ოზურგეთში ძეგლები გასაბჭოებამდე არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ცნობა არ მოიპოვება ამის შესახებ. ქალაქში ძეგლების აღმართვა პირველად სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო.
ძეგლების ფუნქცია იდეოლოგიური იყო. 1918 წლიდან რუსეთში ხორციელდებოდა მონუმენტური პროპაგანდის ლენინის გეგმა, რომელიც გულისხმობდა ბოლშევიკური იდეების გავრცელებას და რევოლუციის პროპაგანდას მონუმენტური ხელოვნების მეშვეობით. გეგმის თანახმად ხსნიდნენ მეფეებისა და მათი მსახურების ძეგლებს და მათ ნაცვლად ცნობილი რევოლუციონერი მოღვაწეების და მოვლენების მონუმენტებს დგამდნენ.
შესაბამისად, ოზურგეთშიც ძეგლების დანიშნულება საქალაქო სივრცეში საბჭოთა იდეოლოგიის ვიზუალიზაცია იყო.
უკვე მახარაძედ ქცეულ ოზურგეთში პირველი ძეგლები 1930-იან წლებში გაჩნდა. ეს ძეგლები ახალი იდეოლოგიის სამი ცენტრალური ფიგურის ლენინის, სტალინის და მახარაძისა იყო. (მახარაძის დაყენება ლენინის და სტალინის გვერდით მისი მშობლიური მხარის ქალაქში გასაკვირი არ უნდა იყოს). მათი ძეგლები ქალაქის ბაღებში იდგა.
სტალინის ძეგლი, 1937 წ. |
მახარაძის ძეგლი, 1946 წ. |
მარცხნივ, სიღრმეში ჩანს ლენინის ძეგლი, რომელიც 1937 წ. დაიდგა |
უფრო მრავლად იდგმებოდა ბიუსტები: ლენინის ბაღში - ბერიას ბიუსტი, ქალაქის ბაღში - სტალინის ბიუსტი (1941). 1955 წელს ქალაქს შეემატა ფილიპე მახარაძის თეთრი მარმარილოს ქვის ბიუსტი, რომელიც 1928 წელს იაკობ ნიკოლაძემ შექმნა. ქალაქს ბიუსტი საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრომ გადასცა და ის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდა. („ლენინის დროშა“ 21 აგვისტო 1955, N100, გვ. 1). 1956 წელს პირველი სკოლის 110 წლისთავთან დაკავშირებით სკოლის ეზოში გაიხსნა ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი. ნინოშვილი საბჭოთა მახარაძეში პოპულარული ფიგურა იყო, მისი წარმოჩენა ხდებოდა, როგორც ბოლშევიკური, მუშურ-გლეხური იდეოლოგიის ერთ-ერთი ადგილობრივი მამისა. ნინოშვილის მეორე ბიუსტიც იდგა ქალაქში, მისივე სახელობის ბაღში, თეატრის გვერდით.
ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი, 1959 წ. |
1950-იან წლებში იწყება ახალი, მონუმენტური ძეგლების აღმართვა უკვე არა ბაღებსა და ხეების ჩრდილებში, არამედ ქუჩებში, თვალსაჩინო ადგილებზე. მათთვის სპეციალურად ეწყობა მოედნები. 1954-58 წლებში აიმართა ლენინის, სტალინისა და მახარაძის ძეგლები ქალაქის სამ მთავარ მოედანზე. ეს პროცესი, როგორც ჩანს, მახარაძეში ცალკე არ განვითარებულა, არამედ მთელს ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ნაწილი იყო. სწორედ 1956 წელს დაიდგა ლენინის ძეგლი თავისუფლების მოედანზე.
სტალინის ძეგლი ქალაქში მისი გარდაცვალების შემდეგ, 1954 წელს დაიდგა. ძეგლის დასადგმელად შემცირდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ბაღი, მოეწყო ასფალტირებული მოედანი, რომელსაც სტალინისვე სახელი ეწოდა. ძეგლი 1954 წლის 25 აპრილს გაიხსნა. (ავტორი საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შ. მიქატაძე, კვარცხლბეკის ავტორი არქიტექტორი ა. საბაშვილი.) ამასობაში მახარაძელებს პიროვნების კულტის დაგმობა მოუსწრო, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მათ 1958 წელს უკვე ნასაკირალში, ლამაზად გაფორმებულ გრანიტის კვარცხლბეკზე დაედგათ სტალინის ძეგლი, რომელსაც ამჯერად მამა-მარჩენალის და ხალხთა დიდი ბელადის ნაცვლად დიდი მარქსისტ-ლენინელი უწოდეს.
1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოს და მათ შორის მახარაძეს ეწვია. ხრუშჩოვს, სტალინის ძეგლი, ცხადია, არ დაახვედრეს. კვარცხლბეკი კი შედარებით დიდხანს შემორჩა ადგილს.
ქალაქში ჯერ კიდევ არ იყო ლენინის მონუმენტური ძეგლი. ამ შეცდომის გამოსწორება 1955 წლის აპრილში დაიწყო. კულტურის და დასვენების პარკის ტერიტორია დაახლოებით მესამედით შემცირდა და ლენინის სახელობის მოედანი მოეწყო. 1957 წლის 22 აპრილს გაიხსნა კურსების გრანიტის ქვით მოპირკეთებულ კვარცხლბეკზე მდგარი ბრინჯაოს ძეგლი (მოქანდაკე შ. მიქატაძე, არქიტექტორი ა. საბაშვილი).
1970-იანი წლები. ლენინის ძეგლის უკან ჩანს რაიკომის შენობის ახალი კორპუსის მშენებლობა |
1958 წლის 21 მარტს რკინიგზის სადგურის წინ მოედანზე გაიხსნა ფილიპე მახარაძის სამმეტრიანი ძეგლი, მისი დაბადებიდან 90 წლისთავის აღსანიშნავად. ამით შეიკრა ცენტრალური იდეოლოგიური სამკუთხედი და მოიხაზა ქალაქის ახალი, სოციალისტური ცენტრი: მარქსისა და ორჯონიკიძის ფართო ქუჩებით ერთმანეთთან დაკავშირებული სამი დიდი მოედანი ლენინის, სტალინისა და მახარაძის ძეგლებით.
ფილიპე მახარაძის ძეგლი რკინიგზის სადგურის წინ. მისი დემონტაჟი 1989 წელს განხორციელდა |
მაგრამ ეს ერთიანობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკვე 1961 წელს დაირღვა, ხოლო სტალინის ძეგლის ჩამნაცვლებელი ახალი ფიგურა კი კომუნისტურ იდეოლოგიურ ლანდშაფტზე აღარ გამოჩენილა. სხვა, ასეთი იდეოლოგიური ფუნქციის მქონე მონუმენტი მახარაძეში აღარ დადგმულა, თუ არ ჩავთვლით გაკირულზე, ფაქტობრივად, გარეუბანში დადგმულ ნესტორ კალანდარიშვილს ბიუსტს, რომელიც დაიდგა მისივე სახელობის, მისივე მშობლიური სოფლის, კვირიკეთისკენ მიმავალ ქუჩაზე. კალანდარიშვილი, რომელიც სინამდვილეში ანარქისტი იყო და არა ბოლშევიკი, ისევე „მიისაკუთრა“ საბჭოთა იდეოლოგიამ, როგორც ეგნატე ნინოშვილი. ალბათ ამის ბრალი იყო, რომ 1980-იანი წლების მიწურულის ეროვნულ ისტერიას ვერ გადაურჩა და მახარაძის (ჩამოაგდეს 1989 წელს) და ლენინის (ჩამოაგდეს 1990 წლის 22 მარტს) ძეგლებთან ერთად ისიც ჩამოაგდეს. მისი ძეგლი თამაზ კალანდარიშვილმა წაიღო და დადგა მისი სახლის წინ ზედა კვირიკეთში. თამაზ კალანდარიშვილის გარდაცვალების შემდეგ ძეგლიც დაიკარგა. ლენინის ორი და ფილიპე მახარაძის ბრინჯაოს ძეგლები ჩამოგდების შემდეგ ბჟუჟის სანაპიროზე იდო ჭალაში, შემდეგ ისინი „საქმოსნებმა“ თურქეთში გადაიტანეს და იმ პერიოდისთვის საკმაოდ კარგ თანხას გამოჰკრეს ხელი
დიადი სამეულის შემდეგი ტალღა სამამულო ომის გმირების „უკვდავყოფა“ იყო: 1967 წელს მიხეილ ჯაბუას პროექტით გაიხსნა დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი, 1979 წელს იქვე დაიდგა კონსტანტინე ლესელიძისა და პორფილე ჩანჩიბაძის ბიუსტები. იდეოლოგიური ბრძოლა ამ ბიუსტებსაც შეეხო. 2011 წელს, ე. წ. თავისუფლების ქარტიის მიღების შემდეგ საბჭოთა გენერლების მუზეუმის ირგვლივ განლაგებული ბიუსტები კვარცხლბეკებიდან აიღეს.
ნესტორ კალანდარიშვილის ძეგლი |
გმირთა მემორიალი ლესელიძისა და ჩანჩიბაძის ბიუსტებს შორის |
ძეგლებით იდეოლოგიის ვიზუალიზაცია ოზურგეთში ამით დასრულდა. ამის შემდეგ 1980-იან და 1990-იან წლებში მხოლოდ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების რამდენიმე მოკრძალებული ბიუსტი და ძეგლი დაიდგა: ალექსანდრე წუწუნავა (მოქ: ჯემალ მიმინოშვილი, ვასილ მჟავანაძე, არქ. ვალერი ბახტაძე, 1987), ფილიმონ ქორიძე (მოქ. ირაკლი რევაზიშვილი, არქ. გულღია სალუქვაძე, 21 მაისი, 1990), სიკო დოლიძე, ვიქტორ დოლიძე (1997), გიორგი სალუქვაძე (1997), ნოდარ დუმბაძე (1999), ექვთიმე თაყაიშვილის (მოქ. ვასილ მჟავანაძე 1999 წ,)
დღეს კი ოზურგეთი კვარცხლბეკების ქალაქად არის ქცეული. ძეგლები დამხობილია და კვარცხლბეკები ახალ კერპებს ელოდებიან.
Comments
Post a Comment