Skip to main content

მიხაკო წერეთელი ნოე ჟორდანიას შესახებ


ნოე ჟორდანია

(11 იანვარს 1953) 

განგვეშორა საუკუნოდ დიდი ქართველი. ხანგრძლივი იყო ცხოვრება მისი. იგი სრული 85 წლისა იყო, როდესაც უზენაესმა მას თავისთან მოუწოდა. მწერალი, მოაზრე, პოლიტიკოსი, რომელიც ახალგაზრდობითგანვე იღვწოდა თვის იდეალთა განსახორციელებლად და თვისი ერისთვის, დღეს ჩვენს შორის აღარ არის.

მას ვიგლოვთ მისნი მეგობარნი და დამფასებელნი მისი ღვაწლისა. მე პირადი უმცროსი მეგობარიც ვიყავი მისი და დამფასებელიც მისი ღვაწლისა, მცოდნე მისი პიროვნების ღირსებებისა. ამიტომ მსურს მისთვის მცირე სიტყვა ვთქვა.

არ მინდა მისი ბიოგრაფია ვთქვა ამ სიტყვით, - ცხოვრების აღწერა მისი მომავლის საქმეა. მე მინდა მხოლოდ შევეხო არსებას მისი ბუნებისა და მისს ღვაწლს, რომელიც მას თვისი ქვეყნის წინაშე გაუწევია, მის საქმეთ. საყვედურების თქმა დიდ-კაცთათვის, კრიტიკა მათ საქმეთა წვრილმანი და იაფი, და სხვა ამგვარი რამ, არარაობის თქმაა და არარაობისგაგან არ ოდეს არაფერი კარგი ყოფილა. ამას გარდა, დიდ სახელმწიფოთა პოლიტიკოსთაგანაც ვის არ მოსვლია შეცდომა? რა არის ნოე ჟორდანიას შეცდომები იმ „შეცდომებთან“ შედარებით, რომლებიც გამო დღეს კაცობრიობა კატასტროფის წინაშე დგას.

ნოე ჟორდანიას მსოფლიოს-ხედვა მარქსისტული იყო. მარქსისტული იყო მისი ახალგაზრდობის ხანაში მსოფლიოს-ხედვა ევროპისა და რუსეთის სოციალისტთა უმეტესობისა. იგიც გაიტაცა ამ დიდმა მოძრაობამ და წარსული საუკუნის მე-90-ე წლებითგან იგი ოცდაათი წლის განმავლობაში თვის მსოფლიოს-ხედვას, თვის სოციალურ დაპოლიტიკურ იდეალებს უქადაგებდა ქართველ მუშათ და გლეხთ და ქართველი ერის სხვა ნაწილებსაც, - მთელს ქართველ ერს. მაგრამ მისი ღვაწლი მარტო კალმით და სიტყვით არ ამოიწურებოდა. მარქსიზმი რევოლუციური მოძღვრება იყო, მოძღვრება კლასსთა ბრძოლისა, ბრძოლისთვის კი საჭირო იყო დარაზმვა ხალხისა, მისგან განსაზღვრული იდეოლოგიის მქონე მებრძოლი და შეგნებული მხედრობის შექმნა. და ნოე ჟორდანიამ და მისმა თანამოაზრეებმა პირველად დარაზმეს განსაზღვრული სოციალ-პოლიტიკური იდეალის მქონე ქართველობა: მუშები, გლეხები, ინტელიგენცია, თვით თავად-აზნაურობის მოზრდილი ნაწილიც შედიოდა მათგან შექმნილ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში.

ეს იყო დიდი საქმე მათგან ქმნილი მაშინდელ მძიმე პირობებში ცარისტული რუსეთის ბატონობისა საქართველოში, და ჩვენც, არა-მარქსისტებმა და ნაციონალისტებმა დიდი საქმე მოწინააღმდეგისაც დიდად უნდა ვსცნოთ.

ქართული ნაციონალიზმი მაშინ იდეურად ძლიერი იყო, მაგრამ ხალხის დარაზმვა ეროვნული თავისუფლების იდეალის განსახორციელებლად მან ვერ შესძლო. ქართულ მარქსიზმს კი რუსეთის რევოლუციურ ძალებთან ერთად მოქმედებით მიაჩნდა შესაძლებლად თვით-მპყრობელობის დამხობა, სოციალური რეფორმები მშრომელ კლასთათვის და დამყარება დემოკრატიული თავისუფლებისა. ამ მიზანთა მიღწევის შემდეგ მისი რწმენით ერიც კვლავ მოიპოვებდა დაკარგულ უფლებებს. ნაციონალისტური ბრძოლის წარმოება უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ თვით ამ იმპერიის რევოლუციონურ ძალთა დაუხმარებლად, მას სრულიად უიმედოდ მიაჩნდა.

ამ ნიადაგზედ სწარმოებდა ბრძოლა სხვადასხვა მიმართულების ქართული ნაციონალიზმისა სოციალ-დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ჩვენში, როგორც ყველგან, ხშირად მწვავე იყო და მავნებელი მთელი ერისათვის, მაგრამ ქართველი სოციალ-დემოკრატების არც კლასსთა ბრძოლის ქადაგებას და არც ქართველი ხალხის მიმართვას წმინდა სოციალ-პოლიტიკური იდეალებისკენ ქართველი ერის მთლიანობა არ დაურღვევია. დადგა დრო და მთელმა ქართველმა ერმა, განურჩევლად პარტიათა, აჩვენა ქვეყანას, თუ რა იყო მისი ნება და სურვილი.

ქართული სოციალ-დემოკრატიის მხოლოდ ბოლშევიკური ნაწილი, ე.წ. უმცირესი ნაწილი იყო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური უფლებანი არ აინტერესებდნენ. ხოლო ნოე ჟორდანია და მისი პარტიის უმეტესობა, მიუხედავად მისი ბრძოლის ტაქტიკისა, რომელიც თითქოს ამ უფლებათა უარყოფას მოასწავებდა, არ ივიწყებდნენ ქართველი ერის კანონიერ პოლიტიკურ-ეროვნულ მოთხოვნილებათ. თვით ნოე ჟორდანია საქართველოში იყო და არა ლონდონის ინტერნაციონალში, იგი ქართულად სწერდა და გახდა დიდი ქართველი პუბლიცისტი, იგი ქართულად უქადაგებდა თავის იდეალებს ქართველ მშრომელთ. რუსეთის სოც.-დემ. პარტიის ყრილობაზედ 1902 წელს იგი მოითხოვდა მეორე ქართველ სოციალ-დემოკრატთან ერთად საქართველოს ავტონომიას, ავტონომიას აგრეთვე სხვა ჩაგრულ ერთათვის რუსეთის იმპერიის წიაღში. და როდსაც დადგა ჟამი, აჩვენა ქვეყანას, თუ რაგვარი უფლებანი სწამდა მას მისი მშობელი ერისათვის და სხვა უფლებაახდილ ერთათვისაც.

პირველი დიდი ომის დროს, როდესაც ქართველ ნაციონალისტთა ჯგუფი გერმანიაში მოქმედებდა საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების აღსადგენად, გამამხნევებელი ხმა საქართველოთგან, გარდა ამ ჯგუფის თანამოაზრეთა, ნოე ჟორდანიასაგანაც გვესმოდა, ინტერნაციონალისტ სოციალ-დემოკრატისაგან, არა ნაციონალისტურ პარტიათაგან. ნოე ჟორდანიამ იცოდა, რომ დადგა ჟამი რუსეთის იმპერიის მიერ დაჩაგრულ ერთა განთავისუფლებისა და მარჯვე დროს უცდიდა, რომ მისი ქვეყნისთვისაც აღედგინა დიდი ხნითგან დათრგუნვილი სახელმწიფოებრივობა. მან იცოდა, რომ მას უნდა ეკისრა ეს დიადი საქმე, რათგანაც იგი იყო წინამძროლი ქართველი ერის დიდი უმეტესობისა.

ნოე ჟორდანიას მცირე ღვაწლი არ მიუძღვის კავკასიის ერთა სოლიდარობის იდეის შექმნისათვის. და როდესაც რუსეთის მმართველობა დაიშალა კავკასიაში 1917 წ. რევოლუციის დროს,ამ იდეით იყო მხოლოდ შესაძლებელი ამიერ-კავკასიის კომისარიატის შექმნა. როდესაც ოსმალეთის ფრონტითგან მოაწვა საქართველოს და მთელ კავკასიას ნახევარი მილიონი დამარცხებული და გაბოლშევიკებული ჯარი, ნოე ჟორდანიას ენერგიულმა და ჭკვიანმა ზომებმა და ასეთმავე ზომებმა კავკასიის ყველა ერთა მეთაურობისა შესაძლებელ ჰყო ამ დაშლილი მხედრობის შინ გაგზავნა და ამით ანარქიის თავითგან აცილება, რომელსაც შეეძლო მთელი კავკასია სრულიად დაეღუპა. ესეც იყო დიდი საქმე, ნოე ჟორდანიასაგან ქმნილი საქართველოსათვის 1917 წელს, რაისათვისაც მთელი ერი, განურჩევლად კლასსთა, მის მიმართ მადლით იყო აღსავსე.

1917 წ. აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ჩაეყარა საფუძველი ქართულ უნივერსიტეტს, და დაარსდა ქართული ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია იყო. ეს საბჭო შთანაჩენი იყო მომავალი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობისა. იგი შექმნილი იყო მთელი ერის ნებით, რომელმაც ნოე ჟორდანია თვის მეთაურად სცნო. ამან კვლავ დაუბრუნა ქართველ ერს მისი დიდი ნაწილი, პოლიტიკურად შეგნებული მშრომელი კლასსები. ქართველი ერი ახლა ერთი იყო და საქართველოს თავადაზნაურობამაც ამ კვლავ გამრთელებულ ერს მთელი თვისი ქონება გადასცა, რაც მას ეკუთვნოდა კოლლექტიურად. ეს იყო მისი კეთილშობილური პასუხი ნოე ჟორდანიას ეროვნულ აქტზედ.

შემდეგ, 1918 წელს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს კავკაიისა, -  სომხეთს, ადერბეიჯანს, მთას - სრული შესაზლებლობა მიეცათ დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოთა შექმნისა, როდესაც დაიშალა ამიერკავკასიის კომისარიატი. და ეს არ იყო მხოლოდ იძულება გარეთგან, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ გამომჟღავნება მათი პოლიტიკური ნებისყოფისა. - 26 მაისს 1918 წელს გამოაცხადა საქართველომ დამოუკიდებლობა ას ჩვიდმეტი წლის პოლიტიკური მონობის შემდეგ, და მის მაგალითს კავკასიის სხვა ერებიც მოჰყვნენ. ნოე ჟორდანია იყო მაშინ ქართველი ერის ხელმძღვანელი და იგი გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი და თავმჯდომარე მისი მთავრობისა. მე არ ვიცი, ვინ შესძლებდა ნოე ჟორდანიას გარდა მაშინდელ პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რომელი მასზედ უფრო დიდი ნაციონალისტი, არა-სოციალისტი ან თუ გამოაცხადებდა, როგორ იქმნებოდა შესაძლებელი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა, თუ მას არ იწამებდა ნოე ჟორდანია და მისგან ხელმძღვანელი მშრომელი კლასსები, რომლებიც ქართველი ერის დიდ უმეტესობას შეადგენდნენ? საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნოე ჟორდანიას და მისი პარტიის თანხმობის გარეშე სამოქალაქო ომი მოჰყვებოდა და დაამხობდა ახლად შექმნილ სახელმწიფოს.

ხოლო ნოე ჟორდანიას მთავრობა მისი ხელმძღვანელობით ენერგიულ ღვაწლს შეუდგა სახელმწიფო აღმშენებლობისა. დამოუკიდებელმა საქართველომ 1921 წლამდე იარსება, და რაც ამ მოკლე დროის გამავლობაში საქართველოში გაკეთდა, იმაზედ მეტი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბევრ ახალ სახელმწიფოში არ გაკეთებულა. დავანებოთ აქ თავი კრიტიკას. მას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რაც შეიქმნა მოკლე დროის განმავლობაში და საფუძველს უყრიდა საქართველოს ბრწყინვალე მომავალს უკეთეს პირობებში.

ძნელი იყო კრიმინალური, განსაკუთრებით ბოლშევიკური ელემენტების ალაგმვა, მაგრამ მთავრობამ ამ სიძნელესაც სძლია სწრაფად და არა დიდი სისხლის ღვრით. საქართველოს ფიქრადაც არ მოსვლია მეზობლებთან ბრძოლა, მათგან რაისამე წაგლეჯა, მაგრამ თუ თავს დაესხმოდნენ, იგი თავს იცავდა და იმარჯვებდა. დამყარდა მშვიდობიანობა და წეს-რიგი შიგნით და თანხმობა მეზობლებთან, რომლებიც ფასსა სდებდნენ საქართველოსთან მეგობრულ განწყობილებას. უკვე სჩანდა შესაძლებლობა კავკასიის ერთობისა, კავკასიის ერთა კონფედერაციისა, და ეს იყო მესამე დიდი საქმე, რომელთანაც ნოე ჟორდანიას სახელი იყო დაკავშირებული.

კიდევ ერთი რამ მაგონდება, რაც ჩემთვის დაუვიწყარია და საამაყო, და აგრეთვე ყოველი ქართველისათვის დაუვიწყარი და სამაყო უნდა იყოს. ყველამ იცის, თუ რა გრძნობებს იწვევს ერში მისი დაპყრობა უცხო ერის მიერ, ეროვნული ჩაგვრა, გამორიცხვა თავისუფალ ერთა კრებულითგან. ცარისტულმა რუსეთმა, მოწვეულმა საქართველოში მოკავშირედ და დამცველად, საქართველო, ორი-ათასი წლის ისტორიისა და მაღლი კულტურის მქონე, გუბერნიებად გარდაჰქმნა და 117 წლის განმავლობაში გამარუსებელ პოლიტიკას აწარმოებდა, მოსპო ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც 1200 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს, მოსპო დამოუკიდებლობა მისი ეკლესიისა, კანონიერად ცნობილი უკვე მერვე საუკუნითგან, სდევნიდა მის ენას და კულტურას, სკოლებითგან და სასამართლოებითაგანაც განდევნა ქართული ენა, და სხვ.

რომელი ერის გულში არ დაგუბდებოდა სიძულვილი მჩაგვრელთა და დამამცირებელთა მიმართ და რომელი ერი არ იძიებდა მათ შურს, თუ ამისი შესაძლებლობა მიეცემოდა? ხოლო დამოუკიდებელ საქართველოში არ მომხდარა არც ერთი აქტი შურისძიებისა იქ დარჩენილ რუსთა წინააღმდეგ! პირიქით მათ სრული უფლებები მიეცათ საქართველოს მოქალაქისა და ბოლშევიკებისაგან დევნილი რუსებიც საქართველოს აფარებდნენ თავს, სადაც იგინი ძმურ მიღებას და დახმარებას მოელოდნენ, და არც ერთ რუსს, ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებს, ან შემოხიზნულს ეს მოლოდინი არ გაცრუებია. ასეთივე იყო ქართველთა დამოკიდებულება რესპუბლიკის ყველა არაქართველ მცხოვრებთა მიმართ. ამ მხრივ, ნოე ჟორდანიამ განაგრძო საამაყო ტრადიცია ქართველი ერისა, რომელსაც არ უყვარს სისხლი. განსაკუთრებით სისხლი უდანაშაულოთა და უსუსურთა, რომელსაც მუდამ ჰქონდა სხვა ერთა პატივისცემა და შორს იყო მისგან სიძულვილი მათი და შურის ძიებისა და სამაგიეროს გადახდის გრძნობა თვით დამნაშავეთა მიმართ.

ნოე ჟორდანიას ღრმად უყვარდა თვისი ერი და მისი კულტურა. მახსოვს შარშან ლევილში რომ ვიყავი, პატარა გუნდმა შვენიერი გურული სიმღერები მოგვასმენია. ნოეს გვერდში ვიჯექი და ვუსმენდი. მოხუცი აღელდა, ხელის მოძრაობას აყოლებდა სიმღერებს და ეტყობოდა თვითონაც გულში მღეროდა. როდესაც გუნდმა სიმღერები გაათავა, ჟორდანიას ცრემლები წამოუვიდა, თქვა: „რამდენი ხანია რაც გურიაში აღარ ვყოფილვარ და ეს სიმღერები აღარ მომისმენიაო“. სწრაფად ადგა მძიმედ ჩაფიქრებული და ჩქარი ნაბიჯით გავიდა განსვენებულ სიმონ წერეთლის ქოხითგან, სადაც გუნდი იმღეროდა, და გაეშურა თავის ბინისაკენ.

სამ წელიწადს გაძლო მხოლოდ დამოუკიდებელმა საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად იყო ცნობილი მრავალ სახელმწიფოთაგან და მიუხედავად იმისა, რომ იგი საბჭოთა რუსეთმაც იცნო, მანვე დაიპყრა იგი ვერაგული თავდასხმით 1921 წელს. ნოე ჟირდანიას მთავრობა ევროპაში გადმოიხვეწა და აქეთგან განაგრძობდა ბრძოლას მტრის წინააღმდეგ.

ამ ბრძოლას შეალია ნოე ჟორდანიამ მთელი მისი ენერგია, და აქაც ღრმა პატივისცემა მოიპოვა მან ყველას წინაშე, ვისაც სწამს ერთა თავისუფლება და ყოველგვარი მონობის წიააღმდეგ იბრძვის. ღრმად მოხუცებულსაც არ შეუწყვეტია მას ეს ბრძოლა. დღეს იგი აღარ არის, დაუღალავი მებრძოლი თავისი ერის თავისუფლებისათვის და თვის იდეალთათვის, მისგან ქმნილი დიდი საქმეებით შეასრულა რა ის ვალი, რომელიც მას დაადგა მისმა ერმა და მისმა რწმენამ.

ნოე ჟორდანიას აჩრდილთა სამეფოში შესვლით დასრულდა ერთი დიდი ეპოქა საქართველოს ცხოვრებისა. - „ანერ აპეთანე!“ მაგრამ სახელი მისი საუკუნოდ დარჩება ქართველი ერის მეხსიერებაში.



მიხაკო წერეთელი (1878-1965 წწ) იყო ქართველი მეცნიერი და პოლიტიკოსი, სხვადასხვა დროს მარქსისტი, ანარქისტი, ნაციონალისტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორი ასირიოლოგიაში. მოღვაწეობდა ემიგრაციაში.



Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ