გ უ რ ი ა შ ი
გურიაში რეპრესიები განსაკუთრებულ პირობებში ხთება. საბჭოების არჩევნების შემდეგ უკვე დაიწყეს რეპრესიები. არჩევნების დროს თითქმის გარდა კომუნისტებისა დასაჭერ სიაში იქნა შეტანილი ყველა, ე.ი. ვინც კომუნისტების წინააღმდეგ მისცა ხმა. და მოჰყვენ იქიდან ნელ-ნელა და ამ უკანასკნელათ კი ჭერამ მასიური ხასიათი მიიღო. აგრეთვე რეპრესიები გამოიწვია ბუხარინის მოხსენებამ მოსკოვში ამიერკავკასიის ფრონტის შექმნის შესახებ. საქართველოს განსაკუთრებით მოიხსენებდა, ურჩევდა ქართველ კომუნისტებს განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ. მართალია თუ მტყუანი, ყველას იჭერენ და ჩეკაში დღეს გურულები ასობით დაითვლება. თუ წინათ ხელწერილი შველოდათ, დღეს ასეთი აღარ გადის. გადის მხოლოდ, თუ მისცემენ ხელწერილს იმისას, რომ ორგანიზაციას ან-დევნილებს ჩააგდებინებენ ხელში. ტანჯვა-წამება ხომ უმაღლეს წერტილამდის არის განვითარებული. აქამდე ქალებს სარდაფში არ აგდებდენ და არც ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდენ. დღეს კი ეს პირიქით ხთება: ქალები კვირაობით ყავთ სარდაფებში უქვეშ-საგებლოთ და უჭმელ-უსმელი და ფიზიკურ შეურაცყოფასაც კი აყენებენ. იქამდის მიდის ჩეკის საქმიანობა, რომ სამარცხვინო საქმეს ჩადიან. გაგონილა სადმე, რომ ქალის საცვლები მამაკაცებს გაეშინჯოთ? გურიაში კი ამას არ სირცხვილობენ. კარებთან, სადაც აუარებელი ხალხია თავმოყრილი, თავისუფლათ გაშლიან საცვლებს და ჰაერში აფრიალებენ და იცინიან. მამაკაცების ცემასა და სხვა ზომების მიღებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მათი ბღავილი ქუჩაში ისმის, გამვლელ გამომვლელნი სიცოდვით იწვებიან, მაგრამ რა ქნან, ყოველივეს თავის გულში იკლავენ.
დევნილების დევნა ხომ განსაკუთრებული ენერგიით მიმდინარეობს. რომ სისწორით ვთქვათ, დღეს გურია წარმოადგენს ერთი მხრით დევნილების და მეორეს მხრით ჩეკისტების ბანაკს, ჩეკა თანდათან უმატებს ახალ-ახალ რაზმს, და ამ უკანასკნელათ კი შექმნეს განსაკუთრებული რაზმი დევნილებთან საბრძოლველათ. პოლიტიკური დევნილები არ არიან უზრუნველყოფილი და დაზღვეული სიკვდილისაგან და ყველას გადაწყვეტილი აქვს ცოცხლათ არ დანებდეს. დევნილების ოჯახები შევიწროებულია. ერთი სიტყვით პირდაპირ ცეცხლი ანთია.
ხალხში სულიერი სიმტკიცე დიდია. დღესხვალობით ელის ჯალათების განდევნას. ნებისყოფა გაუტეხელია.
რეპრესიებს კიდევ მეტს მოველით 26 მაისისათვის, ჩეკა აქედანვე შეუდგა სამზადისს და მშვიდობიანი ხალხი ღამე ვერსათ დადის, რადგან ყველა გზები შეკრულია.
ყ ა ჩ ა ღ ი ნ ი კ ო ლ ა ი შ ვ ი ლ ი
ამ ერთი თვის წინათ სოფელ ოქროსქედში (ბახვის თემი) მოკლულ იქნა ამავე სოფლის მცხოვრები ყაჩაღი ვისიტი ნიკოლაიშვილი.
ამავე ყაჩაღის ამხანაგ-მეგობრებმა იმავე სოფელში მოკლეს ნიკოლაიშვილის გამცემი ცოლ-ქმარი ცქვიტინიძეები.
არც პირველი და არც მეორე შემთხვევა გასაკვირი არ არის. მხოლოთ ჩვენ ვიკითხოთ ნიკოლაიშვილის გაყაჩაღების მიზეზი. „კომუნისტს“ თუ დავუჯერებთ, იქ არის ნათქვამი, რომ „ნიკოლაიშვილი ოსმალეთში ყაჩაღობდა თვითმპყრობელობის დროსო. შემდეგ ბათუმში. მენშევიკების დროს მენშევიკებმა მიიღეს პარტიაში და ტყის მცველათ დანიშნეს. გასაბჭორბის შემდეგ ნიკოლაიშვილი კვლავ ყაჩაღათ გადის. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს გურიაში ხელმძღვანელობდა აჯანყებულებსო“ და სხვადასხვა.
სად მოუყარეს თავი ამდენ ჭორებს, ნეტავი ვიცოდეთ. ნიკოლაიშვილი არასოდეს არც უწინ და არც ეხლა სოც. დემ. პარტიაში არ ყოფილა. და რომ გურიაში მომუშავე პასუხისმგებელ ამხანაგებს სასიკვდილოთ სდევდა. ამის უამრავი საბუთი გვაქვს. ნიკოლაიშვილი აჯანყებას ხელმძღვანელობდაო. გურიას რომ ნიკოლაიშვილისებური ყაჩაღები აჯანყების ხელმძვენელათ არ სჭირდება, ეს თვით კომუნისტებმა კარგათ იციან. ისიც კარგათ იციან, რომ ნიკოლაიშვილი აჯანყებას არ ხელმძღვანელობდა, მაგრამ ალბათ ასეთი სიცრუე დასჭირდათ აჯანყების სახელის გასატეხათ.
ზემოთ ნათქვამია - ვიკითხოთ ამ უკანაკსნელთა ე.ი. 1924 წლის შემდეგ ნიკოლაიშვილის გაყაჩაღების მიზეზი თქო, აი მიზეზიც.
1924 წლის ბოლო რიცხვებში ნიკოლაიშვილს იბარებს ოზურგეთის ჩეკა და აძლევს წინადადებას გახდეს ჩეკის აგენტი, დაუახლოვდეს ს. დემ. ორგანიზაციას, გაიგოს ორგანიზაციის წევრების და ხელმძვანელების ვინაობა, დევნილების ასავალ-დასავალი, ეს უკანასკნელები შესაძლო პირობებში კიდევაც მოჰკლას. თუ უარს იტყოდა ამ წინადადებაზე, მოელოდა ჯერ ჩეკა და მისი სარდაფი და შემდეგ კი დახვრეტა, წინადადებასთან ერთად კი აძლევდნენ ფულს და იარაღს.
რა ქნას ნიკოლაიშვილმა: არ დაპირდეს, მოელის სასჯელი, დაპირდეს და არ იცის არაფერი ორგანიზაციის. ორ უბედურებაში აირჩია ნაკლები უბედურება, რადგან ნაკლებ უბედურებისაკენ იყო ფული და იარაღი. მოუწერა ხელი და გამოვიდა. ეს გაუგებელი არ დარჩა და ნიკოლაიშვილს, როგორც აგენტს ყველა ზიზღით უყურებდა და იხსენიებდა. ნიკოლაიშვილმა ჩეკას დაპირება ვერ შეუსრულა. რამდენიმე თვის შემდეგ მას ნახულობს პირდაპირ ოზურგეთის ჩეკის თავმჯდომარე ბ. ჯალაღანია და პარტკომის მდივანი გერ. კვაჭაძე. კიდევ მოლაპარაკება და კიდევ დავალება. მაგრამ ნიკოლაიშვილისაგან ვერაფერი გაიტანეს, რადგან არ იცოდა არაფერი. ჩეკამ მოითხოვა უკანვე ფული და იარაღი, აბა ფულს საიდან მისცემდა. დახარჯული ქონდა, შემოსავალი არაფერი ქონდა და უმწეოთ ეყარა მისი წვრილი ცოლ შვილი, და მართლაც ბოლოს და ბოლოს რომ ვერაფერი გაიტანეს ნიკოლაიშვილისაგან, დაუწყეს დევნა, როგორც ყაჩაღს. ნიკოლაიშვილი იძულებული გახდა გამხდარიყო ნამდვილი ყაჩაღი. მთავრობა სდევნიდა, სახლში არავინ უშვებს, ცოლშვილი მშიერ-მწყურვალი უყრია, გამოსავალი არსაით ქონდა, თუ არა ცარცვა-გლეჯა და კიდევაც მიჰყო ხელი.
რა ქნას მთავრობამ, ვერ დაიმორჩილა, ვერ მიუდგა და მიმართა ხერხს: ბევრი ფულის დაპირებით მოიყიდა ცოლქმარი ცქვიტინიძეები და გააცემინა ნიკოლაიშვილი. ყაჩაღის ამხანაგებმაც სამაგიეროს გადახდა იკისრეს და ის იყო კიდეც მოკლეს ცქვიტინიძეები.
ცქვიტინიძეები საუკეთესო სოფლის მშრომელი ხალხი მოღალატის სახელით ჩავიდნენ საფლავში.
დიახ, ჩეკამ გააყაჩაღა ნიკოლაიშვილი, ჩეკამ მოკლა და თანვე გადაააყოლა ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი (მათ ოჯახში დარჩა მარტო ერთათერთი 5-6 წლის ბავშვი) და ვის უნდა აუხვიონ თვალი ამ ჯალათებმა?
ნიკოლაიშვილი პირველი და უკანასკნელი არ არის ამ შემთხვევაში.
ეს ახალი ამბავი არ არის, ძველია, მაგრამ ამ უკანასკნელათ კი ასეთ შემთხვევებმა ფართო ხასიათი მიიღო: ჩეკა იჭერს შემჩნევით ამა თუ იმ პირს, და ისიც ისეთებს, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ ორგანიზაციასთან. ბევრი ტანჯვა-წამების შემდეგ სასტიკი ხელწერილით (თუ არ შეასრულებს, უმაღლესი სასჯელი მოელის და გადასახლება ხომ აუცილებელია) პირობას ართმევენ, რომ გასცეს ორგანიზაცია და დევნილები. ამ მხრივ იერიშები მიაქვთ უფრო ახალგაზდებზე. რა ქნან, ეგებიან ჩეკის მიერ დადებულ მახეში და ასეთი ხელწერილის მიცემის შემდეგ ანთავისუფლებენ; გამოდიან და რა ქნან, როდესაც არაფერი იციან, ამას ხომ ჩეკას ვერ ეტყვიან. თავი დაახწიეს ჯოჯოხეთს, ახსოვთ იქ გავლილი ტანჯვა-წამება და კიდევ ხელმეორეთ ჩაუვარდებიან ხელში? არა, ამბობენ, იქ სიკვდილს აქ სუფთა ჰაერზე სიკვდილი გვირჩევნიაო; გარბიან, მაგრამ სად, არც თვითონ იციან. გაქცევის შემდეგ ზოგნი ხელში უვარდებათ - გაათკეცებული წამების შემდეგ თუ არ დახვრიტეს, აუცილებლად გადაასახლებენ. ჩეკა თვით უწყობს ხელს დევნილი ხალხის გახშირებას, ამის მაგალითი გურიაში ბევრია და მომავალშიც კიდევ მეტს მოველით. თუ ასე არ მოიქცა ჩეკა, აბა რა ქნას, უსაქმოთ ხომ ვერ გაჩერდებიან?
გაზეთი „ბრძოლა“, N29-30, 1927
რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი გ უ რ ი ა შ ი
წინა წერილში ვიწერებოდი აქ მძვინვარე რეპრესიების შესახებ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ რეპრესიებს დროებითი ხასიათი ექნებოდა და ცოტას მაინც დაგვასვენებდენ, მაგრამ მოვსტყუვდით. რეპრესიებმა ყოველივე მოლოდინს გადააჭარბა. 1925 წელს გურიისათვის შეიძლება ეწოდოს რეპრესიების წელი. არ ინდობენ არავის, იჭერენ ყველას, ქალს და კაცს, მოხუცს და ახალგაზდას. წამება კი ჩეკაში პირდაპირ აუტანელია. მაგალითად ოზურგეთის ჩეკაში შემოიღეს ახალმოდის წამება, ჯერ არსათ გაგონილი. ჩეკა მთელი კვირაობით ჩაამწყვდევს ტუსაღს ბნელ საკანში და არ აძლევს საჭმელ-სასმელს, ერთი კვირის შემდეგ დასუსტებულ, ღონე-მიხდილ ტუსაღს მოასულიერებენ და თუ ეს პირველი კვირა წამებისა საკმაო არ გამოდგა ტუსაღის გატეხისათვის, კვლავ იმეორებენ ამ საშინელებას. არის მაგალითები, რომ ამ სახით ორჯერ და სამჯერ აწამეს ტუსაღები. საკანში აგდებენ ხშირათ სრულიად ტიტვლებს.
ერთ ოჯახში დაიჭირეს ერთი პოლიტიკური დევნილის დედა, და, ძმა, მამიდა და ბიზაშვილი. ოჯახში არავინ არ დატოვეს. მაგრამ ეს არ აკმარეს - 70 წლის მოხუცი დედის თვალწინ უმაგალითოდ სცემეს მის ვაჟს. განა ამაზე მეტი სისაძაგლე კიდევ შეიძლება, რომ მოხუცი დედის თვალწინ აწამებენ მის ახალგაზდა ვაჟს?
იშვიათია ისეთი ბედნიერი ოჯახი, რომ ერთი წევრი ოჯახისა მაინც არ იყოს ან დაჭერილი ან გადასახლებული.
ბერია (გრუზჩეკის თავმჯდომარე) სანახევროთ ოზურგეთში ზის და პირადათ ხელმძღვანელობს რეპრესიებს. დაიწყეს ძველი სიით ჭერა, და იჭერენ ისეთ ხალხს, რომელთა დიდ უმრავლესობას არავითარი კავშირი არ აქვს არალეგალურ მუშაობასთან. დღეს გურიაში მოქმედებს ორი ჩეკა - ერთი ადგილობრივი და მეორე კი თვით გრუზჩეკა. დაჭერილებს ყველას თფილისში გზავნიან, იქიდან კი რუსეთში. პოლიტიკურ დევნილებს ისე სდევნიან, როგორც ყაჩაღებს: გაუფრთხილებლათ ესვრიან თოფს, თუნდაც დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ მსხვერპლს იარაღი სრულიადაც არ გააჩნია.
მაგალითი: ერთი თვის წინათ თავს დაესხენ ერთ ჩვენ არალეგალურათ მცხოვრებ ამხანაგს სტუდენტ გრიშა ნიკოლაიშვილს. ბუნებრივია, რომ ის შეეცადა გაქცევას. ეს იყო შუა დღეზე. მხეცებმა შეამჩნიეს, რომ უიარაღო კაცი გარბოდა და კარგათ იყვნენ დარწმუნებული, რომ მსხვერპლი მათ ვერ გაექცეოდა, ვინაიდან ირგვლივ შემოქალტული ჰქონდათ არემარე. მიუხედავათ ამისა, ზაპლი მისცეს და 4 მძიმე ჭრილობა მიაყენეს. ასე წაიღეს ცოცხალმკვდარი.
ესეც არის მივიღე ცნობა., რომ ლიხაურის და შემოქმედის თემებში დაუჭერიათ ბევრი ხალხი. შეიძლება ითქვას, რომ გურია დღეს ბრძოლის ველს წარმოადგენს. მთელი იერიში გურიაზე არის მოტანილი. „გურია უნდა გავანადგურო, ან ჩემს ჭკუაზე მოვიყვანოო“ უბრძანებია ბატონ ბერიას. „ჭკუაზე მოყვანის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ განადგურებით კი გვანადგურებს.
გთხოვთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ აღიმაღლოთ ხმა გურიის დასაცავათ პრესით, სიტყვით და ყოველგვარი საშვალებით.
არ იფიქროთ, რომ გადამეტებულს რასმე გწერდეთ. პირიქით, რაც ხდება იმას სანახევროთაც ვრე გწერ, გარწმუნებ, გურია ცეცხლის ალშია გახვეული.
...რეპრესიებს თანდათან აღვივებენ, მიმართავენ ყოველგვარ საშვალებას, აპატიმრებენ ყველას, ვინც კომუნისტი არ არის. გურია დაიცალა ხალხიდან. სანამდის გასტანს ასეთი დევნა, ვინ იცის. ყოველ შაბათს გადის ეტაპი ოზურგეთიდან. ასევე გადის ტფილისიდან რუსეთისაკენ ყოველ 15 დღეში. განტვირთავენ თუ არა ჩეკას და ციხეს, იმავე წუთში შეავსებენ. გურულებს თითქმის ქალ-ბაღნიანათ იჭერენ. ყველას რუსეთისაკენ აგზავნიან. ამ ხნის განმავლობაში არავინ არ გაუშვიათ. ახლა სათუო აღარ არის, რომ ყველა დაჭერილებს 15 დღის ჩეკაში წამების შემდეგ რუსეთისაკენ უკრავენ თავს. ყველასთვის ადვილი წარმოსადგენია, თუ რას ნიშნავს შიშველ-ტიტველ მშიერი ხალხისათვის რუსეთში გადაგზავნა და ისიც ამ ზამთარში. ეს პირდაპირ სიკვდილის განაჩენია. ნახევარიც ვერ დაბრუნდება ცოცხალი. რეპრესიების გამო გამრავლდა არალეგალურათ გადასულთა რიცხვი. რუსეთში სიკვდილს აქ სიკვდილი მირჩევნიაო, გაიძახიან. მართალიც არიან.
ჩეკამ თავის მხრით ამ არალეგალურ ხალხის დასაჭერათ, რომ გამცემი და მოღალატე ვერ იშოვა, ჩამოიყვანა მაძებარი, გაწვრთნილი ძაღლები და ამ ძაღლების საშვალებით დასდევენ პოლიტიკურ დევნილებს, რომ უბრალო ხალხი აწიოკებას გადავარჩინოთ, ჩვენ თვითონ ვერიდებით ვინმეს არ მისვლას და ჩვენი თავშესაფარი ამ ზამთარში ტყე არის მხოლოდ.
რამოდენიმე ხნის წინათ გურიას ესტუმრა კ. სულაქველიძე თავისი შტაბით და ჩამოიარა თითქმის გურიის ყველა სოფლები. მათი მოგზაურობის მიზანი იყო არალეგალურათ მცხოვრებ პოლიტიკურ დევნილთა შერიგება. ბ-ნი კოწია იძლეოდა ხალხის წინაშე „პატიოსან სიტყვას“, რომ ვინც კი შემოგვირიგდებაო, იმათ მერმე ვერავინ ხელს ვერ წააკარებს და შეუძლიანთ დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებასო. ამ უკანასკნელი რეპრესიების გამო გაქცეულები თითქმის ყველა მივიდა და მიიღეს კოწიასაგან მანდატი, რომ ის შემორიგებული იყო და სხვა. დაათავა რა თავის მოგზაურობა გურიაში და შეირიგა რა ეს ხალხი, გაემგზავრა თფილისში. შერიგებულებმა კი უშიშრათ მოისვენეს თავიანთ სახლებში. მაგრამ დახეთ მაგათ მუხანათობას. კოწია არც კი იქნებოდა თფილისში ჩასული, რომ ჩეკამ ამ შერიგებულ ხალხს ჩამოუარა ღამით და ყველანი ჩარეკა ოზურგეთში და იქიდან კი ზევით (თფილისისაკენ) გაისტუმრა. ასე რომ ბ-ნი კოწია ერთხელ კიდევ გამოვიდა ჯაშუშის როლში, პირნათლათ შეასრულა ჩეკის დავალება და არც კი სცხვენია ისე თავისუფლათ ამბობს თავის ჟურნალ „ახალ გზაში“ - ისეთ სიმპატიურ დაწესებულებაში, როგორიც არის ჩეკა, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებო.
ასეთია ამ ვაჟბატონის საქმენი საგმირონი.
4 ოქტომბერი, 1927 წ.
გურია.
გაზეთი „ბრძოლა“, N33-34, 1928
გ უ რ ი ა
ერთი წელია, რაც მთელს საქართველოში დაიწყო არაჩვეულებრივი რეპრესიები. რაც დრო გადის, ეს რეპრესიები, შენელების მაგიერ, უფრო მრავლდება და ბარბაროსულ ხასიათს ღებულობს. რამდენადაც საბჭოთა იმპერიის ჩეკისტთა ხელისუფლებას საგარეო მდგომარეობა ურთულდება, იმდენად ის მეტის რისხვით და სიმკაცრით ატყდება თავზე უფლება აყრილ და დამონებულ ქვეშევრდომთ. როგორც სჩანს „მუშათა და გლეხთა“ მთავრობას გადაუწყვეტია თავისი საგარეო და საშინაო მარცხიდან გამოწვეული ჯავრი, მშვიდობიან მოქალაქეებზე იყაროს. მართალია რეპრესიები მთელ საბჭოთა ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მაგრამ მოსკოვის ჯალათების ყურადღება განსაკუთრებით გურიაზეა შეჩერებული. გურიის მშრომელი გლეხების და მუშების დარბევაში და აწიოკებაში საბჭოთა იმპერიის მუშათა და გლეხთა მთავრობამ ასჯერ და ათასჯერ გაუსწრო თავის ტყუპს მეფის მთავრობას.
გურიის გასანადგურებლად ხელისუფლება არ დაკმაყოფილდა ადგილობრივი გურიის ჩეკით. მას დაახმარა სრულიად საქართველოს და ამიერ-კავკასიის ჩეკების წარმომადგენლები. ამ რიგად გურიაში მოქმედებს სამი ჩეკა, თვითეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული რაზმი და ჯაშუშთა არმია ჰყავს და ერთმანეთს ეჯიბრებიან ხალხის დარბევაში.
ჯერ არ ნახული გაცოფებული იერიშები ჩეკისტთა ურდოებმა მიმდინარე წლის დასაწყისში მოიტანეს გურიაზე. პოლიტიკურ დევნილებს ტყვიისმფრქვევლებით შეიარაღებულ რაზმებით დაუწყეს დევნა. ამ ბარბაროსობის საილუსტრაციოთ მე მინდა მოვიყვანო რამოდენიმე ფაქტი.
სოფ. მაკვანეთში და მის ახლომახლო სოფლებში არალეგალურად ცხოვრობდა ჩვენი ამხანაგი. აქტიური პარტიის წევრი, სევერიანე თოიძე ახალგაზრდა 27-28 წლის, 6 თვის მალული. მიმდინარე წლის იანვრის პირველ რიცხვებში თოიძე გაცივებით ავად გახდა და იწვა კალანდარიშვილის სახლში (ს. მაკვანეთი). კალანდარიშვილის სახლთან ჩასაფრებულ ჩეკის აგენტის მეოხებით გაიგეს თოიძის იქ ყოფნა და 9 იანვარს, დღის 3 საათზე 40-50 კაცისაგან შემდგარი რაზმი, ჩეკისტების თანახლებით და ოზურგეთის მილიციის უფროსის თანაშემწე გოგუაძის მეთაურობით თავს დაესხა კალანდარიშვილს. სახლს ალყა შემოარტყა და ასტეხა სროლა. სროლის ხმაზე, სიცხეში მყოფი თოიძე, საცვლების ამარა რევოლვერით ხელში ლოგინიდან წამოიჭრა და გარეთ გამოვარდა. გაჩაღდა თავდამსხმელებსა და დამხდურს შორის უსწორო ბრძოლა. თოიძემ იგრძნო, რომ მისი სიცოცხლის წამები დათვლილი იყო და მან გადასწყვიტა თავისი სიცოცხლე ძვირად დაეჯინა მტრისათვის. სროლის დროს მან მოჰკლა ერთი მილიციონერი, სასიკვდილოდ დასჭრა მეორე და მსუბუქათ დასჭრა თვით გოგუაძე, მაგრამ იმავე დროს იქვე ჩასაფრებულ ჩეკისტის ტყვიამ განგმირა მისი რაინდული გული. გამხეცებული მილიციონერები და ჩეკისტები თოიძეს სიკვდილის შემდეგ შეიჭრენ კალანდარიშვილის სახლში და შურისძიების მიზნით ვერაგულად მოჰკლეს დიასახლისი (კალანდარიშვილის მეუღლე) და დასჭრეს მცირე წლოვანი ბავშვი.
ტყვიის მფრქვევლებით შეიარაღებულ რაზმების თარეშმა, როგორც სჩანს, შესაფერი ნაყოფი ვერ გამოიღო და აი ჩეკამ ახალ ზომას მიმართა. ამ რამოდენიმე დღის წინ მან გამოაცხადა საალყო წესები. საღამოს 7 საათიდან მშრომელი გლეხობა ქოხებში უნდა ჩაიკეტოს, გარედ გამოსვლის და მიმოსვლის უფლება არა აქვს. „თუ ვინმე გაბედავს და ამ წესს დაარღვევს, ჩვენ მას გაუფრთხილებლად ვესვრითო“, იქადნება ჩეკა. რა მოხდა? რამ გამოიწვია ასეთი უკიდურესი ზომა, როგორიც არის საალყო წესები? იქნებ გურია აჯანყდა, ან რაიმე გამოსვლა მოაწყო, ან უდიდესი ტერორისტული აქტი მოახდინა?
არაფერი ამის მსგავსი აქ არ ხდება და არც მომხდარა. გურიის მშრომელი ხალხი ეწევა მშვიდობიან შრომას. მაგრამ მას მაინც ანადგურებენ და არბევენ. მთელი მისი დანაშაულობა გამოიხატება იმაში, რომ ჩეკას იჭვი აქვს, რომ გურიას თავს აფარებს ორიოდე პოლიტიკური დევნილი, თუმცა იმათ დიდი ხანია გურია დასტოვეს. ეს არის და ეს. ეს არის მიზეზი ამ მშრომელი ხალხის რბევისა და აწიოკების. მე თვით ვიყავი პირადათ მოწამე ერთი სოფელის აწიოკების. მე ვუცქეროდი ამ საშინელ სურათს, თავი უნებურად ბარბაროსების შემოსევის ხანაში წარმოვიდგინე. ღამის 11-12 საათზე სოფელში იწყო შემოსვლა ჩეკისტთა რაზმმა. გაჰკრეს მთელი სოფელი და დაახლოებით ღამის 1 საათზე ატყდა საშინელი სროლა. ეს იყო ოჯახზე თავდასხმის სიგნალი, შეიჭრენ სახლებში, ღამის წყვდიადში ანაზდეულად გაისმა ბავშვების ტირილი, ქალების წივილი, დაჭერილ და სასიკვდილოდ გალახულ მამაკაცთა გულის გამგმირი გმინვა და ყვირილი, ძაღლების ყეფა. ღამის სიჩუმეში ამ მოულოდნელად ავარდნილ ჯოჯოხეთურ ხმაურობაში დროგამოშვებით გაისმოდა ჩეკისტების შემზარავი შეძახება და ცინიკური ლანძღვა-გინება. რამოდნეიმე საათის შემდეგ „ნადავლით“ დატვირთულმა ჩეკისტებმა სოფელი დასცალეს, რომ მეორე ღამეს სხვა რომელიმე სოფელში მოეხდინათ მსგავსი თავდასხმა. ამ ხსნის განმავლობაში პოლ. დატუსაღებულთა რიცხვი რამოდენიმე ასეულს უდრის. ამათში უმრავლესობა უკვე შორეულ ციმბირში გადააგზავნეს.
პოლიტ. ტუსაღების წაღება ეს ხომ ჩეკის ძველის ძველი ზომაა - ის უკვე სამუდამოდ დამკვიდრდა ჩეკაში და ჩვეულებრივ საშვალებად გადაიქცა. პოლიტიკურ ტუსაღის წამება ან წამების ქვეშ სიკვდილი საქართველოში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და ის არავის არ აკვირვებს. საილუსტრაციოთ მე მაინც მინდა რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანო გურიის უკანასკნელ ცხოვრებიდან. ამ ორი თვის წინეთ დაიჭირეს ი. ბარამიძე 60 წლის მოხუცი ცემით სიკვდილის კარამდე მიიყვანეს და შემდეგ თფილისის ჩეკაში გადაგზავნეს. წელამდე წყალში ჩააგდეს ახალგაზრდა მ. მიქანაძე და რამოდენიმე დღის შემდეგ დასივებული და დაავათმყოფებული ამოიყვანეს იქიდან. თმები დააგლიჯეს და ცემისაგან მოძრაობის უნარი დაუკარგეს ახალგაზრდა მაკ. გოგიჩაიშვილს. ყველა წამებულთა ჩამოთვლა შეუძლებელია. იშვიათი ტუსაღი თუ გადაურჩება წამებას. მაგრამ ამ ბარბაროსულ საშვალებითაც ვერ აღწევს ჩეკა თავის მიზანს. ქართველი ტუსაღი მაინც არ ტყდება და იობის მოთმინებით იტანს ყოველგვარ წამებას. ჭეშმარიტად დღესაც თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ ქართველი ტუსაღის შესახებ პოეტის სიტყვები
„არას ითხოვენ? ზვიადათ
ამაყად იტანჯებიან
რაღაც მომავლის იმედით
სიამოვნებით კვდებიან“
8 აპრ. 1928 წ. გურული
Comments
Post a Comment