Skip to main content

დიუბუა დე მონპერეს გურია/ Guria by Dubois de Montpéreux

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე იყო შვეიცარიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოში და მათ შორის გურიაში 1831-34 წლებში იმოგზაურა. 


ლიხაური. რაინეგსისა და გიულდენშტედტის მიერ ხოტბაშესხმული ეს ქვეყანა რომ მენახა, რამდენიმე ექსკურსია ჩავატარე. თავდაპირველად გადავწყვიტე მენახა ლიხაური, რომელიც აჭარის მთების მიმართულებით 8 ვერსზე, სიღრმეში მდებარეობს. გადავედით ბჟუჟზე და ლამაზ და მდიდარ ხეობას ავუყევით. იგი ფეტვისა და სიმინდის ყანებით და ვაზებმიშვებული ხეებით იყო დაფარული. აქ მოედინებოდა უამრავი პატარა ღელე, რომლებიც აჭისწყალში ჩაედინებიან. ასეთი რელიეფის მქონე მხარეს, მისი სიგანიდან გამომდინარე, შეიძლება ეწოდოს დაბლობი.

აქ წინათ მოწყობილი იყო კარანტინი, რომელიც დღეს, ახალი წესდების თანახმად, გაუქმებულია.

ლიხაურის ხეობის სამხრეთით აღმართულია გურიის მთები, რომელთა ძირითადი თხემებიც თოვლით არის დაფარული. მათ მომრგვალებული ფორმა აქვთ და შეფენილნი არიან ტყეებით; მხოლოდ ერთი მწვერვალი, ლიხაურის სამხრეთ-დასავლეთით, გამოირჩევა თავისი პირამიდისებური ფორმით. ეს არის დიდი, პორფირიტული კლდე, რომელიც ამ მხარეში აჯარკის (Adjarka) სახელით არის ცნობილი. 

7-8 ვერსის შემდეგ გამოვედით ტყიდან, სადაც შავ თხმელებზე ვაზი ისე იყო მიშვებული, როგორც ეს ამ მხარისათვის არის დამახასიათებელი. სოფელი ლიხაური მთელ სიგრძე-სიგანეზე ასეთი ვაზებმიშვებული ხეებით არის დაფარული. ავედით პორფირიტულ, იზოლირებულ თხემზე, გურიის მთების ქედის ძირში. ფერდობები ტყით იყო შეფენილი და ამ სიმწვანეში იკვეთებოდა ლიხაურის ციხე, რომელიც მხოლოდ ერთი, თლილი ქვით მშვენივრად ნაგები, ძალიან ძველი კოშკისაგან შედგებოდა; შესაძლოა, ეს რომელიმე ბერძნული კოშკი იყო, შემდგომში კი იგი ოდნავ აუმაღლებიათ და უშნოდ მიუშენებიათ მაღალი გალავანი, რომელსაც დატანებული ჰქონდა სათოფურები. ეს გალავანი ციხის ზღუდეს ქმნიდა და კოშკს ორივე მხრიდან კეტავდა. ციხის ერთადერთი შესასვლელი იყო მიწის დონიდან 15 ფუტზე აღმართული კარი, სადაც ადამიანები ასაღები კიბით ადიოდნენ.

გალავნით შემოზღუდულ ძალიან ვიწრო ფართობზე ციხის მეპატრონეს ხის ოთხი პატარა ქოხი ჰქონდა აშენებული, სადაც თვითონ ცხოვრობდა და ჩვენც იქვე მიგვიღო.

საღამო გალავნის ქონგურებზე სეირნობაში გავატარე და ვტკბებოდი ჩემ წინ გადაშლილი თვალუწვდენელი და ულამაზესი ხედით. ლიხაური მაგონებდა შატობრიანს და იტომს, რომელიც მესენის ხეობებში ამწვანებული ყვავილნარის მსგავსად არის აღმართული. მე ოზურგეთის ხედის მხოლოდ ნაწილის ასახვა მოვახერხე და რადგან მას დიდი სიმაღლიდან ვუყურებდი, შევძელი მისი ფართოდ და დეტალურად აღქმა. მოდით, მზის ჩასვლისას ერთად დავეყრდნოთ ერთ-ერთ ნახევრად ჩამონგრეულ სათოფურს; თუკი შეძლებთ, წარმოსახვით გადაავლეთ თვალი ამ პეიზაჟის მთელ უსასრულობას და მთელი გურია თქვენს ფეხქვეშ გადაიშლება. ძნელი გასარჩევია, სად არის ტყე და სად - ხეხილის ბაღები, სადაც მაღლარი ვენახია გაშენებული, მის ქვეშ კი უბრალო სახლებია ჩამალული. ჩრდილოეთით დაბალი მთაგრეხილია, რომელიც გურიას ფაზისის აუზისგან გამოჰყოფს; ზემოთ კი ერთიანად გადათეთრებული კავკასიონის ქედი, თავისი შტოქედებით აფხაზეთიდან მოყოლებული ვიდრე რაჭის მთებამდე. ყველა მწვერვალი, მათ შორის ყველაზე დაბალიც კი, ბუნიობის წვიმების შემდეგ თოვლით იფარება; მაგრამ ამ მწვერვალებს შორის ნამდვილი მყინვარებია მხოლოდ იალბუზი და ორი პირამიდა სვანეთის მთა თუ ფასის მთა.

მზე დასავლეთით იწურება კოლხეთის ზღვის უკან, რომელიც მბრწყინავ ბარიერს ქმნის; დაბლობი კი ბინდით იფარება... ახლა გახედეთ კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების ვარდისფრად მოკაშკაშე შუქს; შეხედეთ, როგორ თანდათან ქრებიან დაბალი ქედები და ბოლოს რჩება მხოლოდ კოლოსალური იალბუზი, რომლის კაშკაშა წვერი უკვე ბინდგადაკრული მწვერვალების ზემოთაა. ოჰ, ჩემო მამულო! რამდენჯერ მინახავს ჩვენი ტბების ნაპირები, მონბლანი, რომელიც ისევე, როგორც იალბუზი, შუქურასავით ანათებდა,
როცა იუნგფრაუ, ალტელსი, ფოლიერა ჩრდილსა და მდუმარებაში შედიან.

ლიხაურში მზის ამოსვლამდე წამოვდექით და ჩვენს ადგილს დავუბრუნდით. გარიჟრაჟი მსუბუქად ედება გურიის მთებს შემოქმედის ზემოთ. მალე ბუმბერაზის მწვერვალი ნათდება, ისევე როგორც სვანეთის ორი პირამიდა. ნელ-ნელა ფებოსიც კეთილ ინებებს და ჩამობრძანდება რაჭის შორეულ და მბრწყინავ მწვერვალებზე; შუქი ჯადოსნურად გადადის მწვერვალიდან მწვერვალზე, ხევიდან ხევზე და დიდი ხნის მანძილზე წყვდიადით მოსილი აფხაზეთის მწვერვალებიც ნათდებიან... ბოლოს სინათლის ღმერთი კეთილინებებს და ჩვენამდეც ჩამოაღწევს: მისი სხივები მოედება თხმელებისა და ხურმის ხეების მომრგვალებულ კენწეროებს ბურუსით მოცულ დაბლობზე, რომელიც თითქოს დასერილია ტბებითა და ტბორებით.

ლიხაურის მთა შეფენილია ბროწეულის ხეებით, ვენახით, ლეღვის ხეებითა და გრძელ ღეროებზე ჩამოკიდებული შავი, წაგრძელებული ნაყოფის მქონე დაფნის მტევნებით.

ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ციხესიმაგრეში ვნახე, გახლდათ ბრინჯაოს ზარბაზანი, რომელიც კოშკის თავზე ქვემეხის ხის სადგამზე იდგა. ჩემო მშვენიერო ქვეყანავ საფრანგეთო! გადასახლებული ბ-ნ ც. პოურის წერილებთან ერთად მე აქ შენი ჰერალდიკური შროშანიც ვიპოვე; ნეტავ რა მიზანს ემსახურებოდა მისი ჩამოტანა სენისა თუ ლუარას ნაპირებიდან შორეული გურიის ერთ-ერთი სენიორის ფეოდალური ციხის კოშკში?

საკმაოდ ღრმა ჭა, რომელიც კლდეშია ამოკვეთილი, ციხეს საჭირო რაოდენობის წყლით ამარაგებს. 

შემოქმედი, საეპისკოპოსო რეზიდენცია. 6 ოქტომბერი. ლიხაურიდან შემოქმედამდე 10 ვერსს ანგარიშობენ; არ ვიცი, როგორ ახერხებენ მანძილის განსაზღვრას გზის ნაპირზე ჩამწკრივებულ, შემოღობილ კარ-მიდამოებს შორის. აქ შეუძლებელია მარტო სიარული, რადგან ყველა მიმართულებით ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ გზეზე აუცილებლად დაიკარგებით. დიდი შარაგზები კი აქ სრულებით არ არის. ლიხაურშივე გადავედით აჭისწყალზე, მისგან ხუთი ვერსის მოშორებით კი - აგიდაყვაზე, ხოლო იმ მთის ახლოს, რომლის წვერზეც მონასტერია, ბჟუჟის მარცხენა ნაპირს გავყევით. იშვიათია მხარე, სადაც ამდენი მდინარე მოედინება. ჩემ მიერ ახლახან ჩამოთვლილი მდინარეების გარდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა პატარ-პატარა ნაკადულები, რომლებიც შემოდგომის წვიმების დროს მნიშვნელოვნად დიდდებიან. წყალი ძალიან გამჭვირვალე იყო, რამაც მაფიქრებინა, რომ ქედის ამ ნაწილში არ იყო იურული პერიოდის ფიქალი; ამასთანავე, მე ვერსად ვნახე მისი კვალი პორფირიტისა და გრანიტის ნატეხებს შორის, რითაც სავსეა წყაროების კალაპოტი.

შემოქმედი ძველად გამაგრებული მონასტერი იყო, ისევე როგორც ყველა სხვა მონასტერი ამ მხარეში და, როგორც წესი, მტრისა თუ მეგობრის ხელით ისიც ხშირად ნადგურდებოდა. გარდა ამისა, იგი რუსებმაც დაანგრიეს შეიარაღებული ამბოხებისა და 16 წლის ჭაბუკის მიერ პოლკოვნიკ პუზირევსკის მკვლელობის შემდეგ.

დანგრეული ციხის ცენტრში შემორჩენილია მხოლოდ შემოქმედის საეპისკოპოსოს ძველი ეკლესია, რომელსაც მთელი გურია ექვემდებარება.

ეს მნიშვნელოვანი ძეგლი ერთმანეთის გვერდით განლაგებული ორი ნავისაგან შედგება; მათ შორის უფრო მომცრო და, ამავე დროს, უფრო ძველი - განათებულია რვაწახნაგა გუმბათით; ინტერიერის კედლები აგურით არის ამოყვანილი, გარედან კი მოპირკეთებულია მოცისფრო პორფირიტის დიდი კვადრებით, რომლებიც ჟამთასვლისაგან ერთიანად არიან დაჭმული, რაც ნაგებობას სიძველის იერს აძლევს. აქაურმა კანკელმა გამაოცა მოოქრული სპილენძის გამოსახულებათა სიმრავლით: რელიეფურად შესრულებულ გამოსახულებებს ჰქონდათ ქართული წარწერები და ამშვენებდათ მცირე ზომის, ბიზანტიურ სტილში გადაწყვეტილი ფიგურული მინანქრები, ზუსტად ისეთივე, როგორც გელათში იყო. ამ მინანქრების წარწერები ბერძნულია, თუმცა ზოგიერთ მათგანზე გაირჩევა უხეშად გამოყვანილი ქართული წარწერებიც. 

ეს ეკლესია გურიის მთავრებისათვის იგივეა, რაც სენ-დენი ფრანგებისათვის. აქ განლაგებული მათ საფლავებს ყუთების თუ სარკოფაგების ფორმა აქვთ და შიდა მხარეს ფილებით არიან ამოგებულნი; მათი სიგრძე 7 ფუტია, სიგანე კი - 3 და ეკლესიის იატაკის დონიდან მათი სიმაღლე ერთნახევარ ფუტს აღწევს. თითოეული მათგანი გადახურულია სამი ან ოთხი ფილით. თურქების გახშირებული შემოსევების დროს ყველა ეს საფლავი გაიხსნა და გაიძარცვა; აქა-იქ აკლია ფილებიც და მათი უდიდებულესობების ნახევრად დამსხვრეული ძვლები უწესრიგოდ მიმოფანტულან და საცოდავად ელიან განკითხვის დღეს, ისევე როგორც პოტოცკი დე ბუდზანოვი - გალიციაში; რამდენიმე თავის ქალა კი აშმორებულ იატაკზე სამარცხვინოდ არის დაყრილი

უფრო დიდი და, ამასთანავე - უფრო ახალი ეკლესია როგორც შიდა, ისე გარეთა მხრიდან თლილი ქვით არის ნაშენი. ლამაზად მოგებული, თეთრი მარმარილოსაგან უხეშად აწყობილი იატაკი მორთულია ცისფერი ლენტებით, ისევე, როგორც ყირიმის ძველი ბერძნული ეკლესიების კოლონები. ფასადის სარკმელი ახალციხის ძველი ეკლესიისა და სხვა მრავალი ძველი მონასტრის სარკმელების მსგავს სტილშია შესრულებული. შესასვლელი მორთულია უამრავი ორნამენტით, მისი ზედა ნაწილი კი შესრულებულია სხმულით; გვერდით მოთავსებულია მარმარილოს ფირფიტა (ამოკვეთილი) ქართული წარწერით:

„ქრისტე, ყოვლადძლიერო, შეიწყალე აფხაზთა კათალიკოსი, ბატონი მაქსიმე, ამინ“. როგორც ჩანს, მაქსიმემ ეკლესია განაახლა.

ინტერიერის მხატვრობა უხეშად არის შესრულებული და ყველგან წითელი ფერი სჭარბობს.

პორტიკი ნახევრად დანგრეულია; თლილი ქვების ნაირფეროვნება (ზოგან ღია თუ მუქი ცისფერი, ზოგან კი წითელი თუ ყვითელი ძარღვებითა და ხაზებით დამშვენებული) საოცრად ლამაზ იერს აძლევს მთელ ნაგებობას, რომელიც მწვანედ მოჭიქული კრამიტით არის გადახურული.

ეკლესიის გალავნის გარეთ, ძველი ცაცხვის ქვეშ ვნახე დიდი თლილი ქვა, რომლის სიგრძე იყო 7 ფუტი, სიგანე - 3, ხოლო სისქე 12.5 ფუტი. იგი ორ სხვა ქვაზე იყო გადებული, როგორც მერხი, მის გვერდით კი იყო მეორე ლოდი, რომელსაც მაგიდასავით სწორი ზედაპირი ჰქონდა; ვფიქრობ, რომ ეს ქვები ამ მხარის ძველი საკურთხევლები ან რაღაც ისეთი მაგიდებია, როგორიც ზემოთ უკვე აღვწერე. ძეგლებს ერთიანად მოსდებოდნენ კოპიტები, სურო და ბროწეულის ხეები.

ეკლესიის მღვდელი მსუბუქად გაგვიმასპინძლდა: ძირითად კერძად დამარილებული ტახი მოგვართვა. დავბრუნდით ოზურგეთში, რომელიც აქედან 7 ვერსით არის დაშორებული. აქ ფონით გადავლახეთ ბჟუჟი; გურიის ამ ნაწილის მდინარეებს შორის იგი ყველაზე დიდია, მაგრამ თავის მნიშვნელობას კარგავს მას შემდეგ, რაც უერთდება ნატანებს, რომელიც მას საკუთარ სახელსაც კი ართმევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ნატანებში აჭისწყალთან, აგიდაყვასთან და ბაზისწყალთან ერთად ჩაედინება. ოზურგეთში ჩასვლამდე ჩვენ სამჯერ მოგვიხდა ბჟუჟის გადალახვა. 


შემოქმედის მონასტერი / Shemokmedi Cathedral

ასკანა. 7 ოქტომბერს ახალ ექსკურსიაზე წავედი: მინდოდა მენახა გურიის მთავართა ერთ-ერთი ციხე-კოშკი. როგორც გვითხრეს, ასკანა ოზურგეთიდან 15 ვერსით იყო დაშორებული. თავდაპირველად გავიარეთ ვაკე ადგილი, სადაც სკურჩა და ნატანები გაედინებიან; ყველგან ყანები და შემოღობილი საკარმიდამოები გვხვდებოდა. ნატანების უკან ნიადაგი პორფირიტის ერთადერთი ნაკვალევით იყო დანაოჭებული.

როდესაც ჩავედით გურიის მთების ძირში მდებარე სოფელ ბახვში, ჩემმა თანამგზავრებმა აქ მოინდომეს ღამის გათევა, თუმცა ასკანამდე მხოლოდ სამიოდე ვერსიღა გვაშორებდა. დიდად გავიხარე, რადგან შემეძლო ეს დრო სათანადოდ გამომეყენებინა: ავსულიყავი იქვე ახლოს, ზღვის დონიდან 2 თუ 2,5 ათასი ფუტის სიმაღლის მთაზე.

დავტოვე ძველისძველი კაკლის ხეები, რომლებიც ჩვენს ქოხს საამო ჩრდილს ფენდნენ და დიდი გაჭირვებით გავიკვალე გზა მუხის, წაბლისა და იელის მშვენიერ ხეებს შორის, ერთიანად რომ შეემოსათ ეს დამრეცი ფერდობები, რომლებიც ძირითადად პორფირიტნარევი მოყვითალო ქარსის მასისაგან შედგებოდნენ, აქა-იქ კი პორფირიტის მთელი წყებები მოჩანდა.

როდესაც ავედი მთის წვერზე, სადაც აყვავებული იელი და მოგრძო და მრგვალი შავი ნაყოფით დახუნძლული კავკასიური მაღალი მოცვი ვნახე, მზის ჩასვლისას მომაჯადოებელი სანახაობის წინაშე აღმოვჩნდი: მზე ზღვის მოკაშკაშე საფარის უკან ჩადიოდა და ჩემ თვალწინ ისეთი ვეებრთელა პეიზაჟი გადაიშალა, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. იმ უმნიშვნელო წვრილმანების გამოკლებით, რომლებიც ისევე, როგორც კავკასიის ქედი, შორს, უკიდეგანო სივრცეში იკვეთებოდნენ, ჩემ ფეხქვეშ გეოგრაფიულ რუკასავით იყო გადაშლილი მთელი გურია; მე ზემოდან დავყურებდი შემოქმედს, ლიხაურს, ოზურგეთს; თვალს ვაყოლებდი ყველა მდინარეს, რომელიც ამ ნაყოფიერ არემარეზე, მწვანე ყვავილნარში გაედინებოდა.

ველური მთის წვერზე ეულად მყოფს, ამგვარი სანახაობის წინაშე წუთიერად პოეტური განწყობა დამეუფლა, სულიერად ავმაღლდი და გონებაში საინტერესო აზრებმა გამიელვა, ბუნების ამ მშვენიერების ფონზე გული სიმშვიდითა და რწმენით ამევსო. 

8 ოქტომბერს იმ კლდის ძირში მივედით, რომელსაც გარს უვლის ბახვისწყალი. კლდეზე ასკანის ციხე დგას; ვიწრო საცალფეხო გზა უფსკრულის ნაპირს მიუყვება და მოცისფრო პორფირიტის უზარმაზარ ლოდებს შორის მიიკლაკნება. ამ ყველაფერს აგვირგვინებს ულამაზეს ხეთა მწკრივები მათ შორის ლამაზად ჩამოკიდებული იელის ყვავილების მტევნებით. დიდი წვალებით ავედით ორფერდა, გრძელ მთაზე და როგორც იქნა, მოვადექით ციხეს, რომელიც მთის რამდენიმე, შეჯგუფებულ მწვერვალზე იყო აღმართული. თავდაცვის მიზნით აქ მიწის ყველა უსწორმასწორო ადგილი იყო გამოყენებული, ციხეში კი მხოლოდ ერთი, კლდეზე მიყუდებული კიბის მეშვეობით ადიოდნენ.

ციხე შედგებოდა ორი კოშკისა, რამდენიმე ხის ქოხისა და ერთი, სანახევროდ პორფირიტულ კლდეში ნაკვეთი სამლოცველოსაგან. ცენტრში იდგა ცისფერი პორფირიტის რამდენიმე დიდი ლოდი: ისინი წყალსატევებისათვის წვიმის წყლის მოსაგროვებლად სპეციალურად ამოეღარათ. აქ წყალი კლდეში ამოკვეთილი პატარა ღარებისა და წყალსადინარი მილების მეშვეობით სახურავებიდან და კლდის ზედაპირიდან ჩაედინებოდა.

მთავარ ქოხს ნახევრად ფარავს ვენახის მშვენიერი ტალავერი, ლეღვის ხე და იელი კი ისე მოდებულან კედლებსა და კლდეებზე, რომ ადგილს ეცილებიან სუროს. 

ციხე 1805 წელს განაახლა გურიელმა და იგი სახელმწიფო საპყრობილედ გადააქცია. აქ ვნახე რამდენიმე ტუსაღი და მათ შორის ერთი გურული. იგი ციხის ეზოში სეირნობდა თავის ვაჟთან ერთად, რომელთანაც ჯაჭვით იყო გადაბმული და ვერც დღისით და ვერც ღამით ვერ შორდებოდა; როგორც ამიხსნეს, მას თურმე თურქებისათვის საკუთარი ვაჟის ტყვედ მიყიდვა სურდა, მაგრამ შეიპყრეს და ჩათვალეს, რომ მან სწორედ ასეთი სასჯელი დაიმსახურა.

სადილზე მისვლა გვაგვიანდებოდა, რადგან უკან ჯერ ფეხით უნდა ჩამოვსულიყავით, შემდეგ კი ისევ უნდა ავსულიყავით, ციხის პირდაპირ მაღალ ბორცვზე, აქაურ მღვდელთან, რომელმაც მიგვიპატიჟა და მშვენივრადაც გაგვიმასპინძლდა

აი, კიდევ ერთი მენიუ (ისევ და ისევ პატიებას ვთხოვ სწავლულებს): შემწვარი წიწილი ბროწეულის წვენში, შემწვარი გოჭი, შებოლილი ტახის ლორი, ყველიანი პური, ნაცარში მაგრად მოხარშული კვერცხები გაფცქვნილი და მარილმოყრილი, სხვადასხვა სახის ყველი, ვაშლი, საუკეთესო ღვინო.

ასკანის ციხე / Askana Fortress

გლეხის კარმიდამო დასავლეთ საქართველოში
შეკვეთილის წმინდა ნიკოლოზის სახელობის პორტი / Shekvetili

ოზურგეთის ხედი ექადიიდან. ჩანახატზე ჩანს მდინარე ბჟუჟი, სერი და მამია V გურიელის სასახლე / Ozurgeti
გურიელი ერისთავების სასახლე / Gora-berezhouli


Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა