Skip to main content

ცრურწმენები გურიაში

ნოე ჟორდანიას მოგონებებიდან, 
„ჩემი წარსული“, პარიზი, 1953

ჩემი ბავშვობის ხანაში ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ მთელ გურიასაც, ქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და სასწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს და მათ გზას უბნევენ. ეს სულებია: ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვ. ბავშვებს ჰყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს ყველა დანარჩენი. ეს ჭინკა მაინც მუდამ მაგონდებოდა და სულს მიწუხებდა. ერთხელ ჩემი თამაშის ამხანაგი სამი დღის განმავლობაში მინდორში არ გამოჩენილა. შემდეგ მოვიდა და ჩემს შეკითხვაზე - თუ სად იყო ამდენ ხანს, მომიგო: დედა-ჩემმა წისქვილში გამგზავნა, შემოღამებული იყო, შევედი თუ არა წისქვილში, მომესმა ხმაურობა და ყვირილი - ვინ მოსულა, მოკიდეთ მას ხელი. უცებ კუთხეებიდან გამოვიდნენ ჭინკები და დამესია. მოვასწარი კუთხეში დადგომა, ამოვიღე ჯაყვა-დანა, ვიღრიალე ირგვლივ მათ მოსაგერიებლად. ენა დამება და ლოცვა ვეღარ ვთქვი, თუმცა დედამ დამაბარა ლოცვა არ დაგავიწყდეს, წისქვილმა ჭინკა იცისო. შემდეგ, არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, დედას შეშინებოდა - სად არის ამდენ ხანს ბიჭიო, მოვიდა და როგორც კი სინათლით შემოვიდა, ჭინკები მაშინვე გაქრნენ. მერე ლოცვებით მომასულიერეს და ფეხზე დამაყენეს. ამ ამბვის გაგონებისთანავე გავიქცი შინ და დედა-ჩემს უთხარი - წისქვილში აღარ გამგზავნოთ და უამბე რაც მოხდა. არა ნენა, როგორ გაგაგზავნი მარტოთ, ღამე კი არა, არც დღისით. ის წყეული სინათლეზე იმალება ხან წყალში, ხან ბორბლებშიო.

ერთხელ ოზურგეთიდან მივდივართ ლანჩხუთში ოთხი ბავშვი; გვყავდა ერთი ცხენი და ზედ ვჯდებოდით მორიგეობით ორ-ორი. ნატანებს გაღმა ვიყავით, რომ მზე ჩადიოდა. მე და ჩემი სახლი-კაცმა გზის შესამოკლებლათ გადავაჯიქურეთ გორაკებით, ხოლო მეორე წყვილი ცხენით მოდიოდნენ შარა გზით. მივადექით მდინარეს, როგორც კი შევდექით ხიდზე მომესმა ძახილი: ვერ წახვალთო და რაღაცამ წყალში მოადინა ტყაპუნი, ნაპირიდან გადახტა. ჭინკა დაგვხვდაო - დავიძახეთ და შეშინებულებმა მოვკურცხლეთ უკან. შევხვდით ამხანაგებს, უამბეთ რაც მოხდა და გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება. მივდივართ ყველა ფეხით შეშინებული, დაფიქრებული. შემოგვხვდა ერთი თოხიანი კაცი და გვკითხა: სად მიხვალთ აქეთ, აკი ორაგვისაკენ მიხვიდოდითო. ჩვენც უამბეთ რაც მოხდა, მან მოგვიგო: მეისპო მისი სახელი, იმ ხიდესთან მართლა იცის ყოფნა, წამოდით მე გაგიყვანთ, თუ გაბედა შემოტევა ამ თოხის ყუას შიგ შუაგულში მივახეთქებო. გავყევით გულის ფანცქალით. მივედით ხიდთან, გვეშინოდა ზედ შედგომა, წინამძღოლი გვიჯავრდება, კინაღამ თოხის ყუა ჩვენ არ მოგვარტყა, გავედით როგორც იყო მშვიდობით და მოვკურცხლეთ. ორი კვირა დედა-ჩემი მატარებდა მოლაზონთან „შეშინებულის“ გამოსალოცავათ.

ლანჩხუთში ხმა გავარდა - ნათლისმცემელში მცხოვრები ერთი მოლაზონი ტურაზე იჯდა და მიაჭენებდაო. ეს იყო უტყუარი ნიშანი იმის, რომ ის კუდიანია. მოახდინეს ყრილობა, 30 ქალმა და კაცმა დაამოწმა - ჩვენი თვალით ვნახეთ ტურაზე იჯდაო. დედაკაცი გადაასახლეს „პრიგოვორით“ საზოგადოებიდან. მთელ ამ საქმეს მეთაურობდა ერთი ჭკვიანი გლეხი ოფონა ბოლქვაძე. გავიდა ათ წელზე მეტი. მე შინ ვარ თფილისიდან ჩამოსული. მამა ჩემთან მოვიდა ეს ოფონა, მუსაიფის დროს ჩემი თანდასწრებით მამამ კითხა: ოფონა, მითხარი თუ კაცი ხარ, ძველი ამბავია, მართლა დაინახე რომ ის მოლაზონი ტურაზე იჯდაო? ოფონას გაეცინა და უპასუხა: ნიკო ჭკვიანი კაცი ხარ და ასეთ აბდლურს რაფერ მკითხავ. ადამიანის ტურაზე ჯდომა ვის გაუგონია. იმ დედა-კაცმა შემაწუხა, ჩემი კარის მეზობელი იყო, სულ მწყევლიდა და გადავწყვიტე რამენაირათ თავიდან მომეშორებია. ერთ დღეს ადრე ადვექი, იყო ნისლი, დავინახე მოლაზონი მიდიოდა შუკაში და დავუცაცხანე. უცებ მოუფიქრებლათ შევძახე - ტურაზე ზის, ტურაზე. გადმოცვივდნენ მეზობლები, მოლაზონი შეშინდა და მირბის გამწარებული, ხალხი უყურებს შორიდან და „დაინახა“ რომ მართლა ტურაზე იჯდაო. მე გამეცინა, სწორეთ ახალ-გაცნობილი ვიყავი თეორიას მასიურ გალიუცინაციაზე. მაგრამ იმ დროს როცა ეს ამბავი მოხდა, მე ღრმათ მწამდა მთელ ხალხთან ერთად მისი სინამდვილე.

ვიცნობდი ერთ მონადირეს, ხალვაშის გვერდში იდგა. ყოველთვის ნადირით დაბრუნდებოდა ტყიდან. ხალხში ამბობდნენ: რა უჭირს, რატომ არ დაბრუნდება საგძლით, ქაჯი სწყალობსო. ეს ქაჯი ტყის ბატონია და ვისაც შეიყვარებს - ნადირს მიურეკსო. ქაჯი კი უეჭველად ქალი უნდა ყოფილიყო და ეძებდა ადამიანებს საყვარლათ.

მამა ჩემს ჩემთვის უამბია: მყავდა ერთი შინაყმა, წვებოდა სამზარეულო სახლში, ღამე შეიქნებოდა ყვირილი და ქვების სროლა. შევარდებოთ სახლში, ვხედავთ ბიჭს ათრთოლებულს და დიდ ქვებს. შეკითხვაზე თუ რა ამბავია, მეტყოდა - რა ვქნა ბატონო, მსდევს ქალ-ქაჯი, მე რომ არ გავყვები აი ამ ქვებს მესვრის და რაღაც ნაირათ კედლებიდან ისე ცვივა შიგნით, რომ ფიცარს არ ამტვრევსო. ეს განმეორდა მრავალჯერ. წავიყვანე ოდაში და დავაწვინე ჩემს ოთახში. ეძინა დილამდე, არაფერი არ მომხდარა. როგორც კი სამზარეულოში დაბრუნდა მარტო - მეორდებოდა იგივე ამბავი. ბატონ-ყმობის განთავისუფლების შემდეგ წავიდა შინ, დაცოლშვილდა და დიდი ხნის შემდეგ გამოტყდა: არ ვიცი რატომ, მაგრამ ზნეთ დამჩემდა ქალ-ქაჯის ჩემი დევნა მომეგონებია, ქვები დამეგროვებია სახლის კუთხეში და ამეტეხა ის აურ-ზაური, რის მოწამე იყავიო.

.....

ერთხელ „ივერიაში“ დაიბეჭდა ფელეტონი,სადაც ნიჭიერათ იყო აღწერილი ედისონის მიერ ელექტრონის სანთლით მთელი ბაღის უეცრათ განათება. ლანჩხუთში ჩამოსვლისთანავე ეს ამბავი მოუყევი გორაზე თავმოყრილ ხალხს, ძალიან გაუკვირდათ. ბოლოს ერთმა ხმამაღლა თქვა: დიდება შენდა ღმერთო, რას არ გამოიგონებს რუსის ხელმწიფე! გამიკვირდა, სრულიად არ მიხსენებია არც რუსეთი, არც მისი ხელმწიფე, ვლაპარაკობდი ამერიკაზე და ედისონზე. შემდეგ ლაპარაკიდან გამოვარკვიე, რომ ხალხში ასეთი აზრი იყო: თუ სადმე რამე კარგი კეთდება - სულ ყველა რუსის ხელმწიფის მეოხებით.


ასეთივე ამბავს იგონებს გერონტი ქიქოძე, როცა მან 1921 წელს ერთი ღამე საჯავახოში, გურული გლეხის ოჯახში გაათია:

ღამე წისქვილში გავათიეთ, სადაც მოხუცი მეწისქვილე შემწვარი კვახით და იზაბელას ღვინით გაგვიმასპინძლდა. შემოვიდა ვიღაც ახალგაზრდა გლეხი, კომუნისტური პარტიის ახალი ნერგი და ჩვენი ღარიბი ტრაპეზი გაიზიარა. გვიამბო, ორი დღის წინათ ტყეში შევედი წნელის მოსაჭრელად და იქ მოულოდნელად ქაჯს შევეყარეო. სრულიად ტიტველი იყო, ლამაზი ქალის სახე ჰქონდაო. ხშირი თმა გაეშალა, წალდი შემოვკარი, იწივლა და მიიმალაო


Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ