვალოდია გოგუაძე. 

მაზნიაშვილმა დაიწყო სოფლებში პარტიზანული რაზმების შედგენა. ამაში მას ძველი რევოლუციონერი ისიდორე რამიშვილი ეხმარებოდა. სოფლად იარაღი თითქმის ყველას ჰქონდა და ცოტა თოფი იყო საჭირო დასარიგებლად. შეგროვებული პარტიზნები ყველანი იყვნენ ახლო-მახლო სოფლებიდან და მაზნიაშვილს იმედი ჰქონდა, რომ იბრძოლებდნენ „საკუთარი ქოხებისა და მინდვრების დასაცავად“. 

მე-2 ქვეითი ლეგიონი პოლკოვნიკ ყარალაშვილის მეთაურობით ამ დროს ქობულეთში იყო ჩარჩენილი. ყარალაშვილის ლეგიონი ჯავშნოსანი მატარებლის რაზმმა გამოიხსნა.

ვალოდია გოგუაძის მოგონებებიდან:

1918 წლის 2 აპრილს გენერალ გაბაშვილისაგან ცნობა მივიღე, რომ პოლკოვნიკ ყარალაშვილის ჯარი, რომელიც ჩაქვის თავზე გაჩიხულიყო, ოსმალებს გზა მოეჭრათ მისთვის და ტყვეობა მოელისო. მიბრძანებდა მივშველებოდი და ტყვეობიდან გამომეყვანა. ამ დროს ნატანებ-ოზურგეთის ხაზი ხელმძღვანელი იყო გენერალი მაზნიაშვილი. 2 აპრილს დილით ადრე ჯავშნოსანით გავემგზავრე. ქობულეთს რომ მივუახლოვდი, ოსმალოს ჯარები ქობულეთის აღმოსავლეთით გორებზე მოსჩანდნენ. დილის რვა საათი იყო. დილის 9 საათზე ჩაქვის სადგურზე ჩავედი. ჩაქვის სადგური ოსმალო ცხენოსან ათასეულს დაეკავებინა. ისინი ტყვიისმფრქვეველის ცეცხლით გავანადგურეთ. ოსმალები ჩაქვის მიდამოებშიც ყოფილან და ყოველი მხრიდან სროლა აგვიტეხეს. რკინის გზის გასწვრივ ქვეითი ჯარი გამაგრებულიყო, ყარალაშვილის შტაბი დაეპატიმრებინა და ამისი ჯარი ჩაქვის მთაზე იყო მიჩიხული. ჯავშნიანით ვერ მივუდექი. ამიტომ ჯავშნიდან 25 კაცი გადავსხი პორფირი გორგიშიძის მეთაურობით. შევუდექით ბრძოლას, რკინიგზა გავწმინდეთ; ამით ჩვენმა ჯარმა ისარგებლა და მცირე მსხვერპლით დაიხია უკან

მე-2 ლეგიონი შედგებოდა 500 დემორალიზებული ჯარისკაცისგან. მაზნიაშვილის აზრით მათ ომში გამოყვანას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მან ლეგიონი გაუშვა ლანჩხუთში, რეზერვში, რომელიც უნდა შევსებულიყო ისიდორე რამიშვილის პარტიზანებით. ოზურგეთს იცავდა ბათუმიდან გამოქცეული მე-4 ლეგიონი: მისი ერთი ათასეული იდგა ლიხაურში, ერთი შემოქმედის ბოლოში, ერთი ვაშნარში, გზატკეცილის გასწვრივ, ერთი კი საკუთრივ ოზურგეთში დგებოდა ასევე ისიდორე რამიშვილის რაზმებისგან. სადგურ სუფსაზე იდგა ცხენოსანი ბატარეა პორუჩიკი ყარაევის მეთაურობით, რომელიც მაზნიაშვილმა გაგზავნა ოზურგეთში.

2 აპრილის შემდეგ ყველა პოზიცია ნატანებიდან სოფელ ვაშნარამდე დაჭერილი იყო. აქ იდგა გორის გვარდიის 400 ჯარისკაცი.

5 აპრილს, საღამოს რვა საათზე მოვიდა ცნობა, რომ ოსმალეთის ჯარები მოდიან ოზურგეთზე, შარაგზით და უფრო მეტი ჯარი, 7000 კაცი, მოდის ლიანდაგის გავლით ნატანებისკენ. ეს ცნობა ეკუთვნოდა ქართველ მზვერავთა რაზმის უფროს გობრონიძეს. გურიაზე შესატევად მოდიოდა ოსმალეთის გალიპოლის მე-2 დივიზიის ნაწილები.

5 აპრილს ნატანებში ჩავიდნენ ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, ვლასა მგელაძე და სხვები ნატანებში ბევრი გურული ჩავიდა და მიტინგზე ირაკლი წერეთელს სთხოვეს სიტყვა წარმოეთქვა. წერეთელმა უარი განაცხადა და მატარებლის უფროსს, ვალოდია გოგუაძეს სთხოვა შენ ელაპარაკე ხალხსო. გოგუაძემ მიტინგზე შეიარაღებულ გურულებს მოუწოდა ბრძოლისაკენ. 

ჩოლოქის ბრძოლა

ოსმალებმა აჰყარეს ლინდაგი ოჩხამურის ხიდზე, რაც ადასტურებდა რომ მთავარ იერიშს სწორედ ნატანების მხრიდან აპირებდნენ. ლიანდაგის აყრით ისინი იმედოვნებნენ ქართული ჯავშნოსანი მატარებლის უფუნქციოდ დატოვებას. მაზნიაშვილმა ერთ დღეში ააგებინა ჩოლოქის ხიდიდან ტყეში შემავალი ლიანდაგი. 6 აპრილს ოსმალეთის ჯარი გამოსცდა ოჩხამურს, მაგრამ არ გამოდიოდა ველზე და თავს აფარებდა ტყეს ოჩხამურს და ჩოლოქს შორის. მაზნიაშვილმა ჯავშნოსანი მატარებლის უკან დახევა ბრძანა. ჯავშნოსანი არიერგარდში უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მანგაიზიარა ვალოდია გოგუაძის გეგმა: მტრის პოზიციებში შეჭრა და ბრძოლის გამართვა. ჯავშნოსანზე სულ 90 ადამიანი იყო.

ბრძოლა 6 აპრილს დილის ხუთ საათზე დაიწყო. ჯავშნოსანი მატარებელი შეიჭრა მოწინააღმდეგის რიგებში. მაგრამ ქართული მხარე არ ხსნიდა ცეცხლს არც მატარებლიდან და არც სანგრებიდან, რადგან ასეთი ბრძანება ჰქონდა მიღებული. მოწინააღმდეგეს ცეცხლს უხსნიდა მხოლოდ არტილერია, რომელიც კარგარეთელს ჰქონდა ჩაბარებული.

ოსმალები მიაუხლოვდნენ თუ არა მატარებელს, გაიხსნა ცეცხლი. ქართველებმა ცეცხლი გახსნეს როგორც მატარებლიდან, ასევე თხრილებიდან და სანგრებიდან. გაშლილ ველზე აღმოჩენილი ოსმალო ასკერები მრავლად დაიხოცნენ. 11 საათვისთვის, ბრძოლიდან ექვსი საათის შემდეგ ოსმალების დრეზინა დაეჯახა ჯავშნოსანს და მატარებლის პირველი ვაგონი ლიანდაგიდან გადაეგდოთ და დასავლეთიდან წამოსული ახალი ათასეულით კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ჯავშნოსანზე.

გოგუაძეს იმედი გადაწურული ჰქონდა და ხელი დააჭირა ღილაკს, რომლითაც ჯავშნოსანი უნდა აფეთქებულიყო, რატა მტერს მხოლოდ რკინის ნამსხვრევები შერჩენოდა, მაგრამ პულტიდან ნაღმამდე მიმავალი მავთული გაწყვეტილი ყოფილიყო და ნაღმი მოქმედებაში არ მოვიდა. ამასობაში მაზნიაშვილთან მივიდა დამატებითი დახმარების სათხოვნელად გაგზავნილი აკაკი ურუშაძე და ბრძოლაში ჩაერთო გორის გვარდიის 400 კაციანი რაზმი. ოსმალები საბოლოოდ გატყდნენ და დაიწყეს უკანდახევა. ქართველები ამოვიდნენ საგრებიდან და დღის 4 საათამდე მისდიეს გაქცეულ მტერს ოჩხამურის ხიდამდე. 

ბრძოლაში ქართულ მხარეს მოკვდა 4, დაიჭრა 30-მდე ადამიანი. ოსმალების მხარეს, მაზნიაშვილის შეფასებით დაიღუპა 500-მდე ადამიანი, ხოლო სხვა ქართველი სახმედრო ლიდერების შეფასებით - 1000 მდე ადამიანი. ექიმ ვახტანგ ღამბაშიძის მონაცემებით ოსმალებს ბათუმში გადაჰყავდათ 600 დაჭრილი ჯარისკაცი.

ბრძოლაში გმირობა ბევრმა ადგილობრივმა გამოიჩინა: ლიხაურელი პორფილე და ალექსანდრე გორგოშიძეები გიორგის ჯვრით დაჯილდოვდნენ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის; გმირობა გამოიჩინა ობერკონდუქტორმა სიმონ სკამკოჩაიშვილმა, გადმოცემის მიხედვით დაზვერვაზე გასულმა ჯარისკაცმა ბოლქვაძემ, რომელსაც მოულოდნელად ოსმალო ასკერების ჯგუფი შეეჩეხა, 4 მოკლა და 4 ტყვედ აიყვანა და ა.შ. 1918 წლის 13 აპრილს ვალოდია გოგუაძე გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეროვნული გმირის წოდება მიიღო. პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში ეს წოდება აღარავის მიუღია. გმირულად იბრძოდა მისი მოადგილე იუსტინე სიხარულიძე, მზვერავთა რაზმის უფროსი გობრონიძე, ელიზბარ გაგნიძე, ნოე გოგუაძე, აკაკი ურუშაძე ბრძოლაში მონაწილეობდა დავით შარაშიძე, გიგო შარაშიძის შვილი, ქრისტინე შარაშიძის ძმა, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.
ჩოლოქის ბრძოლის ერთ-ერთი გმირი, ლიხაურელი პორფილე გორგოშიძე

ოზურგეთის ჩაბარება

ჩოლოქთან მიღწეული წარმატება მაზნიაშვილს წყალში ჩაუყარა ოზურგეთში დატოვებულმა შენაერთებმა. იმავე დღეს, ოზურგეთისკენ დაძრულ ოსმალების მცირერიცხოვან ჯარს (ერთი ბრიგადა არტილერიით) ლიხაურში დაბანაკებულმა ათასეულმა არ გაუწია წინააღმდეგობა, დატოვა პოზიციები და უკან დაიხია ქალაქისკენ.

ამან გამოიწვია პანიკა, ოზურგეთი მიატოვა ჯარმა, სახელმწიფო დაწესებულებებმა და დაიწყო უკან დახევა ჩოხატაურისკენ. მთელი ქალაქი გაიხიზნა ჩოხატაურში და ოსმალებმა თავისუფლად დაიკავეს მიტოვებული ქალაქი. ყარაევის ცხენოსანმა არტილერიამ ვერ ჩაასწრო ოზურგეთში, ქალაქთან მიახლოებულ ბატარეას ზვანის ჩაის პლანტაციებთან ცეცხლი გაუხსნეს უკვე ქალაქში შესულმა ოსმალებმა და ყარაევი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. ოსმალებმა დაიკავეს ჭანიეთი, ლიხაური, მაკვანეთი, წითელმთა, მელექედურის ნაწილი, წინ წაიწიეს ვაშნარის მიმართულებით. გაკირულიდან შეუტიეს შემოქმედს, მაგრამ შემოქმედში ვერ შევიდნენ მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო. 

ოზურგეთიდან ოსმალებს თავისუფლად შეეძლოთ დაძრულიყვნენ ხიდისთავი-ჩოხატაური-საჯავახოს მიმართულებით, მაგრამ დააყოვნეს, რასაც მაზნიაშვილი შეცდომად უთვლიდა.  ოსმალებმა დაიწყეს ადგილზე გამაგრება, რადგან ოჩხამურში შეტევას ვეღარ ბედავდნენ. მაზნიაშვილმა მოასწრო ლანჩხუთში მყოფი სათადარიგო ჯარის დაყენება ნაგომარსა და ნასაკირალზე და ჩოხატაურის გზის ჩაკეტვა.

ოზურგეთის აღების გეგმა

7-14 აპრილს საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა, ორივე მხარე ამაგრებდა საკუთარ პოზიციებს. ოსმალები ოზურგეთში აგრევდნენ სახლებს, ხმარობდნენ შეშად და კლავდნენ ვინც შეეწინააღმდეგებოდა. 

მაზნიაშვილმა მიზნად დაისახა ოზურგეთის აღება. გეგმის თანახმად მარჯვენა ფრთა რჩებოდა ადგილზე, რათა ოსმალებს არ გაებედათ კვლავ ჩოლოქიდან შემოტევა. სოფელ ვაშნარიდან ოზურგეთს შეუტევდა სახალხო გვარდიის რაზმი ყარაევის ბატარეის დახმარებით. მას უნდა დაეკავებინა პოზიციები ზვანის ჩაის პლანტაციებში. როგორც კი რაზმი პლანტაციებში გამაგრდებოდა, მარცხენა ფლანგი (ნასაკირალსა და ნაგომარში მდგარი მე-2 სარეზერვო ლეგიონი) გადავიდოდა შეტევაზე და აიღებდა ოზურგეთს. ქალაქის აღების შემდეგ ჩაიში გამაგრებული რაზმები დაედევნებოდნენ უკანდახეულ მტერს და მისდევდნენ ლიხაურამდე.

ოპერაცია დაიწყო 11 აპრილს სისხამ დილით. სახალხო გვარდიამ და ცხენოსანმა არტილერიამ პოდპოლკოვნიკი კოსტილის მეთაურობით ოსმალებს შეუტიეს და დაამარცხეს ვაშნარის ველზე გამართულ ბრძოლაში. ოსმალებმა უკან დაიხიეს ზვანის ჩაის პლანტაციებისკენ.

ოსმალებთან ბრძოლაში დაღუპულთა ძმური სასაფლაო ოზურგეთ-ვაშნარის გზაზე
ყველაფერი მაზნიაშვილის გეგმის თანახმად მიდიოდა, მაგრამ დილის 10 საათზე მან მიიღო ცნობა დროებითი ზავის შესახებ და აკაკი ჩხენკელის ბრძანება, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნებოდა დილის პოზიციებს. ჩხენკელის ბრძანებას რომ დაეგვიანა, ოსმალები ქალაქის დაცვლას აპირებდნენ. მანზნიაშვილის ცნობით 11 საათისთვის ოზურგეთიდან უკვე გასული იყვნენ ოსმალების სამნეო დაწესებულებები ბარგით და ლიხაურს გაცილებოდნენ. ზავის გამო ორივე მხარემ დაიკავა პირვანდელი პოზიციები.

ნატანებისა და ჩოლოქის სადგურებზე ჩამოვიდა გერმანელი ჯარის გუნდი ოფიცრების მეთაურობით, სადგურებზე აღიმართა გერმანიის დროშა, მაზნიაშვილმა შტაბი ნატანებიდან ლანჩხუთში გადაიტანა და 7 ივნისამდე დარჩა გურიაში.

ოსმალებმა ოზურგეთი ზავის პირობების მიხედვით ივნისის შუა რიცხვებში დაცალეს. მათ ქალაქის მთელი ქონება გაიტანეს, არცერთ სახლს კარ-ფანჯარა არ დაუტოვეს, მათ შორის წაიღეს ელექტროძრავები გერმანე გოგიტიძის მიერ მისივე კინოთეატრისთვის აგებული ელექტროსადგურიდან.

N88, 11 მაისი, 1918 წ.

დამშეული გურია
(ჩვენი მიმართვა)

მრავალტანჯული და დამცირებული გურია საშინელ დღეებს განიცდის სიმშილის სახით. ისედაც დამშეულს, მას უკანასკნელ დღეებში კიდევ უფრო საშინელი განსაცდელი მოევლინა: ქ. ოზურგეთი და მის ირგვლივ მდებარე სოფლები ოსმალეთის ჯარმა დაიპყრო და ამ რაიონის (5-6 საზოგადოების) მცხოვრებნი იძულებულნი შეიქმნენ თავიანთი ქონება, და რაც მთავარია ამ შემთხვევაში, საკვები სიმინდი უპატრონოთ მიეტოვებია და გურიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს შეხიზნებოდა. მთელი ისედაც დამშეული სოფლები  - ჯუმათი, მამათი, სიროული, ძიმითი, აკეთი, ზომლეთი, ბახვი, ასკანა და ჩოხატაურის რაიონის თითქმის ყველა საზოგადოებები გავსებულია დღეს დაპყრობილი ადგილებიდან გამოქცეული „ხიზნებით“. ზოგიერთ ოჯახში 120-150 სული გამოქცეულია შეხიზნული, რომელთაც არც ერთი ფუთი სიმინდი არ მოეპოვება და ამიტომ საშინელ სურათებს აქვს ადგილი ამ რაიონებში. დადის გლეხი ტომრით ხელში უცხო სოფელში და ეძებს მჭადს, მაგრამ ვერსად შოულობს, სახლში კი - სხვის ჭერს ქვეშ ცოლშვილი შიმშილით ეხოცება. გაჩნდა ამ ნიადაგზე სხვადასხვა ავათმყოფობანი და ხალხს მუსრს ავლებს. მშველელი არავინ არ არის. მაზრის სასურსათო გამგეობა არსად სჩანს. მან ბედის ანაბარათ მიატოვა ოზურგეთის აღების შემდეგ დამშეული ხალხი და სადღაც გაქრა. გურიის სხვა ორგანიზაციები - უმთავრესად თავდაცვის კომიტეტი - ყოველ ზომებს ხმარობს, რომ სადმედან სიმინდი შეიძინოს და ხალხს მიაწოდოს, მაგრამ მათი ცდა ჯერ უნაყოფოდ რჩება. სასურსათო კომიტეტის მიერ დაბევებული სიმინდი არსად სჩანს, ამბობენ ქუთაისში მიიღესო, სამტრედიაშიდაც დააკავეს გურიაში მომავალი სიმინდით დატვირთული ვაგონებიო, მაგრამ დამშეულ გურიამდე მხოლოდ ხმები აღწევს ამის შესახებ. ხალხი კი, ვიმეორებთ, შიმშილით სულს ღაფავს, მთებსა და კლდეებში შეხიზნულთ არრც ერთი დღის საკვები არ მოეპოება და მათ ადრე შიმშილით სიკვდილი მოელისთ.

ამიტომ ჩვენი პრესის საშუალებით მივმართავთ ხელმძღვანელ ორგანოებსა და პირებს, ამიერკავკასიის სასურსათო გამგეობასა და მთავრობასაც - მიაქციონ ამ მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება, დაუყოვნებლივ მიაწოდონ რაიმე საკვები (სიმინდი იქნება ეს თუ სხვა რაიმე) დამშეულ ხალხს და მით უზრუნველყონ მათი ფიზიკური არსებობა. თორემ ისტორია არავის არ აპატიებს გაჭირვებაში შიმშილის კლანჭებში მყოფი ხალხის თავის ანაბარად მიტოვებას.

წინადადებას ვაძლევთ აგრედვე ოზურგეთის მაზრის სასურსათო გამგეობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს თავის მოვალეობას და განაახლოს მუშაობა გურიის რომელიმე თვალსაჩინო პუნქტში. 

ოზურგეთის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი და ოზურგეთის ქალაქის თავის მოადგილე მიხა საბაშვილი.
გურიის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი და მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ვანო ბ. ღლონტი
p.s. ვსთხოვთ სხვა გაზეთებსაც, გადაბეჭდონ ეს წერილი.
მ. საბაშვილი 


N3, 14 ივლისი, 1918 წ.

ჯერ კიდევ 1905 წლის მეფის დამქაშების მიერ აოხრებულ მხარეს სულის მობრუნება ვერ მოესწრო, რომ ბარბაროს ოსმალთა მსხვერპლი შეიქმნა ... თვე-ნახევარი ოსმალთა თარეში გურიაში მეტად ცუდ სურათს გვიხატავს: სურსათი სავსებით გაზიდული, მცხოვრებთა ბინები უკიდურესობამდე გაცარცვულ-გაპარტახებული, მინდვრები დაუთესავი; ერთი სიტყვით ყოველივე სახსარ-მოკლებული გურული კაცი იძულებულია საარსებო წყარო ეძიოს, მაგრამ სად? არც სიმინდი, არც ლობიო, არც ძროხა და არც არაფერი...დაუფიქრდით ახლა თქვენ ასეთ ულმობელ პირობებს და ნათლად წარმოვიდგენთ თუ რა უსაშინლეს ყოფაში გადაიჩიხა დღეს ეს ბედისგან გაწირული ხალხი
ვისთან და სად ეძებოს გურულმა კაცმა შველა, რით კვებოს წვრილი ცოლ-შვილი, რით გაუმკლავდეს საშინელ ხვედრს სიმშილით სიკვდილისა? - აი, დღიური კითხვები, რომლებიც სწვავს და მოსვენებას არ აძლევს გურულ გლეხს
მთავრობამ მიიღო ზომები ხალხის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ეს ცვარია ზღვაში
აბა რა უნდა უქნას კვირაში ერთი გლეხის ოჯახს 2 თუ 3 კგ ქერმა - ან სიმინდმა?
სხვა გვარი დახმარება ხალხს არ აქვს
ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში მას კიდევ ასულდგმულებს „ფოთიდან 5 დაზუპნული პარახოთი ფქვილი მუაო" - ინუგეშებს ის თავის თავს და მშიერი ელოდება დახმარებას
არც სასურსათო კომიტეტების გაუქმებამ უშველა ხალხს ... ერთი სიტყვით, მდგომარეობა მეტად დამაფიქრებელია... სიმშილის ნიადაგზე გადამდები სნეულება იკიდებს ფეხს და გურულ ხალხს, სწორედ რომ გადაგვარება მოელის, თუ დროზე არ მივეშველეთ

ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დაცულია შემდეგი დოკუმენტები:

ცნობა
გაცემულია ლიხაურის საზოგადოების კომისარ ლ. სალუქვაძის მიერ

მოწმობა ეძლევა ლიხაურის საზოგადოების სოფელ ნიაბაურის მცხოვრებთა რწმუნებულს, ბებურ ელისბარის ძე გორდელაძეს, მას შინა, რომ სოფელი ნიაბაური მდებარეობს ბათომის ოლქის საზღვრად, შეიცავს მცხოვრებთა ას კომლზე მეტს, გასულ 1918 წელში ოსმალთა ჯარის შემოსევის დროს ეს სოფელი სხვებთან შედარებით ძლიერ დაზარალდა და განადგურდა, რის გამო მცხოვრები აღნიშნული სოფლისა განიცდიან უკიდურეს გასაჭირს ყოველ მხრივ, განსაკუთრებით კი სურსათის მხრივ, და რომ ის, რწმუნებული გორდელაძე მიდის სურსათის შესაძენად მცხოვრებთათვის, რისთვისაც ლიხაურის სოფლის სამმართველო სთხოვს სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებს და პირთ რათა აღმოუჩინონ რწმუნებულს სოფელ ნიაბაურისა გორდელაძეს ყოველგვარი კანონიერი დახმარება სურსათის შეძენაში. რწმუნებული გორდელაძე ვალდებულია ყოველივე შენაძენის თუ ფულის ანგარიში წარუდგინოს ოზურგეთის ერობის გამგეობას, მოწმობა ეძლევა ლიხაურის სოფლის სამმართველოსაგან. აღნიშნული სოფლისთვის საჭიროა სიმინდი საჭმელი 3500 ფუთი და სათესლე 400 ფუთი

ოზურგეთის სამაზრო გამგეობის წერილი შსს-ს,
1919 წლის 4 ნოემბერი

ისე სწრაფად და მოულოდნელად მოხდა ოსმალთა გამოლაშქრება ქ. ოზურგეთზე 1918 წლის 7 აპრილს, რომ არამცთუ კერძო პირს არ ჰქონდა გათვალისწინებული ეს საშიში მდგომარეობა, რომ წინასწარი თადარიგით ცოტა რამ მაინც გადაერჩინა თავის ოჯახიდან, არამედ თვით სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებანიც კი დარჩნენ ოზურგეთში თავიანთი საქმეებით, ნივთებით, და ქონებით და ისე ჩაუვარდა მტერს ხელში. მტერი შემოესია ქალაქს ჯოჯოხეთური ცეცხლით ლიხაურის საზოგადოებიდან 7 აპრილს, ნაშუადღევის 4 საათზე და შეძლო ოზურგეთში შემოსვლა მხოლოდ 8 აპრილს განთიადისას. ამ ხნის განმავლობაში ოზურგეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გამოსავალი ყველა გზა სავსე იყო აუარებელი ლტოლვილებით. მირბოდნენ თავგამოდებით დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ვისაც როგორ მოესწრო. მტრის მიერ დაკავებულ ხაზში მოყვნენ ლიხაურის საზოგადოება ყველა სოფლით; მთელი ქალაქი ოზურგეთი განაპირა უბნებით; ნაწილი გურიანთის საზოგადოებისა, ხვარბეთის საზოგადოებიდან სოფ. ლაითური; დვაბზუს საზოგადოების სოფ. ბოხვაური, ექადია, ეწერი, გამოღმა მელექედურისა და სოფ. დვაბზუს ნაწილი; შემოქმედის საზოგადოების სოფლები კვირიკეთი, მაკვანეთი და წითელმთა.

1918 წლის ივნისის პირველ რიცხვებში ახ. სტილით, მოხდა აქ დასახლებულ სოფლებისა და ქალაქ ოზურგეთის ზარალის ცნობაში მოყვანა-რეგისტრაცია აღწერილობა და შეფასება თანახმად საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთავრობის განკარგულებისა. ზარალის აღწერა რეგისტრაცია და შეფასება მოახდინა ხალხის მიერ არჩეულ კომისიასთან ერთად მთავრობისა და გურიის დამხმარე კომიტეტის წარმომადგენლებმა. ამ უკანასკნელს ეს აღწერა უნდა წარედგინა მთავრობისთვის, რომელიც დაპირებული იყო მცხოვრებლებზე, რომ აუნაზღაურებდა მტრის შემოსევით მიყენებულ ზარალს, მაგრამ კომიტეტის ადგილობრივი განყოფილება დაიხურა და ყველა ეს საქმეები გადმოეცა...

ზემოხსენებულის გამო, რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს ომით განადგურებულ და მოუსავლობით გადაშენების გზაზე დამდგარ მცხოვრებთ დღევანდელი აუწერელი მდგომარეობა, ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობა უპატივცემულესად შუამდგომლობს ბ-ნ შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე, რათა სასწრაფოდ იქნას მიღებული ზომები, რომ სათანადო წესით აუნაზღაურდეს ზემოთ-დასახელებულ სოფლების და ქალაქის მცხოვრებთ ოსმალთა შემოსევით მიყენებული ზარალი, თანახმა ამასთანავე წარმოდგენილ აღწერილობითი უწყებებისა. მით უმეტეს, როცა დღევანდელი ფულის კურსით მაშინდელი შეფასების ანაზღაურება სამეოთხედოდაც ვერ აღადგენს ნამდვილ ღირებულებას.

ამასთანავე ირდგინება სია და უბნების აღწერილობა


გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 11 მაისი, წერილი „დამშეული გურია“
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/144341/1/Sakartvelo_1918_N88.pdf



Comments

  1. თანახმა ამასთანავე წარმოდგენილ აღწერილობითი უწყებებისა - ამაზე რამე დამატებითი ინფორმაცია არსებობს?

    ReplyDelete
    Replies
    1. ეგ დოკუმენტი არ მაქვს

      Delete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

რა ვნახოთ გურიაში?

რუკები და მცირე ინფორმაცია მათთვის, ვინც გურიის დათვალიერებას აპირებს მანქანით, ველოსიპედით ან ფეხით ქვის საწნახელი  გონებისკართან ახლოს არის ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი უძველესი საწნახელი, გონებისკარიდან ერთ კილომეტრში. სოფლის ცენტრიდან ფეხით ასვლა შეიძლება Powered by  Wikiloc ასკანის ციხე საწყისი პუნქტი სოფელი მთისპირი. ციხემდე გზაზე შესაძლებელია მსოფლიოში უნიკალური ბენტონიტური თიხის საბადოს, ასევე ულამაზესი ტბების ნახვა. სოფლის ცენტრიდან ოდნავ მოშორებითაა ინწკირველების ეკლესიის ნანგრევები. ციხეზე მხოლოდ ფეხით შეიძლება ასვლა. Powered by  Wikiloc აკეთი საწყისი პუნქტი ნასაკირალი, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა. გზაზე არის შესაბამისი ნიშანი. საქვიხიას ჩანჩქერი, ოქონას მონასტრის ნანგრევები, აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია, აკეთის მაცხოვრის ეკლესია Powered by  Wikiloc გურული ოდები საბჭოთა მოზაიკები გურიაში ამავე თემაზე:  ბახმაროს ტურისტული ბილიკები