Skip to main content

ვარლამ ვაშალომიძე

ვ. ჭანუყვაძე, „ლენინის დროშა“ N41 , 1961 წ გვ. 3

მშრომელი, მომღერალი

გურული ხალხური სიმღერების ოსტატები

მთისპირელი ვაშალომიძეების ოჯახში ყველა მღეროდა. ბინდი რომ ჩამოწვებოდა და ნაშრომ-ნაჯაფნი ქოხს დაუბრუნდებოდნენ, არტემი ცოლ-შვილს შემოიკრებდა და სიმღერას დასძახებდა. მღეროდნენ მხირულსა და ლირიულს, ნაზსა და მჭექარეს, საყვარელ სიმღერებს, მუსიკალურ ბგერებში ათავსებდნენ დარდსაც და სიხარულსაც. 

ვარლამი პატარა იყო. მამა ზოგჯერ მასაც მიუბრუნდებოდა და ეტყოდა
- აბა ერთი წამოუწყე!

და ბიჭიც თავისებურად წაფავდა ხმას, ცდილობდა დაუფლებოდა ხალხურ კილოს. მას პატარაობიდანვე უყვარდა სიმღერა და მაინც მომღერლის მაგივრად თორმეტი წლისა მჭედელს მიაბარეს შეგირდად. უჭირდა მძიმე უროს გრდემლზე რახუნი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ღარიბ ოჯახს შემხიდე სჭირდებოდა. 

სამჭედლო თემის დუქანთან ახლოს იდგა და ვარლამს ხშირად ესმოდა, როგორ ავარჯიშებდა გურული სიმღერების ცნობილი მთქმელი სამუელ ჩავლეშვილი თავის მოწაფეებს. ვარლამს განსაკუთრებით უყვარდა ის დღეები. ოსტატიდან ნებართვას აიღებდა და დუქნის კარებს მიუახლოვდებოდა. ისმენდა და ისმენდა, მერე კი კვლავ სამჭედლოს დაუბრუნდებოდა და ჩაქუჩების ტაკატუკში იმეორებდა განაგონ სიმღერებს. დუქანი და სამჭედლო იყო მისი მუსიკალური სკოლა

***

ვარლამი სამჭედლოში, შრომაში დავაჟკაცდა. 1916 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, თითქოს დროებით უნდა შეეწყვიტა სიმღერა, მაგრამ აქაც გამონახა საშუალება, რამდენიმე ქართველს თავი მოუყარა და პატარა გუნდი შექმნა. მათ მიერ შესრულებული „მგზავრულის“ ხმაზე მთელი რაზი ფეხშეწყობილად მიაბიჯებდა.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ იგი კვლავ სამჭედლოს დაუბრუნდა, ამავე დროს სიმღერის სწავლებაც დაიწყო. ჰყავდა მოსწავლეთა და სოფლის ახალგაზრდობის გუნდები, რომლებიც ხშირად გამოდიოდნენ თემში  კონცერტების გასამართავად 1925 წელს იგი ამეცადინებს სასოფლო საბჭოს აღმასკომთან არსებულ გუნდს, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სადღესასწაულო პარადებში. 

მისთვის ყველაზე ნაყოფიერი იყო გურული სიმღერების ცნობილ მომღერალ და ლოტბარ ვარლამ სიმონიშვილთან გაცნობა. 1928 წელს სიმონიშვილმა იგი გურული სიმღერების სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში მიიწვია. ცნობილ მომღერალთან მეცადინეობით მან უფრო გაიღრმავა გურული სიმღერების ცოდნა. 

ეს გუნდი დიდი წარმატებით გამოვიდა 1934 წელს თბილისში გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადაზე და ერთ-ერთი პირველი ადგილი მოიპოვა. ეს ვარლამის, როგორც გუნდის წევრის, გამარჯვებაც იყო.

1937 წელი კი ყველაზე უფრო დაუვიწყარია მისთვის. ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში ვარლამ ვაშალომიძეც იღებდა მონაწილეობას. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა, რომელსაც კირილე პაჭკორია ხელმძღვანელობდა, მოსკოველი მაყურებლების სიყვარული და აღიარება დაიმსახურა. ანსამბლის წევრები იყვნენ კრემლში ბანკეტზე, სადაც გურულებმა, მათ შორის ვარლამმაც ი.ბ. სტალინს და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა მოღვაწეებს „სისონა დარჩია“, „ხელხვავი“ და „ხასანბეგურა“ მოასმენინეს. ამ წუთებს ვარლამი უდიდესი სიამოვნებით იგონებს. 

***

დღეს ვარლამ ვაშალომიძე ქ. მახარაძის კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი წევრია, ამავე დროს დიდი ხანია ხელმძღვანელობს მთისპირის სიმღერისა და ცეკვის გუნდს. მახარაძელ მაყურებლებს კარგად ემახსოვრებათ მთისპირელთა გამოსვლები სახალხო თეატრში, სარაიონო ოლიმპიადაზე, რომლებზედაც მათ მაღალი შეფასება მიიღეს. ეს ერთხელ კიდევ მეტყველებს იმაზე, რომ გუნდს სათავეში უდგას სიმღერების კარგი მცოდნე, უნარიანი ხელმძღვანელი. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ვარლამისგან გურულ სიმღერებს სწავლობს ბევრი ახალგაზრდა. 

ვარლამს ოჯახური გუნდიც ჰყავს, რომელიც რამდენჯერმე გამოსულა მაყურებელთა წინაშე და მოწონება დაუმსახურებია. გუნდის ყველა წევრი შრომას, ხალხის კეთილდღეობის საქმეს ემსახურება. თვით ოჯახის უფროსი კი კვლავ იმ ხელობაზე მუშაობს, რომლის შესწავლაც მან თორმეტი წლისამ დაიწყო.

ვარლამი, მართალია, უკვე სამოცდახუთი წლისაა, მაგრამ კვლავ ახალგაზრდული ენერგიითაა სავსე, ჩვენი სურვილია კიდევ დიდხანს იდგეს იგი ხელოვნების სამსახურში.


 ნ. ასათიანი, „ლენინის დროშა“ N64 , 1980 წ გვ.4

გურული სიმღერების ტრფიალი
 
ალბათ ქუჩაში მიმავალთა ყურადღება ხშირად მიუპყრია გურულ ნაციონალურ ტანსაცმელში მყოფი თეთრულვაშიანი მოხუცისთვის, რომელსაც თავზე ყაბალახი წაუკრავს...

ვარლამ ვაშალომიძე იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელზედაც იტყვიან: გურული სიმღერების ტრფიალიაო. და თუ ესოდენ ლამაზად აღინიშნა მისი დაბადების 85 წელი, ეს უპირველეს ყოვლისა იმის აღიარებაა, რაც მან ზიდა გურული ხალხური სიმღერების განვითარების ჭაპანი, ვარლამ სიმონიშვილის, ძმები ერქომაიშვილების, თუ სხვათა გზით.

რაიონული კულტურის სახლთან არსებული ძველი ქართული-ხალხური სიმღერების ჯგუფის ხელმძღვანელის, ვარლამ არტემის ძე ვაშალომიძის გზა კი ... დიდი იყო. იგი 1898 წელს დაიბადა სოფელ მთისპირში.

„-ჩემი ძმა მჭედლად იყო ასკანაში და დავიწყე მასთან მუშაობა მოწაფედ. სამჭედლოს ახლოს იდგა დუქანი, სადაც საღამოობით ასწავლიდა სიმღერას ცნობილი მომღერალი სამუელ ჩავლეშვილი. მე ფული არ მქონდა, რომ მივსულიყავი სამუელთან და მესწავლა. საღამოობით მივდიოდი დუქნის ქვეშ და რასაც ისინი სწავლოდნენ, დილას იმას სამჭედლოს საბერველთან ვმღეროდი“ - მომიყვა ბატონი ვარლამი - „ჩემი მშობლებიც მომღერლები იყვნენ. ექვსი წლის რომ ვიყავი, რამდენიმე გურული ხალხური სიმღერის შესრულება შემეძლო...“

1914 წელს მეფის არმიაში გაიწვიეს, სადაც 1917 წლამდე დაჰყო. სიმღერის სიყვარულმა აქაც შეაქმნევინა რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ამღერებდა სამწყობრო სიმღერებს და სხვა გურულ ხალხურ სიმღერებსაც. მეფის არმიიდან დაბრუნების შემდეგ ისევ ძმასთან განაგრძო მუშაობა სამჭედლოში. 1931 წელს კი სოფელ მთისპირის საკოლმეურნეო სამჭედლოში გადაინაცვლა.

„-ჩემს ოჯახს ჰყავდა გუნდი, რომელშიც იყვნენ დედა, მამა, ერთი ძმა და ორი და. სულ ექვსნი ვიყავით და შეგვეძლო კარგად შეგვესრულებინა გურული ხალხური სიმღერები. ოჯახში გვქონდა ჩონგური, ქართული გარმონი, დაირა და ამით ვართობდით ჩვენს კუთხე მეზობლებს და ჩვენს სოფელს“ - იგონებს ვარლამი.

1926 წლიდან ვ. .ვაშალომიძე ვარლამ სიმონიშვილის სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდის წევრი გახდა.

„-იცი ბიძი, რა არის სიმღერის სიყვარული?“ - ახლა მე შემეკითხა ვარლამი - „ღამე მთისპირიდან ხელსანთლით ჩავსულვარ ფეხით ოზურგეთში ღონისძიებაში მონაწილების მისაღებად. ჩემი ინტერესი არასოდეს არ ყოფილა ხელფასისადმი, არამედ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, არ დაკარგულიყო ძველი მამაპაპური სიმღერები"

1937 წელს ვარლამი მოსკოვის დეკადის მონაწილე გახდა. რაიონიდან მარტო ის მიიწვიეს თბილისში, როგოც გურული ხალხური სიმრერების დამწყები.

იგი 1934 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სოფელ მთისპირის საკოლმეურნეო გუნდს...

1962 წელს რაიონულ კულტურის სახლთან შეიქმნა ძველი გურული სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფი, რომელსაც ვარლამ ვაშალომიძე ჩაუდგა სათავეში. მონაწილეობდნენ მეგობრობის ზეიმში უკრაინასა და ლატვიის სსრ-ში... მთავარი კი აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში იყო ძველი გურული ხალხური სიმღერების აღდგენა-დამუშავება და კულტურის სახლში გურული ხალხური სიმღერების პატრიარქის ვლადიმერ ერქომაიშვილის გვერდით მისი ჯგუფიც შრომობდა ამ მიზნით...

...შემდეგ ჯგუფს გამოაკლდა უნიჭიერესი გურული ხალხური სიმღერების შემსრულებლები გიტო აროშიძე, შერმადინ ჭკუასელი და დომენტი ქარჩავა...და მათმა „ზარმა“ უკანასკნელი გზა დაულოცა გარდაცვლილთ

მამა-პაპური ტრადიცია არ დაურღვევია ოჯახში. 1950 წელს შექმნა ოჯახის წევრებისაგან შემდგარი გუნდი, რომელმაც მრავალგზის მიიღო მონაწილეობა რაიონულ ღონისძიებებში. მაან დაამუშავა რამდენიმე გურული ხალხური სიმღერა და ახლა ხშირად გაიგონებთ რესპუბლიკური რადიოთი „უსტები მყავდა ზიარი“, „სიმღერა სიხარულზე“, „მასპინძელსა მხიარულსა“, „შუადღის ზარმლის ნადურს“ და სხვ.

ამიტომაც იყო, რომ რესპუბლიკის ხალხური შემოქმედების სახლმა, რაიონის კულტურის განყოფილებამ, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ საზოგადოებასთან ერთად ხალხური სიმღერების ამაგდარს საკუთარ სოფელში აღუნიშნა დამსახურებული იუბილე.

 

Comments

Popular posts from this blog

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა