ბ. მესხი
საქართველოს მაგნეტიტის სამმართველოს დირექტორი
„ლენინის დროშა“, 13 ივლისი, 1946
მაგნეტიტის საბადოების შესწავლა დაწყებული იყო ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე, მაგრამ მას სათანადო შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განახლებულ იქნა გეოლოგიურ საძიებო სამუშაოები.
1941 წელს ნატანების უბნიდან გრიგორეთის უბნამდე გამორკვეულ იქნა ზღვის სანაპირო ზღვიდან 600 მეტრის მანძილზე, როგორც მაგნიტიტის საბადო.
1944-1945 წელი თითქმის საცდელ მუშაობას მოუნდა, ხოლო მიმდინარე წელში კი შედარებით მცირე მექანიზაციით - „გამამდიდრებელი“ ღარებით დავიწყეთ საექსპლოატაციო მუშაობა.
ახალი სტალინური ხუთწლიანი გეგმის განხორციელებით კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი სიმდიდრის მომცემი გახდება საქართველოს მაგნეტიტი.
ხუთწლედის მეორე წელს დავიწყებთ მუშათა ბინათმშენებლობას ათასი კაცისათვის. სადგურ ურეკში აგებულ იქნება ერთი ფართო ლიანდაგიანი შესახვევი, სადგურიდან ზღვის სანაპიროზე გავიყვანთ 12 კილომეტრის სიგრძის ვიწროლიანდაგიან რკინიგზას.
დავიწყეთ 300 ცხენისძალიანი ელექტრო სადგურის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსათვის დასრულდება. ავაგებთ დამტვირთავ სადგურ „ბუნკერებს“ 2000 ტონის ტევადობით, ხოლო მომავალ წელს დავიწყებთ „გამამდიდრებელი“ ფაბრიკის მშენებლობას („დრაგა“, „ზემლეკოსები“ და „ელექტროსეპარატორები“). მომავალ წელსვე ავაგებთ კლუბს, თეატრს და მოვაწყობთ პარკს, აგრეთვე აბანოს, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბრამდე დამთავრდება ფურნის მშენებლობა, რომელიც დღე-ღამეში ხუთ ტონა პურს გამოაცხობს. აგრეთვე ავაგებთ ახალ შენობას სასადილოსათვის.
მიმდინარე წლის ბოლოსათვის გათვალისწინებულია ჩატარდეს ზღვის გეოლოგიური საძიებო სამუშაოები.
ამჟამად მაგნეტიტის საბადოები დაყოფილია სამ უბნად - წვერმაღალას, ურეკის და გრიგოლეთის უბნებად.
ე. გურგენიძის, მ. ლომაძის ბრიგადები მაგნეტიტის ამოღების დღიურ დავალებებს 200-დან 300 პროცენტით ასრულებენ. ასევე გადამეტებით ასრულებენ ნორმებს ა. მირზაევი, ვ. ჩხარტიშვილი, ტ. ნიჩიპურენკო, დ. ხუსტარიოვა და სხვები.
წელს ჩვენ სახელმწიფოს 40 ათას ტონა „გამდიდრებულ“ მაგნეტიტს მივცემთ. მომავალ წელს ორჯერ მეტს, ხოლო ხუთწლედის ბოლოსათვის კი 200 ათასი ტონის რაოდენობით.
საქართველოს მაგნეტიტის საბადო კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი სამშობლოს ძლიერებას. მაგნეტიტის საწარმოოს მუშათა კოლექტივი პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და მომავალშიაც დაუღალავად იბრძოლებს იმისათვის, რათა გადაჭარბებით შევასრულოთ და განვახორციელოთ ახალი სტალინური ხუთწლიანი გეგმით ჩვენს წინაშე დასმული ამოცანები.
Comments
Post a Comment