გურის სამთავროს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ, 1840 წელს, შეიქმნა გურიის მაზრა (1846 წლიდან ეწოდა ოზურგეთის მაზრა) და ოზურგეთი გამოცხადდა სამაზრო ქალაქად, მაგრამ თვითმმართველობის უფლება მას არ მინიჭებია. მაზრა იმართებოდა საპოლიციო წესით, მაზრის უფროსის მიერ, რომელსაც ხელისუფლება ნიშნავდა. 1870 წელს მიღებულ იქნა საქალაქო დებულება, რომლითაც იმპერიის ზოგ ქალაქს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება მაგრამ ეს არ შეეხო ოზურგეთს. ოზურგეთმა თვითმმართველობის უფლება მიიღო 1896 წელს, როცა მოქმედებდა იმპერატორ ალექსანდრე მესამის მიერ შეცვლილი ახალი საქალაქო დებულება 1892 წლისა, რომელიც 1870 წლის დებულებასთან შედარებით, უფრო ავიწროვებდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას და უფრო ზღუდავდა თვითმმართველობის უფლებებს. საარჩევნო უფლება ჰქონდა ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომს, რომელიც ფლობდა 1500 მანეთის ღირებულების უძრავ ქონებას ან იყო I ან II გილდიის ვაჭარი. შეზღუდული იყო თვითმმართველობის კომპეტენციაც. არჩეულ პირებს ამტკიცებდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რო...